ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გარდაიცვალა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გარდაიცვალა

დღეს ადრე დილით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 55 წლის ასაკში, მოულოდნელად, ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე 2006-10 წლებში, ლადო სურგულაძე გარდაიცვალა.

ლადო სურგულაძე ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან.

ადგილზე წლების განმავლობაში იყო "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" ერთ ერთი ლიდერი.

2003 წლის "ვარდების რევოლუციის" მონაწილე.

2004 - 12 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.

იყო ღირსების ორდენის კავალერი.

ლადო სურგულაძე ადგილობრივ ხელისუფლებაში, როგორც ჯერ გავლენიანი და შემდეგ ხელმძღვანელი პირი ფაქტობრივად 7 წელი (2003-10) იმყოფებოდა.

როგორც პოლიტიკოსს, მისი მოღვაწეობის პერიოდში, მას ბევრი უპირისპირდებოდა (სურგულაძე ადგილზე, წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა მმართველ სახელისუფლებო პარტიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") თუმცა, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე, ადგილობრივების პატივისცემას ის იმით იმსახურებდა, რომ "როგორიც მივიდა ხელისუფლებაში ისეთივე წამოვიდა იქედან". 

ლადო სურგულაძის ცხედარი დღეს დილით, ქალაქ ოზურგეთიდან, მშობლიურ სოფელ ჭანიეთში გადაასვენეს.

"გურიის მოამბე" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

'.$TEXT['print'].'