"ჩემი ამოცანაა, არ ვიყო დამოკიდებული ინვესტორზე- ვინ აფინანსებს "მთავარი არხს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ჩემი ამოცანაა, არ ვიყო დამოკიდებული ინვესტორზე- ვინ აფინანსებს "მთავარი არხს"

მხატვრული ფილმები, რომლებიც „მთავარ არხზე“ გადის, ლიცენზირებულია, - ამის შესახებ „ჰოთნიუსს“ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა. ცხადია, რეკორდულად მოკლე დროში - 19 დღეში „მთავარი არხის“ გუნდი ფილმების გახმოვანებას ვერ მოასწრებდა, ამიტომ უკვე გახმოვანებული და რაც მთავარია, ლიცენზირებული პროდუქცია შეიძინა.

„სერიალები იმიტომ არ გვაქვს, რომ გახმოვანებას დრო სჭირდება“, - განუცხადა „ჰოთნიუსს“ ნიკა გვარამიამ. 

„ჰოთნიუსი“ „მთავარი არხის“ ინვესტორებითაც დაინტერესდა. ნიკა გვარამიამ აგვიხსნა, რომ ტელევიზიას ინვესტორი ჰყავს და მის ვინაობას საზოგადოება მალე შეიტყობს:

„ძალიან მალე ვიტყვით ამასაც, როდესაც „მთავარ არხს“ ახალი პარტნიორებითა და დამფუძნებლებით დავარეგისტრირებთ. ჯერჯერობით, იმ ფულს ვხარჯავთ, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ბევრი ხარჯი ნამდვილად არაა, რადგან წინასწარი გადახდები ცოტაა. მაგალითად, ეს მხატვრული ფილმებიც იმიტომ ვიყიდეთ, რომ წინასწარ ძალიან ცოტა იყო გადასახადი. რა თქმა უნდა, ინვესტორი ძალიან მალე გვეყოლება, რომელსაც გამოვაცხადებთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ტელევიზია, რომელსაც არ აქვს შემოსავლები, რეკლამები, გაყიდვები, ის შევინახოთ. სამწუხაროდ, ამდენი ფული არ გვაქვს, მაგრამ ცხადია, ინვესტორი გვეყოლება“.

როგორც ნიკა გვარამიამ „ჰოთნიუსს“ განუმარტა, სარეკლამო შეთავაზებები მათ უკვე აქვთ:

„ცხადია, სარეკლამო შემოთავაზებები უკვე გვაქვს. პირდაპირ გეტყვით, ჩემი ამოცანაა, ძალიან მალე, არ ვიყო დამოკიდებული ინვესტორზე იმიტომ, რომ ფულის ჩარიცხვა კარგია, მარტივია, თან არ ნერვიულობ, მაგრამ რა თქმა უნდა, ფულის ჩამრიცხავს, შესაძლოა, რაღაც დროს, რაღაც ინტერესი გაუჩნდეს. რა თქმა უნდა, ასეთ ინტერესს სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, მე არ დავუშვებ, მაგრამ არ მინდა, რომ ასეთი პრობლემაც კი შეიქმნას, ამიტომ ჩემი ამოცანაა, ძალიან სწრაფად, ნულოვან ბალანსზე გავიდე“.

hotnews.ge

'.$TEXT['print'].'