"მე როდის ვთქვი ქალბატონო რომ ქვეყანა აყვავებულია"?-გია ვოლსკი ოზურგეთელ პედაგოგს
ავტორი: გურიის მოამბე
"მე როდის ვთქვი ქალბატონო რომ ქვეყანა აყვავებულია"?-გია ვოლსკი ოზურგეთელ პედაგოგს

გუშინ სოფელ ნატანებში მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

როგორც "გურიის მოამბეს" შეხვედრის მონაწილეებმა აცნობეს, ნატანებლებსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის საუბარს არც თუ ისე მშვიდ ვითარებაში ჩაუვლია და "ოცნების" მუშაობით უკმაყოფილო რამდენიმე ადგილობრივის განცხადებების შემდეგ, ოზურგეთის მაჟორიტარს შეხვედრის ნორმალურ ვითარებაში გაგრძელება ცოტათი გაძნელებია კიდეც:  

"სკოლის პედაგოგმა ჰკითხა გია ვოლსკის-"ბატონო გია, რომ ამბობთ, აყვავდა და აშენდა ქვეყანა, თუ შეიძლება, ამ აყვავებულ ქვეყანაში ჩვენს შვილებსაც რომ მიეხედოსო და შეაწყვეტინა საუბარი-"როდის ვთქვი ქალბატონო მე რომ ქვეყანა აყვავებულია? არასოდეს მე ეს არ მითქვამს, როდესმე გაგიგიათ ეს სიტყვები ჩემგანო"? კი მაგრამ, აგერ ბატონი არჩილი ეხლა მაგას არ ამბობსო?-მიუბრუნდა ეს ქალბატონი- "ეხლა სხვის ნათქვამზე პასუხს ვერ ვაგებ, მე ნამდვილად არასოდეს მსგავსი არ მითქვამს, პირიქით, დიდი პრობლემებია ქვეყანაში და გაჭირვება-სულ ამას ვიმეორებ"-ო. მერე ამ ქალმა სთხოვა-ობოლი სტუდენტებისთვის იქნება დახმარებები იყოს, გაიტანოთ იქნება პარლამენტში ეს საკითხი და კი ქალბატონო გავიტან, მაგრამ, ვერ შეგპირდებით რომ დაინიშნება დახმარებებიო, რომ დაგპირდეთ და ვერ შეგისრულოთ გეწყინებათ და ამიტომ არ გპირდებითო"-გვიყვება შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც კიდევ რამდენიმე დეტალს იხსენებს: 

"მოკლედ იტრაბახეს და იწონეს თავი ამათმა, მთავრობა მუშაობს ადგილობრივ დონეზეც და ცენტრალურ დონეზეცო. ხომ მოგაშორეთ ფაროსანაო? აგერ სკოლის ფანჯრები იცვლებაო, კანტორასაც გავარემონტებთო, სპორტ დარბაზსაცო, მანდარინის მოსავლის რეალიზაციაზე დაგეხმარებითო, თხილის მოსავალი წელს ხო უკეთესიაო? ფაროსანა აღარ გაწუხებთ და კიდევ ბევრ რამესგავაკეთებთ, რომ თქვენ შვება იგრძნოთო.  სამწუხაროა, უკვე რამდენი წელია ყანები არ იხვნება, არ ითესებაო და.... წამოხტა ამ დროს ერთი ჩვენი სოფლელი, ნაკაიძეა გვარად და

" რომ არ იხვნება, ჩვენ გვინდა ასეო? ძვირი ღირს დახვნაც, დათესვაც და ფასი არ აქვს არაფერს; არც მანდარინს, არც თხილს და არც სიმინდსო. რა გააკეთეთ ამდენი წლის მანძილზე, ყოლისფერს დაგვპირდით და რა ქენითო? წყალის გაყვანაც დაგვპირდით, გზა დაგვპირდით და რომელი გააკეთეთო?, თვითმფრინავიდან ნუკი უყურებთ ამ ქვეყანას, ჩამოით ძირში და აქ ნახეთ რა მდგომარეობააო"-არ ესიამოვნათ ასე შეპასუხება, მაგრამ, რაც აწუხს სოფელს იმაზე ხომ უნდა გველაპარაკა? ამისთვის ხომ დაგვიძახეს? 
ამ ნაკაიძეს ბევრი აჰყვა საუბარში სხვათა შორის და არჩილ თალაკვაძემ მერე-"კი ბატონო, თქვენი პრობლემები მნიშვნელოვანია ჩვენთვისო". არ მოეწონათ ხალხისგან მკაცრი ლაპარაკი, მაგრამ, საქმეს რომ გააკეთებენ და ხალხს გვერდით დაუდგებიან, არ მოუწევთ მაშინ ასეთების მოსმენა"-გვეუბნება ნატანებელი ქალბატონი. 

გუშინ, ნატანებში გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ფოტოებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
"გუშინ, ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. 

 ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელეს.
შეხვედრებზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს.

სოფლებში მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა"-ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი და ადგილობრივი ხელისუფლება. 

 

'.$TEXT['print'].'