"საქართველო თავდასხმის ქვეშაა“ - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გულახდილი პასუხი
ავტორი: გურიის მოამბე
"საქართველო თავდასხმის ქვეშაა“ - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გულახდილი პასუხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ერთობლივ ბრიფინგზე, „პრაიმტაიმის" შეკითხვას მედელინ მუნმა გულახდილი პასუხი გასცა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლება გაიზარდოს რუსეთიდან მომავალი საფრთხე და რამდენად ეფექტურია საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პასუხი ასეთია:

„მოდით ვიყოთ პირდაპირები. საქართველო თავდასხმის ქვეშაა, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფო. გამოძიება მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. თქვენ ნახეთ, რომ იყო მცდელობა რუსეთის მხრიდან ძირი გამოეთხარა საფრანგეთის არჩევნებისთვის. რუსული საფრთხე რეალურია და ის არსებობს. მთავრობებს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, თუმცა მოქალაქეებმაც თავისი ძალისხმევა უნდა გაიღონ. დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქე ვერ გაექცევა საკუთარ პასუხისმგებლობას. ძალიან მარტივია ფეისბუქ გვერდების და პოსტების დალაიქება. თუმცა კრიტიკული აზროვნება უნდა ჩართოთ და არა უბრალოდ აგრესია, რომ რაღაცის წინააღმდეგები ხართ. კარგად დააკვირდით, რა კეთდება თქვენს შესაცდენად, რადგან ზოგიერთი ქვეყანა ძალიან ჭკვიანია და ზუსტად იცის, როგორ მოახდინოს მანიპულირება იმაზე, თუ რისი სწამდეთ ადამიანებს,"- განაცხადა მედელინ მუნმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თავისი ამ სიტყვით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პასუხისმგებლობა საქართველოს რიგით მოქალაქეებსაც დააკისრა. მან მოუწოდა ქართველ ხალხს, კარგად გააანალიზონ რუსული პროპაგანდის ფარული გზავნილები და არ მოექცნენ გავლენის ქვეშ.

რუსული საფრთხის წინააღმდეგ მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობის შესახებ პოზიციას იზიარებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც:

„ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. საქართველო საკუთარ მომავალს ხედავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ამ პროცესში ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები და კონკრეტული მიღწევები. ეს არის ნიშანი იმის, რომ საქართველოში ძლიერდება დემოკრატია, საერთოდ ღირებულებები. როგორც გითხარით, მეტი პროგრესის და მიღწევების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, მეტი ძალისხმევა აქვს ჩვენს მოწინააღმდეგეებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ მოხდეს საქართველოს დემოკრატიის დისკრედიტაცია. ეს არის გამოწვევა ჩვენთვის. ჩვენ ვიმყოფებით რთულ რეგიონში, ეს გეოგრაფია არის მოცემულობა და ჩვენი პოლიტიკის დაგეგმვაში ის უნდა გავითვალისწინოთ. მე მჯერა, რომ ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად დგამს სწორ ნაბიჯებს, რომ ეს არჩევანი არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედელინ მუნი ნატოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა. ის ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სოფელ დიდ ხურვალეთში.

წყარო:"პრაიმტაიმი"

'.$TEXT['print'].'