პასუხს არ ველოდი, მინდოდა გაჟღერებულიყო- მაკო გომური გიორგი გახარიასგან უპასუხოდ დატოვებულ კითხვაზე
ავტორი: გურიის მოამბე
პასუხს არ ველოდი, მინდოდა გაჟღერებულიყო- მაკო გომური გიორგი გახარიასგან უპასუხოდ დატოვებულ კითხვაზე

მაკო გომური, რომელსაც 20 ივნისის ღამეს სპეცრაზემელის ტყვიამ თვალი დააკარგინა, ამბობს, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის დასმული მისი კითხვა უპასუხოდ დარჩებოდა. გომურთან ინტერვიუს რადიო თავისუფლება ავრცელებს.

"მინდოდა გაჟღერებულიყო ეს კითხვა, რომ არ ეგონოს ვინმეს, რომ ამ დღეს ვივიწყებ, ან ფეხებზე ვიკიდებ... დარწმუნებული ვიყავი, რომ პასუხს არ მივიღებდი იმიტომ, რომ ისეთი შეკითხვები იყო, ამაზე პასუხი ქაოსს გამოიწვევდა... მართლა მაინტერესებს, სად არის ის, ვინც მესროლა", — ამბობს გომური.

6 სექტემბერს, პარლამენტში გიორგი გახარიას პრემიერობის კანდიდატად მოსმენისას ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ წაიკითხა მაკო გომურის კითხვა:

"რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? თუ ის უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როდესაც პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს. და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს მართოს მთელი სისტემა? და კიდევ, გადაეცით, ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორც თვითონაა. გული".

გიორგი გახარიას თქმით, ეს არა კითხვა, არამედ შეფასება იყო, რაზეც მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას დასძინა:

"მე, როგორმე, მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს".

მაკო გომური ერთ-ერთია, რომელმაც 20-21 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. ამ დღეს დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

on.ge

'.$TEXT['print'].'