ოზურგეთის სასამართლომ აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები გააფრთხილა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის სასამართლომ აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები გააფრთხილა

ოზურგეთის სასამართლომ „გააღვიძე ოლიგარქის“ ანუ შეკვეთილში გამართული აქციის ხუთივე მონაწილე სამართალდამრღვევად მიიჩნია. მოსამართლე ბიძინა სტურუამ მათ სახდელის სახით გაფრთხილება მისცა. 

აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეების: ლაშა ადამიას, გია ხალვაშის, ანზორ გუბაევის, ხათუნა ბერიძისა და ბონდო თედორაძის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 26 ივლისს შეადგინა. ოქმში ეწერა, რომ აქციის მონაწილეები დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურობდნენ და ეს სპეციალური აპარატურით გაზომეს. სამართალდარღვევის ოქმს თან ახლდა ვიდეოჩანაწერებიც. 

საია ოზურგეთის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. 

,,ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფრთხეს,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი. ის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერესებს იცავდა. სასამართლოს დასაბუთება ჯერ უცნობია. ამ გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე ბიძინა სტურუა ოზურგეთის სასამართლოს თავმჯდომარეა.

„მთავრობის დადგენილება, რომელიც აწესებს შეზღუდვებს ხმაურთან მიმართებაში, არ ვრცელდება კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და მანიფესტაციის უფლებაზე, რითაც სარგებლობდნენ აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები… ასე შეიძლება ნებისმიერ აქციაზე გაზომონ ხმაურის დონე და იგი დადგენილ სტანდარტზე მაღალი აღმოჩნდეს,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. 

'.$TEXT['print'].'