ივანიშვილი სერიოზულად შეაშფოთა რასმუსენის განცხადებამ და საერთოდ ამერიკელების გააქტიურებამ - ზურაბიშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
ივანიშვილი სერიოზულად შეაშფოთა რასმუსენის განცხადებამ და საერთოდ ამერიკელების გააქტიურებამ - ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი, რასმუსენის განცხადებას, სადაც საუბარი იყო საქართველოს ნატოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე გაწევრიანების შესახებ, სოციალური ქსელით გამოეხმაურა, მან შეაფასა ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.

"ბიძინას და ნატოს რაც შეეხება...

ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლება, ღიად არ იტყვის ნატოში შესვლა არ გვინდაო და არა იმიტომ, რომ დასავლური ცივილიზაციისა და კულტურის ტრფიალები არიან ან თუნდაც იმიტომ. რომ კონსტიტუციაში უწერიათ ნატოში ინტეგრაცია. უბრალოდ ივანიშვილს თავისი ფინანსური აქტივები ძირითადად დასავლეთის ბანკებში აქვს განთავსებული და აქედან გამომდინარე ის ერიდება ამერიკასთან ურთიერთობების ზედმეტად გამწვავებას. ამერიკელებს, როგორც ცნობილია, არ უყვართ გადამგდებები პოლიტიკაში და ცუდად რეაგირებენ ხოლმე ასეთ ფაქტებზე.

მაგრამ მეორეს მხრივ, უნდა ახლა ნატო ბიძინა ივანიშვილს? თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ მისი მიზანია შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდეს საქართველოში და რაც მოეხასიათება ის აკეთოს (ვფიქრობ ეს საკამათოც აღარაა), მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნატოს წევრ ქვეყანაში ასეთი რამ პრინციპულად შეუძლებელი იქნება. ეს კარგად ესმის ივანიშვილსაც და, შესაბამისად, ნატოში ინტეგრაციის პროცესს იგი აღიქვამს საკუთარი ძალაუფლების საფრთხედ.

ამიტომ ბიძინას პოლიტიკა ნატოსთან მიმართებაში არის ასეთი: დეკლარირებულად არ ვთქვათ უარი, მაგრამ არათუ არ ვიაქტიუროთ ამ მიმართულებით, არამედ ერთგვარი ტექნიკური საბოტაჟიც მოვახდინოთ ინტეგრაციის პროცესის. მოკლედ, არაფერი არ ვაკეთოთ და პარალელურად დავამკვიდროთ აზრი, რომ "ნატოში მაინც არ გვიღებენ," რომ "არ უნდა გავაჩინოთ არარეალური მოლოდინები", რომ "ჯობია ისევ რუსებს ველაპარაკოთ" და ა. შ.

ახლა კი, ვფიქრობ, ივანიშვილი სერიოზულად შეაშფოთა რასმუსენის განცხადებამ და საერთოდ ამერიკელების პოლიტიკურმა გააქტიურებამ ამ ბოლო დღეებში და თავისებურად, მისთვის ჩვეული მეთოდებით ცდილობს ამის განეიტრალებას. ამიტომაცაა რომ მაგალითად გია ვოლსკი ლაპარაკობს ისეთ სისულელეს, რასაც ჰქვია "აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე ნატოში მიღება". ამდენი კვალიფიკაცია მას კი აქვს, რომ იცოდეს რეალურად რას ნიშნავს რასმუსენის ნათქვამი და არანაირ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას რომ არავინ ითხოვს ჩვენგან, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთია დაკვეთა ზემოდან. იგივე კონტექსტშია ირმა ინაშვილის გმირული შეჭრა მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე. ეს პოლიტიკური ძალა რომ ფაქტობრივად ხელისუფლების რადიკალური ფრთაა და ბიძინას კი არ ებრძვის, არამედ ბიძინას პროდასავლურ ოპოზიციას, ასევე ცხადზე უცხადესია.

აი, ასეთი ამბებია ოფიციალურად წილხვედრში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ვერ ითვალისწინებს ერთ ამბავს: მსოფლიო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები არ არის მაფიოზა ბიზნესმენების რაზბორკები 90-იანების დასაწყისის რუსეთში. "ეტა ვამ ნე კალხოზ"! და ასეთი ანტისახელმწიფოებრივი თამაშები ამ ხელისუფლებასაც და პირადად ბიძინა ივანიშვილსაც ძალიან ძვირი დაუჯდება."- წერს ზურაბიშვილი.

'.$TEXT['print'].'