კურორტ გომისმთაზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყეს (ფოტო)
ავტორი: გურიის მოამბე
კურორტ გომისმთაზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყეს (ფოტო)

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, დღეს ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სპეცტექნიკით იმ დაბეტონებული საძირკვლების ამოღება განხორციელდა, რამაც ბოლო თვეების განმავლობაში კურორტი გომისმთა ქაოტურად მოიცვა და უნიკალური კურორტის ლანდშაფტი განადგურების პირას მიიყვანა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 600-მდე სახლი უკვე აღწერილია, უკანონო მშენებლობის განმხორციელებელი პირები კი, სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან:

"კურორტ გომისმთაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობების შეჩერების მიზნით, სპეცტექნიკის საშუალებით, დაბეტონებული საძირკვლების ამოღება განახორციელა. ამავე სამსახურის მიერ პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სახლების აღწერა და ნუმერიაციის მინიჭება. ამ დროისთვის, აღწერილია 575 საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, თვალსაჩინო ადგილებზე დამონტაჟდა გამაფრთხილებელი ბანერები. უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი პირები დაჯარიმდებიან " საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 131 მუხლის1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით 25 000 ლარის ოდენობით".-გვითხრეს მერიის ზედამხედველობის სამსახურში. 

ინფორმაციისთვის, გომისმთის მთა-გორაკებზე, მდინარის ხეობაში თუ უშუალოდ კურორტზე რკინა-ბეტონის თუ ხის მოსანიშნების გაკეთება და უკანონო მშენებლობები რამდენიმე თვის წინ აქტიურად წამოიწყეს. 

ქაოტურად დაწყებული სახელმწიფო მიწების მიტაცების მცდელობაზე არა ერთი წერილი მომზადებულა და ხმაურიანი განცხადებებიც გაკეთებულა. 

"ასულობით უკანონო, უნებართვო მშენებლობა წამოწყებული გომის მთაზე, იქაური ლანდშაფტის სრული დაზიანებით. მოთხრილია ფერდობები, მიწები. განადგურებულია იქაურობა. მე ვერ ვიცანი ჩემთვის უსაყვარლესი გომისმთა"-ამის შესახებ "ბახმაროსა და გომისმთის განვითარების და სამოქალაქო პასუ8ხისმგებლობის" საზოგადოების დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, არმაზ ახვლედიანმა ოზურგეთში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

"ვინ მოასწრებს, ვინ დაიტაცებს, ამ ტემპებით ვითარდება იქ სიტუაცია. აქ არის დიდი აღებ-მიცემობა. დიდი კორუფცია. არც პროკურატურის არავის დასკვნა მე არ მჭირდება ამის სათქმელად, რაზეც სრულად ვაგებ პასუხს. ალბათ, სწორედ ამიტომ არის ხელისუფლებისთვის ეს მდგომარეობა სასურველი, ანუ მათთვის ხელსაყრელი მღვრიე წყალი, საიდანა შესაძლებელია მეტი უკანონო შემოსავალი მიიღონ, მეტი ოქროს თევზი დაიჭირონ. ალბათ ეს უკანონო მშენებლები წახალისებულები არიან. როგორც ჩანს, ჩაფიქრებული აქვთ, რომ ეს უკანონობა დაუკანონონ ამ ხალხს"-განაცხადა მაშინ ახვლედიანმა ადგილობრივი მედიისთვის სპეციალურად ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე.  

 

'.$TEXT['print'].'