საქართველოში უკვე 300 000 ოჯახია, რომელიც გაღატაკებულად ითვლება
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველოში უკვე 300 000 ოჯახია, რომელიც გაღატაკებულად ითვლება

ლარის დევალვაციისა და მასშტაბური გაუფასურების ფონზე მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. დღეს საქართველოში ხალხი ღარიბდება არა მარტო კრედიტის მომსახურების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ცხოვრება გაუსაძლისად ძვირდება. როგორც სტატისტიკოსები აღნიშნავენ, ყოველი 10%-იანი გაძვირება ნიშნავს, რომ დაახლოებით 70 000-მდე ოჯახს სიღარიბესთან პირდაპირი შეჯახების საფრთხე ექმნება. საქართველოში უკვე დაახლოებით 300 ათასი შინამეურნმეობაა, რომელიც გაღატაკებულად შეიძლება ჩავთვალოთ.

ფაქტია, რომ მოსახლეობის გაღარიბების პროცესი დაწყებულია და ლარის დევალვაციის პირობებში კიდევ მეტად გაგრძელდება. მუდმივად დაღმავალი კურსი, სამწუხაროდ, მოსახლეობის გაღარიბების წინაპირობად იქცა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიურად რამდენიმე პუნქტით უფასურდება. ბოლო 3 კვირაა, რაც სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსი 2,90-ს სტაბილურად აჭარბებს. უკვე საუბარია კომუნალური გადასახადების შესაძლო ზრდაზეც, რასთანაც გასამკლავებლად მოსახლეობის უმრავლესობას, უბრალოდ, ძალა არ ეყოფა.

"როდესაც ფასი იზრდება 10%-ით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღარიბთა კონტინგენტის ზრდა დაახლოებით 7%-ით, რაც საქართველოსთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ყოველი 10%-ით გაძვირება ნიშნავს, რომ ჩვენთან 50-დან 70 ათასამდე ოჯახს ექმნება უკვე სიღარიბესთან პირდაპირი შეჯახების საფრთხე.

აქ სხვა მომენტიცაა - რას ავიღებთ სიღარიბის კრიტერიუმად. ჩვენი სტანდარტით, გაღატეკებული შეიძლება იყოს 300 000 ოჯახი, მაგრამ ევროპული სტანდარტით ბევრად მაღალ მაჩვენებელს მივიღებთ. კიდევ მეტი მობილიზაცია და ძალისხმევა გვინდა, რათა არა მარტო სტატისტიკურ ციფრებში გვქონდეს წინსვლა, არამედ თითოეული ოჯახი ვითარების გაუმჯობესებას საუკუთარ კეთილდღეობაზე გრძნობდეს", - ამბობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. 

სპეციალისტების შეფასებით, და ვითარების გაუმჯობესების პერსპექტივა ჯერჯერობით არათუ არ ჩანს, ვითარება შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებების გარეშე ვითარება ვერ გამოსწორდება.

,,ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა და ხალხს ფული პურის ხარჯის გასაწევადაც არ ჰყოფნის. მთავრობამ უნდა გაატაროს შესაბამისი სისტემური ცვლილებები. საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც მხოლოდ ბანკირები უნდა ცხოვრობდნენ კარგად. ამ ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი, რომ მოსახლეობის 8% კი არ იყოს ზემდიდარი, არამედ საშუალო ფენა ჩამოყალიბდეს, რომელიც უნდა იყოს ჯანსაღი წარმმართევლი ძალა.

მისი თქმით, ქვეყანაში სიღარიბე მძვინვარებს და რეალურად არაფერი ხდება ამ პროცესის მოსათოკად. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთავრობის რიგმა მინისტრებმა არ იციან თუ რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში. "მომდევნო წლიდან კიდევ დამძიმდება ვითარება. ძალიან მძიმე პერსპექტივა გველოდება. ნახევარ წელიწადში მშიერი გაზაფხული დაიწყება და საქართველოს მოსახლეობა უმძიმესად იგრძნობს სიდუხჭირეს.

ხალხი არსებობისთვის იბრძვის და ბევრი ოჯახი შიმშილს ვერ ამარცხებს. ჩვენი მოსახლეობის 80% სიღარიბეში ცხოვრობს. სესხით აღებული თანხით ცდილობენ თავის გადარჩენას. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, როცა ადგილობრივი პროდუქტის მარაგი ამოიწურება, ამით უამრავ ოჯახს შეექმნება პრობლემა", - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

გაზეთი "რეზონანსი"

'.$TEXT['print'].'