"ისე როგორც შენს სახლში არსად, არსად არ გძინავს ადამიანს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ისე როგორც შენს სახლში არსად, არსად არ გძინავს ადამიანს"

მებაღე, "გარდენია შევარდნაძის" მფლობელი, ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ზაფხული ამ ძველ, სხვა დროს საგულდაგულოდ ჩარაზულ, ოდა სახლებს ჩვენზე უფრო უხარიათ.
სამწუხაროდ ზაფხულში ვახერხებთ მხოლოდ, რომ ფართეთ გავაღოთ კარები, ფანჯრები, გავამზეუროთ და ავაფუმფულოთ ბებიას საბნები და ბალიშები, დუშაღზე გადმოვფინოთ ხალიჩები და გულიანად დავფერთხოთ. ვისტუმროთ და ვესტუმროთ მონატრებულ მეზობლებს, ნათესავებს.. მივიღოთ ის ყველაზე წრფელი ემოცია რასაც ადამიანი მხოლოდ თავის სახლში იღებს.
სახლიც თითქოს სულს ამოითქვამს და სხვანაირად აჭრიალდება, მეჩვენება ალბათ, მაგრამ მაინც მგონია რომ, ძველი კრამიტიც უფრო ბზინავს მზეზე ვიდრე ჩვენი ჩამოსვლის პირველ დღეებში.
სხვა შეუცვლელი ემოციების გარდა იმაშიც არ შემედავება ალბათ არცერთი თქვენგანი, რომ ისე როგორც შენს სახლში არსად, არსად არ ძინავს ადამიანს.
მინდა ყველას, ყველას ქონდეს საკუთარ სახლში თუნდაც ზაფხულში დაძინების და გაღვიძების ბედნიერება.
ჩემი ბებიას ოდას ოზურგეთში, ბახვში, ჩემმა მეგობარმა ზაქარია ჭელიძემ ჩამოუქროლა და "გადაართვა" ფოტო (როგორც ბებიაჩემი იტყოდა)"- წერს შევარდნაძე.

 

'.$TEXT['print'].'