კურორტ გომისმთაზე უკანონო მშენებლობები შეჩერებულია-ოზურგეთის მერია
ავტორი: გურიის მოამბე
კურორტ გომისმთაზე უკანონო მშენებლობები შეჩერებულია-ოზურგეთის მერია

კურორტ გომისმთაზე უკანონო მშენებლობები შეჩერებულია-აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, უკვე აღწერილია 420 საცხოვრებელი სახლი და მიმდინარეობს დაბეტონებული საძირკვლების ამოღება: 

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიმდინარეობს სახლების აღწერა და ნუმერიაციის მინიჭება. ამ დროისთვის აღწერილია 420 საცხოვრებელი სახლი. პროცესში ასევე ჩართულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც პროცესის მონიტორინგს ახორციელებს. უკვე რამოდენიმე კვირაა მიმდინარეობს დაბეტონებული საძირკვლების ამოღება სპეცტექნიკის საშუალებით. გარდა ამისა, თვალსაჩინო ადგილებზე დამონტაჟდა გამაფრთხილებელი ბანერები, იმის შესახებ, რომ უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი პირები დაჯარიმდებიან " საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 131 მუხლის1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით 25 000 ლარის ოდენობით"-გვპასუხობენ მერიაში. 

ცნობისთვის, გომის მთაზე არსებულ ქაოტურ და უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, გუშინ, ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი "ბახმაროსა და გომისმთის განვითარების და სამოქალაქო პასუ8ხისმგებლობის" საზოგადოების დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, არმაზ ახვლედიანმა გამართა, სადაც აღნიშნა, რომ დიდი კორუფციული გარიგებების სანაცვლოდ, კურორტზე  მთლიანად  ნადგურდება უნიკალური ლანდშაფტი.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყონებლივ შეაჩეროს და აღკვეთოს მსგავსი მშნებლობები მანამ მაინც, სანამ კურორტის განვითარების გეგმა არ შემუშავდება: "ასულობით უკანონო, უნებართვო მშენებლობაა წამოწყებული გომის მთაზე, იქაური ლანდშაფტის სრული დაზიანებით. მოთხრილია ფერდობები, მიწები. განადგურებულია იქაურობა. მე ვერ ვიცანი ჩემთვის უსაყვარლესი გომისმთა.

ვინ მოასწრებს, ვინ დაიტაცებს, ამ ტემპებით ვითარდება იქ სიტუაცია. აქ არის დიდი აღებ-მიცემობა. დიდი კორუფცია. არც პროკურატურის არავის დასკვნა მე არ მჭირდება ამის სათქმელად, რაზეც სრულად ვაგებ პასუხს. ალბათ, სწორედ ამიტომ არის ხელისუფლებისთვის ეს მდგომარეობა სასურველი, ანუ მათთვის ხელსაყრელი მღვრიე წყალი, საიდანა შესაძლებელია მეტი უკანონო შემოსავალი მიიღონ, მეტი ოქროს თევზი დაიჭირონ. ალბათ ეს უკანონო მშენებლები წახალისებულები არიან. როგორც ჩანს, ჩაფიქრებული აქვთ, რომ ეს უკანონობა დაუკანონონ ამ ხალხს"-აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა. 


'.$TEXT['print'].'