"ხალხი მშიერია, მშიერი! რა გააკეთა ამ მთავრობამ კაი"?!-ივანიშვილის ხელისუფლება და გურულების გასაჭირი
ავტორი: გურიის მოამბე
"ხალხი მშიერია, მშიერი! რა გააკეთა ამ მთავრობამ კაი"?!-ივანიშვილის ხელისუფლება და გურულების გასაჭირი

 

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე საზოგადოების წინაშე გამოჩნდა და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მთავარი აქცენტი მომავალ ერთ წელზე გააკეთა, რომელიც ივანიშვილს "სიტუაციის დასალაგებლად" სჭირდებოდა

"ერთ წელიწადში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებისგან ერთწლიანი ვადა მოითხოვა, რაც მისი გუნდის გაძლიერებისთვის იქნებოდა საკმარისი

მართალია, მას არც ერთხელ არ უხსენებია ის, რომ ამ ერთ წელს ხალხი საკუთარ თავზე იგრძნობდა და მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, თუმცა მისი დაპირება, რომ გუნდი გაძლიერდებოდა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მაინც უკეთესი ცხოვრების დასაწყისის წინაპირობად ჩათვალა და 2012 წლის შემდეგ, აგერ უკვე მეშვიდე წელსაც კიდევ ერთი დაპირების შესრულების მოლოდინი გაჩნდა

რას ელოდებოდა საზოგადოება ყოფილი პრემიერის დაპირებიდან და რა შეიცვალა ბოლო გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, ამ კითხვით ჩვენ რამდენიმე ადგილობრივის აზრი მოვისმინეთ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის შეფასებას, ვრცლად კი, მასალას ორშაბათს, ბეჭდვურ ვერსიაში შემოგთავაზებთ.

მაყვალა ჯანელიძე -  არესი და უარესი მდგომარეობაა ქვეყანაში. რეგიონში კიდე უფრო. ერთი თხილია  აქ და იმასაც არ ღებულობენ. კიდევ და კიდევ უარესობაა. წავიდა მთელი ახალგაზრდობა და იკარგებიან. თუ რაღაცა არ შეიცვალა, ცუდათაა რაიონში და საქართველოში   საქმე.  მე ვთხოვ ჩვენს უფროსობას,  ჩვენს პატრონს, ვინც რომ ახლაგაზრდები უნდა დაასაქმონ-ნუ დავკარგავთ ამ ჩვენს კარგ ერს სხვაგან. უკეთესობა ნამდვილად არ არის. ჩემი ოჯახის გამოისობიოთაც ვხედავ, რომ ყველას უჭირს. მე დავდივარ თურქეთში ვკრეფ ჩაის. გაჭირვებაა და ვცდილობ რომ ბავშვებს დავეხმარო.

ი.ტარაპაიძე - ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში ვარ. წამლის ყიდვის საშუალებაც არ მაქვს. მდგომარეობა გაურესდა. ბიძინას რაც უნდოდა კი აკეთებს იმას, რომ გაგვხადოს ისევე რუსეთის კოლონია. ამ ერთ წელიწადში მისი მიზნები კი  შეასრულა. რუსეთზე  მიბმა დაისახა მიზნად და აისრულა კიდეც. აბა მაგი ხალხისთვის არ ზრუნავდა, რომ მოვიდა მაგ მისიით მოვიდა, რომ გაენადგურებია საქართველო  და   მიაღწია კიდეც.

ტ.ბ. -მე იმედი არ მაქ აფერის. გაძნელდა ცხოვრება.

ეკა თავართქილაძე - უკეთესობა ნამდვილად არ არის. მარტო მე კი არა, უმრავლესობაც მაგას იტყვის. უარესობისკენ წავიდა ცხოვრება, დოლართან მიმართებაში. ყველაფერი გაძვირებულია. გლეხს არა აქ შემოსავალი და მშიერია. ეს პრობლემა მთავრობის ბრალია. მაგენს ყველაფერი შეუძლიათ, თუ მოინდომებენ, მაგრამ არ ინდომებენ. თავისთვის ინდომებენ, გლეხისთვის არა.

გ.ვ. - -მე ჩემთვის კი შევიქმნი უკეთეს  მდგომარეობას, მარა მთავრობას რაც შეეხება, ისინი  არ  ზრუნავს ხალხისთვის. სასიკეთო არაფერი მინახავს ჯერ გაეკეთებიონ, რაც სამწუხაროა. ივანიშვილმა ბოლო ერთი წელი  კი არა, რამდენი წელი გავიდა რაც სათავეშია  და რა გააკეთა. მასე მოგვატყუებს ყოველთვის. შემდეგ წელსაც მასე იტყვის.

ვაჟა რუხაძე - -ვერ ვხედავ მე ძვრებს უკეთესობისკენ. ორი სატკივარი მაქვს-სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა. ამათ მოსაგვარებლად არაფერი არაა გაკეთებული. ერთი მაინც რომ ასრულდეს-ტერიტორია რომ დავიბრუნოთ, მაინც სიხალვათეა. გადავა ხალხი, ივაჭრებს    და ამოითქვამს სულს. ხალხი აქეთაა შემოპრესილი და ეს უფრო უარესია. ტერიტორიის დაბრუნება კი, ძნელია. ბოლო ერთ წელიადში ჩვენი მდგომარეობა გაუარესდა. გაუფასურდა ფულიც. სათანაოდ გაძვირდა ყველაფერიც. უფრო მეტად უარესობისკენ ვართ. გაიქცა ფასები. დოლარია მოქმედი, ძირითადად, ევროებს რომ თავი დავანებოთ, დოლარი სად გაიქცა იცით თქვენც. ივანიშვილი ერთი წელი იყო პრემიერად, ახლა კულისებიდან მართავს.  2012 წელში მინდა კორექცია შევიტანო.  2012-დან   2017 წლამდე  გავიდა 5 წელი და  მაცალეთ არ არის დრო საკმარისიო.   გახარია და ესენი შეძლებენ, თუნდაც  ერთი პობლემის დაძლევას? მე ბოლო მოლოდინი დამრჩა-უნდა ვიფიქრო, რომ ოპტომისტურად ვიყო განწყობილი. უკვე კმარა, მეგონა ჩვენ გავედით პუტინიზაციიდან,  დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ.  მაგი კი იძახის არ შემდგარი სახელმწიფო ხართო. არ მომწონს, მაღიზიანებს „მცოცავები“. ამიტომ ხდება გადინებები და ჩვენთან მოდიან რუსები. პუტინი  ჩვენ ხელს გვიშლის. მინდა რომ ჩამოგვეხსნას. მას არა აქვს არაფერი, რომ დაგვეხმაროს და ამიტომ არჩევანს ვაკეთებ დასავლეთისკენ. ფაქტი სახეზე მაქვს.

გ.ვ. - უკეთესობისკენაა ახლა რამე შეცვლილი?! არ წასულა უკეთესობისაკენ არაფერი. რაც იყო იმაზე უარესადაა კიდევ უფრო. დაპირებები დარჩა დაპირებად და ხალხი კია მოტყუებული.

ს.კ. - 45 წელიწადია ვუცდი და არაფერი არ გაკეთებულა და აწი 20 წელწადი კიდო ვუცადო და კი წავალ იქით.

ქ.მ. - არაფერი არ გამოდის  მაინც. რაც ვთქვი გაკეთდა იმით რამე?! პატრონი არ გვყავს.

ტ.კ. - არის რამე შეცვლილი? არაფერი არ იცვლება ამ ქვეყანაში და არაფერი არ შეიცვლება. მანამ წავა  ეს მდგომარეობა, სანამ არ შეიცვლება  „შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე“ და არჩევნების გაყალბება-ჩაწყობა. მაგენი ერთმანეთს ჭამენ  და მერე ერთმანეთთან პურს ჭამენ.   ორივე  პარტია ერთია.  მე  გამოსავალს ვერ ვნახულობ.  ერთია, უნდა მოხდეს რევოლუცია, მარა ხალხიზა არ ვარგა მაი, ისე უნდა მოხდეს და მერე შეშინდება სხვაი და არ იზამენ მასე.

ლ.ვ.   - 75 წკის კაცი ვარ, თურქეთში ვიყავი თხილის საკრეფად. აქანე არაფერი  არ მაქ საარსებო და იქანე ორი კაპიკი გავაკეთე და ჩამოვედი.

მ.ფ. - ქვეყანას სჭირდება მაგარი ხელი. არეულობა ნამდვილად არ გვინდა, მაგრამ პატრონი ჭირდება ქვეყანას.

კ.ქ. - ხალხიც უაზროა დღეს და მთავრობაც, თეთრს და შავს რომ ვერ არჩევენ, იმიტოა ასე რომ ვართ. ამ ხალხს ვერ გამოასწორებ.

 ნანა გურგენაშვილი - ამოწყვეტილი ვნახე აი მთავრობა. რა გააკეთა  კაი? ორივე ერთნაირი ნაგავია. კაი გვინდა ვინმე, ნორმალური, რომ ხალხს მიხედონ, გლეხებს. ხალხი მშიერია, მშიერი. ნაგვის ყუთში ეძებენ საჭმელს.

 

'.$TEXT['print'].'