„გომის მთაზე ხდება დიდი აღებ-მიცემობა, დიდი კორუფცია“-არმაზ ახვლედიანი
ავტორი: გურიის მოამბე
„გომის მთაზე ხდება დიდი აღებ-მიცემობა, დიდი კორუფცია“-არმაზ ახვლედიანი

 

 „მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ნება, ეს ქაოსი ოდნავ მაინც მოწესრიგდეს. უფრო მეტიც, დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი წახალისებულია მათი მხრიდან. გომისმთაზე ეს აღვირახსნილი უკანონობა არის ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური-პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის პირდაპირი გამოძახილი. წარმოგიდგენიათ, დღისით-მზისით სახელმწიფოს კუთვნილ მიწას იტაცებდეს ადამიანი და ამაზე არ რეაგირებდეს სახელმწიფოს წარმომადგენლები“-ეს განცხადება გუშინ ოზურგეთის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "ბახმაროსა და გომისმთის განვითარების და სამოქალაქო პასუ8ხისმგებლობის" საზოგადოების დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, არმაზ ახვლედიანმა გააკეთა.

"მე ახლა აქ პირდაპირ გომისმთიდან მოვდივარ და ჩემი მიზანია თქვენი დახმარებით შემოვკრა განგაშის ზარები რომ გადავარჩინოთ გომისმთა" -გვითხრა ახვლედიანმა იქ მყოფ ადგილობრივ ჟურნალისტებს და მოგვიწოდა აქტიურად ჩავერთოთ კურორტის გადარჩენის ღონისძიებებში.

 „ ასულობით უკანონო, უნებართვო მშენებლობაა წამოწყებული გომის მთაზე, იქაური ლანდშაფტის სრული დაზიანებით. მოთხრილია ფერდობები, მიწები. განადგურებულია იქაურობა. მე ვერ ვიცანი ჩემთვის უსაყვარლესი გომისმთა.

ვინ მოასწრებს, ვინ დაიტაცებს, ამ ტემპებით ვითარდება იქ სიტუაცია. აქ არის დიდი აღებ-მიცემობა. დიდი კორუფცია. არც პროკურატურის არავის დასკვნა მე არ მჭირდება ამის სათქმელად, რაზეც სრულად ვაგებ პასუხს. ალბათ, სწორედ ამიტომ არის ხელისუფლებისთვის ეს მდგომარეობა სასურველი, ანუ მათთვის ხელსაყრელი მღვრიე წყალი, საიდანა შესაძლებელია მეტი უკანონო შემოსავალი მიიღონ, მეტი ოქროს თევზი დაიჭირონ. ალბათ ეს უკანონო მშენებლები წახალისებულები არიან. როგორც ჩანს, ჩაფიქრებული აქვთ, რომ ეს უკანონობა დაუკანონონ ამ ხალხს.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას-ვიდრე არ შეიქმნება გომის მთის განვითარების გეგმა და კურორტს არ განესაზღვრება სტატუსი, დაუყონებლივ და სრულად შეწყდეს ეს პროცესი. ოზურგეთის შესაბამისი სამსახურები დღედაღამ უნდა იყვნენ იქ. უნდა აკონტროლონ ეს ქაოსი, შეაჩერონ ეს მშენებლობები. უნდა მოხდეს მათი გაჩერება და ამ ადგილების გასწორება. თქვენ ნახავთ ათასობით სხვადასხვა ზომის რკინის, პლასტმასის, ხის, ვისაც რა გააჩნია,  მასალებს. მონიშნულ ადგილებს და ეს არის სრული წარღვნა. ქვეყნის და ამ დიდებული  კუთხის წინაშე გამოუსწორებელი დანაშაული. თუ საქართველოს ხელისუფლება, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაუყონებლივ არ გამოიხედავს გომის მთისკენ და არ გააჩერებს ყველა უკანონო მშენებლობას, მაშინ ჩვენ გვექნება სრული პოლიტიკური და მორალური საფუძველი იმის თქმის, რომ ეს არის ღია კორუფციული გარიგების ფაქტები და ამ აღებ-მიცემობის გულგრილი და დანაშაულებრივი საქციელისთვის ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს, დღეს თუ არა ხვალ მაინც. მე ვაპირებ ამ თემაზე ყველას ხმა მივაწვდინო, რომ ხელი აიღონ ამ მარგალიტის, გომის მთის მიტაცებაზე“-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

გომის მთაზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ველოდებით მერიისა და საკრებულოს განმარტებებს, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან იქ მიმდინარე პროცესების მონიტორინგში და მათ პოზიციებს მიღებისთანავე გავავრცელებთ. 

 

 

'.$TEXT['print'].'