"მაშინ როდესაც სამთავრობო და სოციალური მედია წალეკილია სიძულვილითა და სისასტიკით"
ავტორი: გურიის მოამბე
"მაშინ როდესაც სამთავრობო და სოციალური მედია წალეკილია სიძულვილითა და სისასტიკით"

"ყველა მოაზროვნე, წესიერ ადამიანს, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა, ვულოცავ "მთავარი არხის", ყველაზე მძლავრი ოპოზიციური მედიის ამუშავებას სრული ტოტალიტარიზმის პირობებში; მაშინ, როდესაც ე.წ. პრემიერ მინისტრი პარლამენტში გამოსვლისას საჯაროდ, მთელი ქვეყნის გასაგონად აცხადებს რომ მისი ამოცანა მილიონიანი ოპოზიციური სპექტრის პირწმინდად განადგურებაა, როგორც პოლიტიკურად, ასევე ფიზიკურად. მაშინ როდესაც სამთავრობო და სოციალური მედია წალეკილია სიძულვილით, სისასტიკით და განსხვავებულად მოაზროვნეთა ფიზიკური ანგარიშსწორების მოთხოვნითა და წაქეზებით.

ამ პირობებში "მთავარი არხის" ამუშავება სამოქალაქო გმირობაა. 20 ივნისიდან დაიწყო საქართველოში მოქალაქეობის გაკვეთილები საჯაროდ. იყო შეცდომებიც, გაურკვევლობებიც, დაბნეულობაც, მაგრამ იყო მთავარიც, ზეპარტიული სოლიდარობა საქართველოს უზენაესი სახელმწიფო ინტერესების მიმართ. ერთგვარად სიმბოლურიც იყო რომ "მთავარი არხი" 20 ივნისის მერე იწყებს დამოუკიდებელ, ზეპარტიულ მაუწყებლობას. ამ არხის გუნდმა დაამტკიცა რომ მათ შეუძლიათ ცდუნებებზე უარის თქმა, შიშისათვის თვალის გასწორება და ერთი იდეის გარშემო გაერთიანება.
ყველაზე დიდი შესაძლო შეცდომა, რაც დღეს პატიოსანმა ქართველმა მოქალაქემ შეიძლება დაუშვას, არის "სირცხვილიას" და "მთავარი არხის" სულისკვეთების კონკრეტულ პიროვნებებამდე დაყვანა და გაბითურება. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ ამჟამინდელი ფსევდოსახელმწიფო ძალოვანი და საიდუმლო სტრუქტურები საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ერთი პათოლოგი კაცთმოძულის შეკვეთით, რომელმაც იმ დონეზე გარყვნა სამოქალაქო აზროვნება, რომ პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეკლარირებული აგენტები დასვა კანონმდებლებად.
დროა ყველამ გაიაზროს რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო დესუვერენიზაციისა და გაქრობის საფრთხის წინ დგას და ყველა მოაზროვნე ადამიანის ეროვნული და სამოქალაქო ვალია გვერდით გადადოს ნებისმიერი სახის პირადი დაპირისპირება და ერთიანი ძალით მოითხოვოს ნორმალური, ჭეშმარიტი სახელმწიფო ინსტიტუტების დაფუძნება და მშენებლობა, სადაც ყოველგვარ ალტერნატიულ მოსაზრებას ექნება ადექვატური გამოხატვის საშუალება. ამასთან, კოლაბორაციონიზმი და აგენტურული საქმიანობა არავინ აურიოს ალტერნატიულ აზრში.
ვულოცავ "მთავარი არხის" გუნდს ეთერში გასვლას და იმედს ვიტოვებ რომ შეურყევლად გააგრძელებენ პრინციპებისადმი ერთგულებას. მოვა დღე და საქართველოს თითოეული პატიოსანი მოქალაქე იამაყებს საკუთარი მოუსყიდველობით და ქართული სახელმწიფოს გადამრჩენების რიგებში ყოფნით.
წილი ნაყარია!"

ამერიკაში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული.

'.$TEXT['print'].'