"ეკლესიამ უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და გაემიჯნოს პოლიტიკას"- ხუხაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"ეკლესიამ უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და გაემიჯნოს პოლიტიკას"- ხუხაშვილი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ ანალიტიკოსს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

"არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას წინასაარჩევნოდ პოზიტიური, მეტ-ნაკლებად რეალიზებადი დღის წესრიგი არ აქვს. შესაძლოა, ამიტომაც შემოვიდა ასე მძლავრად ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეკლესიის თემა.

ახლა რაც ეკლესიასთან დაკავშირებით ხდება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკოსების შესრულებით ფარისევლების დოღი. ამას ემატება მართლმსაჯულების სრული დისკრედიტაცია. ფაქტობრივად, ნეგატივმა აბსოლუტურად გადაფარა პერსპექტივა.

ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში ინსტიტუციური პროცესია დარღვეული. ნორმალურ ქვეყნებში ეკლესია ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა ცხოვრობს თავისი დღის წესრიგით. მათი თანამშრომლობა იკვეთება მხოლოდ ისეთ საკითხებში, რაც სამოქალაქო ცხოვრებას ეხება. რადგან სასულიერო პირებიც და მრევლიც მოქალაქეები არიან.

მაგრამ, ჩვენთან ასე არ ხდება. სამწუხაროდ, პოლიტიკა დიდი ხანია მისულია ეკლესიაში. პოლიტიკა ცდილობს პარაზიტირებას ეკლესიაზე, როგორც ავტორიტეტულ ინსტიტუციაზე. არჩევნებიდან არჩევნებამდე ჩვენ ვხედავთ, რომ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ეკლესიას გადამწყვეტი როლი აქვს დაკისრებული და ისიც ამ ბრძოლაში მონაწილეობას იღებს.

განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ცდილობს ეკლესიაში მისვლას და ეკლესიის მიმართ თავისი მორჩილებისა თუ დამოკიდებულების დემონსტრირებას. გამომდინარე იქედან, რომ ეკლესიასთან მიმართებაში წითელი ხაზებია გადაკვეთილი, ეკლესიის მესვეურებსაც უჩნდებათ განცდა, რომ პოლიტიკოსებს აქვთ მათთან ვალდებულება და ისინიც ერევიან პოლიტიკაში.

ფაქტობრივად, ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთიობაში საქმე გვაქვს ინსტიტუციურ აღრევასთან. ასეთ ვითარებაში თავს იჩენს ის სერიოზული პრობლემები, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს როგორც ეკლესიაში, ისე ხელისუფლებაში. ვფიქრობ, რომ ეკლესიაში არსებული სკანდალების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა.

ცხადად ჩანს, რომ პოლიტიკა ძალიან ღრმად შეიჭრა ეკლესიის კულუარებში, ისევე როგორც ეკლესია პოლიტიკაში. პოლიტიკა ცდილობს ეკლესიის გაკონტროლებას, ხოლო ეკლესია თავის მხრივ ცდილობს პოლიტიკის გაკონტროლებას.

ეკლესიის მესვეურები ცდილობენ ამაში ხელისუფლებას გადაახდევინონ გარკვეული ხარკი.

ახლა ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეიძლება, ინსტიტუციური წესრიგის აღდგენაა. ანუ, ეკლესიამ უნდა მიხედოს ეკლესიის საქმეებს, ხოლო ხელისუფლებამ თავის საქმეს. მათ არ უნდა გადაკვეთონ ერთმანეთის საზღვრები არა თუ სახიფათოდ, არამედ არც არანაირად.

ეკლესიის გამოყენება პოლიტიკაში სერიოზულად აზიანებს სახელმწიფოს და აზიანებს ეკლესიას.

არა მგონია, რომ პოლიტიკოსები ეკლესიაში ხელის ფათურს თავს დაანებებენ, მაგრამ, იმ პრობლემებიდან გამომდინარე რაც ეკლესიას აქვს, მათ უნდა დაინახონ ეს პრობლემები და თავად გაემიჯნონ პოლიტიკას.

თუ ეკლესიას თავის გადარჩენა უნდა, მკაცრად უნდა გაემიჯნონ პოლიტიკური დღის წერიგს, უარი უნდა უთხრან პოლიტიკოსებს საარჩევნო თანამშრომლობასა და არჩევნებში ეკლესიის გამოყენებაზე.

ასე უნდა მოხდეს თუნდაც იმის გამო, რომ რელიგია არის მუდმივი ფასეულობა. ხელისუფლებები იცვლებიან რელიგია და ეკლესია კი მუდმივად იარსებებს. ისინი ასე იმის გამოც უნდა მოიქცნენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ეკლესიას შეიძლება გაუჩნდეს პრობლემები.

ეკლესიის მოვუწოდებდი იფიქრონ მომავალზე და არ ითანამშრომლონ პოლიტიკოსებთან. არჩევნებთან დაკავშირებით კი თავისი ნეიტრალიტეტი დააფიქსირონ. ქართული ეკლესია ბოლო დრომდე იყო ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ნდობასა და ავტორიტეტს ინარჩუნებდა და ერის მაკონსოლიდირებლის სიმბოლო იყო.

სამწუხაროა, რომ მის ამ როლსა და ფუნქციას სერიოზული ზიანი მიადგა და თუ ასე გაგრძელდა, ეკლესია დაკარგავს ერის მაკონსოლიდირებლის ფუნქციას. ამის უარყოფითი შედეგები მათ თავად უნდა ესმოდეთ.

შესაბამისად, ეკლეისიის გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი გახლავთ ის, რომ ეკლესიამ უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და გაემიჯნოს პოლიტიკოსებს, როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას.

ეკლესიას უნდა ესმოდეს, რომ მათი მრევლი სხვადასხვა შეხედულებების ხალხია, როგორც კი ისინი მრევლთან თავის პოლიტიკურ გემოვნებაზე იწყებენ საუბარს, ამით მრევლში მხოლოდ განხეთქილება შეაქვთ. ეს კი, როგორც წესი, ქვეყანას, სახელმწიფოს და ეკლესიას ბუმერანგივით უკან უბრუნდება."- განაცხადა ხუხაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

'.$TEXT['print'].'