სენსაციური ინფორმაცია: 6 ერში ახალ ქვეყანას იწვევენ?
ავტორი: გურიის მოამბე
სენსაციური ინფორმაცია: 6 ერში ახალ ქვეყანას იწვევენ?

ბრიტანულ პრესაში ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა: 6 ერის ხელმძღვანელობა ტურნირის გაფართოებაზე სერიოზულად დაფიქრდა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის კი სამწუხარო ის გახლავთ, რომ საუბარი საქართველოს ნაკრებზე არაა. ინფორმაციას შეგვიძლია, რომ სენსაციური დავარქვათ, რადგან 6 ერი ევროპული ტურნირია და ამჯერად, საუბარი საერთოდ იაპონიის ნაკრების დამატებაზეა.

მას შემდგომ, რაც იაპონიამ მსოფლიო თასს წარმატებით უმასპინძლა და ნაკრებმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა, პრესაში უმალ დაიწერა, რომ რაგბი ჩემპიონშიპი (4 ერი) იაპონიის და ასევე ფიჯის დამატებას უკვე სერიოზულად განიხილავდა, თანაც ამის გაკეთებაც რაც შეიძლება მოკლე დროში შეეცდებოდა "სანზაარი", თუმცა როგორც ჩანს, იაპონელთა დამატებით მხოლოდ 4 ერი არ ყოფილა დაინტერესებული.

როგორც ირკვევა, "მსოფლიო რაგბი" 6 ერის ევროპის საზღვრებიდან გაცდენის წინააღმდეგი არაა და პირიქით, ამის მომხრეც კი გახლავთ. არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 6 ერის ბოსებმა იაპონიის დამატების ინტერესი გამოხატეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მანძილი დაახლოებით 6000 მილია. 

რაგბი იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამ მსოფლიო თასის შემდგომ კი, გულშემატკივრების რიცხვი იზრდება და იზრდება. 

აქამდე, 6 ერის ევროპის მიღმა გავრცელებაზე საუბარი არასდროს ყოფილა. ბრიტანეთის კუნძულებს თამაში პირველად 1910 წელს გასცდა, როდესაც საფრანგეთი დაემატა და 5 ერად იქცა, 2000 წელს კი მათ რიცხვს იტალიაც შეემატა და მივიღეთ ახლანდელი ფორმატის ტურნირი. უკანასკნელ პერიოდში, საუბარი იყო საქართველოს ან რუსეთის დამატებაზე, სავარაუდოდ, იტალიის ხარჯზე, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური წინადადება კვლავ არ ყოფილა. 6 ერის ამჟამინდელი ცვლილების მომხრეა ინგლისური რაგბის ყოფილი ბოსი სერ კლაივ ვუდვარდიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ტურნირში აღზევება-დაქვეითების პლეი-ოფი უნდა არსებობდეს. 

უკვე ცნობილია, რომ ზაფხულის ტესტებზე ინგლისი იაპონიაში ჩავა და ორ შეხვედრა გამართავს მასპინძლის წინააღმდეგ, კობეში და იოტაში. ასევე ირკვევა, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში დაბრუნებას უელსიც გეგმავს. მოკლედ, 6 ერის ქვეყნებს იაპონია აშკარად მოეწონათ. 

ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ თებერვალ-მარტში, როდესაც 6 ერი ტარდება, ტაიფუნის სეზონი კარგად არის მოშორებული და გულშემატკივრებისთვის ჩასვლა უსაფრთხო იქნება. იაპონელ გულშემატკივრებისთვის კი, რომელთაც რაგბი უკვე ძალიან უყვართ, ეს ძალიან საინტერესო იქნება და ისინი ტრიბუნებს ყოველთვის გაავსებენ.

როგორც ვთქვით, "მსოფლიო რაგბიმ" იცის 6 ერის ამ ინტერესის შესახებ და ამის საწინააღმდეგო არ აქვს, თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს სხვა რამდენიმე ოპონენტი, რომლებიც იაპონიის 6 ერში გაწევრიანებას შეეწინააღმდეგებიან: 1) იაპონიის ბუნებრივი მდებარეობა რაგბი ჩემპიონშიპისთვის (4 ერი) არის შესაფერისი და ტრადიციონალისტებს 6 ერის ევროპის ფარგლებს გაცდენა არ მოეწონებათ; 2) რაგბი ჩემპიონშიპს თავადაც სურს იაპონიის ტურნირში ჩართვა; 3) გასათვალისწინებელია საქართველო და რაგბი ევროპის სხვა ქვეყნები, რომლებიც 6 ერს შანსს დიდი ხანია სთხოვენ და იაპონელთა დამატება მათში ძალიან დიდ პროტესტს გამოიწვევდა; 4) ევროპული საკლუბო ტოპ ჩემპიონატები ამის წინააღმდეგნი იქნებიან, რადგან ამით სანაკრებო მატჩების პერიოდი გაიზრდება, ხოლო მათ მოთამაშეებს შორეული ფრენები მოუწევთ.

მოკლედ, ამ ყველაფრის შესახებ, რაზეც აქ ვისაუბრეთ, ჯერჯერობით ოფიციალურად არსად თქმულა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ამ იდეებმა კულუარებში გაიჟღერა, ინფორმაციამაც უმალ გამოჟონა და მოხვდა კიდეც პრესის ფურცლებზე. 

https://myrugby.ge/

'.$TEXT['print'].'