"ორი ძროხის ამბავი"-გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის და ბიძინას დროს
ავტორი: გურიის მოამბე
"ორი ძროხის ამბავი"-გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის და ბიძინას დროს

"რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი საქართველოში დღეს არსებულ ვითარებაზე წერს და გასული წლების ისტორიასთან შედარებას "ორი ძროხის" ამბით ახდენს: 

"არის ერთი ცნობილი სახუმარო მინიატურა ორ ძროხაზე სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვანაირი ვარიანტით: ნაციზმის დროს 2 ძროხა გყავთ, სახელმწიფო გართმევს ორივეს, ხოლო თქვენ გხვრეტენ. სოციალიზმის დროს 2 ძროხა გყავთ, აქედან ერთს თქვენს მეზობელს აძლევთ. კომუნიზმის დროს სახელმწიფო გართმევთ ორივეს და სანაცვლოდ გაძლევთ ცოტა რძეს და ა. შ და ა. შ.

ჰოდა რომ დავფიქრდი როგორ იქნებოდა ამ ორი ძროხის ამბავი საქართველოში, მივხვდი, რომ აქ ერთი ვარიანტი არ გამოდის და ყველა ხელისუფლების დროს სხვადასხვაა. კერძოდ :

გამსახურდიას დროს: გყავთ 2 ძროხა, მაგრამ მათი არაქართული წარმომავლობის გამო ეჭვმიტანილი არიან კრემლის ბიოლოგიური ექსპერიმენტის შედეგად შექმნილობაში და პრობლემები გექმნებათ საძოვრებზე

სამხედრო საბჭოს დროს: 2 ძროხა კი გყავდათ, მაგრამ ერთი მხედრიონმა წაიყვანა და დაკლა, მეორე გვარდიამ. დახვრეტასაც გიპირებდნენ მესამე რატომ არა გყავსო, მაგრამ ბოლოს ცემით შემოიფარგლნენ

შევარდნაძის დროს: გყავდათ 2 ძროხა, მაგრამ რახან მთელი ბალახი საძოვრებიდან თურქეთში გაზიდეს გასაყიდად, მათ ნაცვლად ძლივს იშოვეთ თურქმენეთიდან შემოტანილი კუს ბაღლინჯოიანი ხელოვნური საკვები. შედეგად ერთი ძროხა დაავადდა და მოკვდა, მეორე კი ისე გაძვალტყავდა, არაფერს აღარ იწველებოდა და დვიჟოკში გაცვალე,

სააკაშვილის დროს: გყავს 2 ძროხა. შუაღამისას დაგეცნენ თავზე, გაგაქანეს ნოტარიუსთან და დაგაწერინეს განცხადება, რომ ჩუქნი მათ სახელმწიფოს, რის თაობაზეც პრეზიდენტი გამოდის ტელევიზიით და გაცხადებს შეგნებულ მოქალაქედ.. თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც ციხეში გსვამენ, რადგან დიდად ბედნიერი სახით არ უყურებდი პრეზიდენტის გამოსვლას და ეს კარგად ჩანდა რუსთავი-2-ის მიერ აღებულ კადრში.

ქართული ოცნების დროს: მთავრობა გეუბნება, რომ გყავს 2 ძროხა და მალე ფონდი "ქართუ" კიდევ ორს გაჩუქებს, მაგრამ სინამდვილეში არცერთი ძროხა არ გყავს, გყავს მხოლოდ ერთი თხა, რომელიც ქართუ-ბანკში გირაოდ გაქვს ჩადებული, უკმაყოფილების გამოხატვა კი გეთვლება ნაცების პროვოკაციად სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად.

აეგრე ვცხოვრობთ, მოკლედ.  გააგრძელე საქართველოს ისტორია"-წერს ზურაბიშვილი. 

'.$TEXT['print'].'