"ცოდვაა ხალხი რა, ძაან ცოდვაა"-მგზავრობა კიდევ გაძვირდება
ავტორი: გურიის მოამბე
"ცოდვაა ხალხი რა, ძაან ცოდვაა"-მგზავრობა კიდევ გაძვირდება

ლარის კურსის გაუფასურების გამო, შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასის გაზრდა გარდაუვალია. ამის მიზეზი კი იმპორტირებული საწვავია, რომლის ღირებულებაც ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად იზრდება. მაგალითად, პირველ ეტაპზე უკვე გაძვირდა მგზავრობა ოზურგეთი-თბილისის და ოზურგეთი-ქუთაისის მიმართულებით.

საუბარია, რომ გაიზრდება ფასი ბათუმისა და ურეკის მიმართულებითაც. 

რაც შეეხება სოფლების მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს, მძღოლები გვეუბნებიან, რომ დღეს არსებული ფასების შენარჩუნება გამორიცხულია, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი უბრალოდ მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ: 

"ადრე ხალხს თხილი ჰქონდა და მთელი ზაფხულის სეზონი, შემოდგომის ბოლომდე სულ გვყავდა მგზავრები. თხილს აბარებდნენ, ზამთრისთვის შესანახებს ყიდულობდნენ. ახლა არც შემოსავალი აქვთ, არც გზის ფული. აი, დავდივართ დღის განმავლობაში რამდენიმე რეისზე. ხან სამი-ოთხი კაცი თუ მიგვყავს, ძირითადად საღამოს არის მგზავრები, სამსახურებიდან რომ ბრუნდებიან. ჩვენ მგზავრი გვყავს თუ არა, საწვავი ხომ გვჭირდება? ძალიან გაძვირებულია ყველაფერი. ჩვენც ხომ გვყავს ოჯახები? მათაც ხომ უნდათ რჩენა? ცოდვაა ეს ხალხიც, მაგრამ, ჩვენ რა გავაკეთოთ"?-გვეუბნებიან მიკროავტობუსის მძღოლები, რომლებიც სოფლების მიმართულებით მოძრაობენ. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ ისედაც გაძვირებული ცხოვრების პირობებში, მგზავრობის საფასურის გაზრდა დამატებით ტვირთად დააწვებათ. 

'ძვირდება ყველაფერი დოლართან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ძნელია ეს გაძვირება. ყველაფერმა მოიმატა ფასები და ხელფასებმა მოიმატა? ხალხს ისედაც არა აქვთ სამსახურები. ძალიან მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. 

"არ უნდა გაძვირებულიყო. ისედაც გაჭირვებულია ხალხი და ესეც დააწვება მძიმედ. ცოდვაა ხალხი რა, ძაან ცოდვაა"

"პენსიას არ უმატებენ და რაით უნდა გადევიხადო მგზავრობის ფული? ახლა მე 2-3 კილომეტრი ფეხით მიწევს გავლა. აია მთავრობა? სინდისი-ნამუსი სადაა მითხარით ერთი?"

"ხალხი თუ არ იმოძრავებს რად უნდათ ეს მარშუტკები?"მითხარით ერთი"! -ამბობენ ადგილობრივები. 

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე დასტაბილურდა, ამას ასახვა ქართულ ბაზარზე არ ჰქონია, რადგან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით, 27 თეთრითაა გაუფსურებული და უკუპროცესი არ დაწყებულა. დამიამედებელ პროგნოზს ვერც მთავრობა და ეროვნული ბანკი აკეთებენ. 

ფასის მატება რომ გარდაუვალია, პირად საუბრებში კერძო მძღოლებიც და კომპანიებიც ადასტურებენ, საჯაროდ ამ პოზიციის დაფიქსირებას კი ნაწილი ერიდება, რადგან მოსახლოებას დაბალი გადახდისუნარუიანობა აქვს და ჯერ კიდევ თავს იკავებენ ხისტი ნაბიჯისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ფასი მომსახურებასა და ყველა პროდუქტზეც უკვე გაზრდილია, ტრანსპორტის გარდა.

'.$TEXT['print'].'