`ელესა ამერიკაში~
`ელესა ამერიკაში~

 ნაწილი პირველი

1978 წელს ოზურგეთის გაერთიანებული გუნდი თბილისში მხცოვანმა ლოტბარმა და უბადლო მომღერალმა ლადიკო ერქომაიშვილმა ჩამოიყვანა. მისი გუნდი ფესტივალზე ამჯერადაც საუკეთესო იყო. ლადიკო ბაბუა თბილისში ჩემს ბინაში ჩერდე­ბოდა, საღამოობით დავჯდებოდით და ვსაუბრობდით გურული სიმღერის ახლანდელ მდგომარეობაზე, მის ბედზე, ვსაუბრობდით ძველ მომღერლებზე. ლადიკო იშვიათი მოსაუბრე იყო, არაჩვეულებრივი მეხსიერების წყალობით მას ბევრი რამ ახსოვდა. არტემ ერქომაიშვილი უკვე ცოცხალი აღარ იყო და ჩემი დასაყრდენი გურულ სიმღერაში მისი უმცროსი ძმა - ლადიკო გახლდათ. მე მისგან ვიწერდი ნოტებზე იმ სიმღერებს, რომლის ჩაწერაც არტემ ბაბუას სიცოცხლეში ვერ მოვასწარი. ერთი სიამოვნება იყო ლადიკოსთან მუშაობა, მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, მისი ღუღუნა ხმა შესანიშნავად ჟღერდა. მე და ბადრი თოიძე გვერდით მივუჯდებოდით ლადიკო ბაბუას და მასთან ერთად ვმღეროდით ძველ გურულ სიმღერებს. ჯერ ხომ უბადლო ხმა ჰქონდა, მერე ისეთ ვარიანტებს შემოგვთავაზებდა, სიმღერის დროს ისე იმპროვიზირებდა, რომ ხანდახან ჩემი ხმა მავიწყდებოდა, მომენტალურად ვჩერდებოდი და მისი სიმღერით ვტკბებოდი.



...ლადიკოს ტკბილი სიმღერა ვისაც კი

მოუსმენია,

იტყვის, ბულბული თუ გალობს, ვარდზე

რომ დაუსვენია..."

წერდა - სერგო ჩხარტიშვილი.



მას შემდეგ აგერ 30 წელი გავიდა და ლადიკოს ხმა ახლაც მესმის. იგი უდავოდ ღმრთის მადლით მირონცხებული მომღერალი იყო.

- გურიაში ძველი მომღერლები ცოტანი დარჩნენ, ახალგაზრდები ნაკლებად არიან დაინტერესებული. გადავწყვიტე შევქმნა მამაკაცთა გუნდი და ახალგაზრდებს გალობა ვასწავლო. თუ ღმერთმა და-მაცალა ეს იქნება ჩემი უკანასკნელი ნამუშევარი, - თქვა ლადიკომ. მას ჩემი აზრი აინტერესებდა, მე რასაკვირველია იდეა მომეწონა და ვუთხარი, რომ ეს იქნება ერთ-ერთი დიდი საქმე, რაც კი ოდესმე გა­გი­კეთებია-მეთქი. რაიონებში არსებულ ქალთა და მა­მაკაცთა გაერთიანებული გუნდები, რომლებიც ძი­რითადად ოლიმპიადებისა და ფესტი­ვა-ლე­ბი-ს­თ­ვისაა შეკოწიწებული, ვერ ამართლებენ, დაიკარგა ის საუკეთესო საშემსრულებლო ტრადიციები, რო-მე­ლიც გიგო ერქომაიშვილის, სამუელ ჩავლეიშვილის, ვარლამ სიმონიშვილის, ალმასხან ხუხუნაიშვილის, ლადიმე ბერძენიშვილის და სხვათა გუნდებმა შე­ინარჩუნეს.
ელესა
ამ ბოლო წლებში გიორგი სალუქვაძის მიერ შექმნილი `ძველი გურული სიმღერების შე­მ­ს­წა­ვლელი სკოლა" უდაოდ დიდი საქმეა, რადგანიგი ლო­ტბარებს ამზადებს, სასურველია შეიქმნას მა-მაკაცთა გუნდიც, რომელიც პრაქტიკულად აღა­დ­გენდა ძველ საშემსრულებლო ტრადიციებს და მივიწყებულ სიმღერა-საგალობლებს. - ვუთხარი მე.

რამდენიმე თვის შემდეგ ოზურგეთში გახლდით. ლადიკო ბაბუამ მთხოვა ახალი გუნდის რეპეტიციაზე წავყოლოდი. ამ გუნდში გაერთიანებული იყვნენ, როგორც გამოცდილი მომღერლები: ვალერიან ბე­რიშვილი, ამირან თოიძე, სანდრო სურგულაძე, ალექ-სანდრე ჭანუყვაძე, რეზო რამიშვილი, ამირან ჩხა­რტიშვილი, გოდერძი გორდელაძე, ნოე ქათამიძე, კარლო ქუტიძე, ნოდარ გოგელია, ვახტანგ ცე­ცხლაძე და სხვები., ისე ახალგაზრდა მომღე­რლებიც: ანზორ ტუღუში, ტრისტან სიხარულიძე, რეზო მახარაძე, გელა ცელაძე, ვასო ცეცხლაძე, ამირან გოლიაძე, ჯემალ ჭელიძე და სხვ. ამ გუნდში ლადიკომ ცალკე გამოჰყო `ახალგაზრდა ლო-ტბართა ანსამბლი", რომელიც უმეტესად იმ ტრადიციულ საგალობლებს ასრულებდა, რომლებსაც დიდი ხანია აღარ გალობდნენ, საბჭოთა იდეოლოგია ხომ კრძალავდა სასულიერო საგალობლების შესრულებას.

მე განმაცვიფრა ამ გუნდის მაღალმა დონემ, განსაკუთრებით მომეწონა ახალგაზრდების მიერ შესრუ­ლებული ტრადიციული გურული საგალობლები.

რეპეტიციის შემდეგ დადგა გუნდის სახელწოდების საკითხი. პირველი სიმღერა, რომელიც მათ შე­სა­ნიშნავად შეასრულეს, იყო უძველესი გურული შ­რო­მის სიმღერა `ელესა", - იქნებ გუნდისთვის ამ სი­მღერის სახელი დაგვერქმია, - ვთქვი მე. გადაწყდა.

მალე `ელესა" პოპულარული გახდა, მას უკვე იწვევდნენ ფესტივალებზე, კონცერტებზე, რადიო და ტელეგადაცემებში.
ელესა
1981 წლის აპრილში თბილისში გაიმართა ლადიკო ერქომაიშვილის საიუბილეო საღამო, მას ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო. ლადიკოს პატივსაცემად მოვიდნენ ირაკლი აბაშიძე, გურამ ფანჯიკიძე, დოდო აბაშიძე, ბიძინა კვერნაძე, შოთა მილორავა, ჯანსუღ კახიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ თაქთაქიშვილი, რეზო ჭოხონელიძე, ფრიდონ სულაბერიძე, ჯანსუღ ღვინჯილია, სოკრატ სალუქ­ვაძე, ზურაბ ქაფიანიძე, შოთა მშვენიერაძე, თენგიზ არჩვაძე და სხვები. იუბილე გაიმართა თბი­ლისის პროფკავშირების სასახლეში, მონაწილეობდნენ: `ელესა", `რუსთავი" (სიმღერითა და ცეკვით), მამია ხატელიშვილის ანსამბლი, `მართვე" და სხვები. კონცერტი დადგა რეჟისორმა არჩილ ჩხარტიშვილმა.

იშვიათი სანახავი იყო 85 წლის ლადიკო იუბილარის სავარძელში, ბრგე, შავ ჩოხაში გამოწყობილი, მას აქეთ-იქიდან ეჯდა `რუსთავის" ორი ულამაზესი მოცეკვავე გოგონა. იუბილე გახსნა უხუცესმა მეცნიერმა გიორგი ჩიტაიამ. ლადიკოს მიესალმნენ მწერლები, პოეტები, მეცნიერები, მუსიკოსები, ერთმანეთს ცვლილდნენ ანსამბლები, იყო ნამდვილი საზეიმო განწყობილება. კონცერტის მშვენება იყო ლადიკოს დის - ანეტას შვილთაშვილი სამი წლის ირაკლი თოიძე, რომელმაც მამასთან და ბაბუასთან ერთად შეასრულა `მივალ გურიაში მარა".

1981 წელს ფირმა `მელოდიაში" `ელესამ" ფირფიტისათვის ჩაწერა სიმღერები. `მე რუსთველი"-ში ლადიკო ბაბუამ ბანი იმღერა. ეს ჩანაწერი ვისაც მოუსმენია, დამერწმუნება, რომ ლადიკო ერქო­მაიშვილის მიერ შესრულებული ბანი საუცხოოა, იგი სრულიად განსხვავებული ვარიანტია, სამწუხაროდ ეს სიმღერა აღმოჩნდა მისი ბოლო ფონოჩანაწერი.

ტელევიზიაში `ელესაზე" გადაცემა მზადდებოდა, დარბაზში ციოდა, ლადიკო გაცივდა, ამან გამოიწვია მისი ჯანმრთელობის გაუარესება. ბოლოს, როცა მძიმე ავადმყოფი იწვა თბილისის მე-9 საა­ვადმყოფოში, მოსკოვიდან მივიღეთ `ელესას" ფირფიტები. ლადიკო ბაბუას იგი საავადმყოფოში მივუტანე. ფირფიტა მშვენივრად იყო გაფორმებული.
ელესა
- რახან ამას მოვესწარი, აწი რაღა მომკლავსო, - თქვა მან, ფირფიტას აკოცა, გულში ჩაიკრა და მერე პროფესორ თომა ჯაფარიძესა და სხვა თავის მკურნალ ექიმებს აჩუქა ავტოგრაფებით. ლადიკო ერქომაიშვილი 1982 წლის მაისში გარდაიცვალა.

ლადიკოს გარდაცვალების შემდეგ `ელესას" ახალგაზრდა ლოტბარებმა: ამირან გოლიაძემ, გელა ცელაძემ, ანზორ ტუღუშმა, ჯემალ ჭელიძემ და სხვ. ჩამოაყალიბეს გუნდები სოფლებში, წარმოება-დაწე­სებულებებში, სკოლებში, მონაწილეობდნენ სხვა­დასხვა ღონისძიებებში.

`ელესას" ხანდაზმულმა წევრებმა ანსამბლის შე­მადგენლობა შეავსეს სხვა გამოცდილი მომღე­რ­ლებით და ხელმძღვანელად აირჩიეს შესანიშნავი მო­მღერალი და ლოტბარი, ლადიკოს დის შვილი ამირან თოიძე. მათ გააგრძელეს ძველი გურული სიმღერების შესწავლა-პოპულარიზაცია.

`ელესას" ხშირად იწვევდნენ კონცერტებში და ტელე-რადიო გადაცემებში. ჯანსუღ კახიძემ რამდენჯერმე მოიწვია `ელესა" თავის ფესტივალში - `შე­მო­­დგომის თბილისი". დიდი მაესტრო აღ­ფ-რთო--ვანებული იყო მათი სიმღერით. დასკვნით კონცე­რტზე, როცა ანსამბლს ამირან თოიძე დირი­ჟორობდა, ბა­ტონმა ჯანსუღმა მითხრა: - ამ კაცს, რომ შე­საფერისი მუსიკალური განათლება მიეღო, მსოფლიო მნიშვნელობის დირიჟორი გახდებოდაო". შემდეგ იგი სცენაზე ავიდა, ამირანს მოეხვია და `ელესას" საქებრად შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა.

მალე გამოვიდა `ელესას" მეორე ფირფიტა ახალი ჩანაწერებით, უკვე ამირან თოიძის ხე-ლ­მ-ძღვანელობით.

1988 წელს მოსკოვში ვიყავი მივლინებით `რუსთავის" გასტროლებთან დაკავშირებით. შევიარე საკავშირო კულტურის სამინისტროში, სადაც შე-მხვდა ჩემი ძველი ნაცნობი ანატოლი კარგინი. 1989 წელს აშშ-ში ტარდება დიდი ფოლკლორული ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოლიოს მრავალი ქვეყნის კოლექტივები. საქა­რთველოს გარეშე ეს ფესტივალი არ მინდა ჩატარდეს. იქნებ რომელიმე ანსამბლი შემომთავაზო, იგი უნდა იყოს ძლიერი, ძველი ტრადიციული სიმღერების შემსრულებელი, მხოლოდ ერთი პირობით, რომ დელეგაციის ხელმძღვანელი შენ იქნები, ვინაიდან გამოცდილი კაცი ხარ და ქართველ მომღერლებს არაფერს გაუჭირვებ. მე უყოყმანოდ შევთავაზე `ელესა". თბილისში დამატებით შეგვატყობინეს, რომ საჭირო იყო ეთნოგრაფიული მასალების, ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ფოტომასალის, ძველი კოსტუმების, და სხვა საინტერესო მასალების წამოღება, ვინაიდან იქ ეწყობოდა გამოფენა. ხალხი, რომელიც კონცერტებზე მოვიდოდა, ამ გამოფენას და­ათ-ვა-ლი-ერებდა. გარდა ამისა, აუცილებელი იყო ღვინის წა-მოღება. ყველაფერი ეს ოზურგეთში
ელესა
შევუკვეთეთ. ძიმითში მშვენიერი ურემი გა­გვი-კეთეს, ვანო გოლიაძემ ლამაზი აკვანი დაგვიმზადა, ქესკინა თოიძემ გოდორი და გიდელი დაწნა, ბ-ნმა ენვერ გოგუაძემ შესანიშნავი ფოტომასალა მოგვაწოდა მუზეუმიდან, რომელიც გადაბეჭდა და ჩარჩოეში ჩასვა ბ-ნმა ნარიმან ერქომაიშვილმა. წავიღეთ ჩაქურა, ყაბალახი, ნაბადი, ძველებური ფიშტო და ფილთა თოფი, ჩვენებური თოხი, წალდი, ღვინის თასები, ჯამები, ყანწები, კულა და ძველი დოქები, ჭარიკა, სუფრა დაბალი სამფეხა სკამებით და სხვა. ღვინო კახური ვამჯობინეთ. ჩვენებურ `იზაბელას" არ ვენდეთ. მაისის ბოლოს ეს ყველაფერი ჩავტვირთეთ თვითმფრინავში, რომელიც ჯერ მოსკოვში, მერე კი ვაშინგტონში გაიგზავნა.

ერთი თვის შემდეგ მოსკოვში გავემგზავრეთ, სადაც რეპეტიციებს გავდიოდით სხვა ანსამბლებთან ერთად. `ელესამ" თავიდანვე მიიქცია ყველას ყურადღება, საღამოს რესტორანში ვვახშმობდით. თუ ორკესტრი გაჩერდებოდა, სიმღერასაც კი შემო­ვძახებდით და კოტე ღელეყვას `კრიმანჭული" `დენ პობედისა" და `კალინკას" შემდეგ გულში ერჭობოდათ უნიჭო ესტრადის მომღერლებს.

ერთ დილას რეპეტიციაზე მივდიოდით. რო-ცა ავტობუსში ჩავჯექით ვალიკო ბე-რაშვილმა ყელზე მიიდო ხელი, ჩაახველა და - `ფუჩო, მგონი ხმა არ მაქო - თქვა. `ბიჯო სამუელ ჩავლეიშვილს არ ღირსებია საქა­რ­თველოს გარეთ გასვლა, შენ კიდომ ამერი­კაში მიყავხარ მთავრობას, სირცხვილი რომ გვაჭამო იცოდე, წალდი ქე მოგვაქვს აგერ, წაგჭრი თავს და გოუგზავნი ამერიკის პრეზიდენტს, `დაუყვავა" ვალიკოს ჭიჭიკო კეჭაყმაძემ. `ბერიკაცები" ნე­რვიულობდნენ. მე ერთი წუთით არ მშო­რდე-ბოდნენ, რაიმე ხათაბალას არ გადავეკიდოთ და არ დაგვტოვონო, მაინც დატოვეს კარლო ქუტიძე, რაღაც საბუთები სწორი არ არისო (კგბ შარს ვერ მოგდებდა თუ რა), თუმცა გვითხრეს, რამდენიმე დღეში გამოვაგზავნითო. მე მათ არ ვენდე და ანსამბლ `რუსთავის" დირექტორს ალეკო ლორთქი­ფანიძეს ვთხოვე ამ საქმის მოგვარება. მანაც იმარჯვა და ჩვენი კარლო რამდენიმე დღეში დაგვეწია ვაშინგტონში.
ელესა
მოსკოვში ყველაფერი კეთილად დამთავრდა და სსრ კავშირის დელეგაციასთან ერთად, 22 ივნისს 13-20 წუთზე მოსკოვის დროით ამერიკის ფირმა `პან-ამერიკის" თვითმფრინავით `ბოინგ 747" გავე­მგზავრეთ ნიუ-იორკში. ამერიკის გზას გაუყვა `ელესას" შემცირებული შემადგენლობაც, ვინაიდან თი­თოეული კაცის გაყვანა დიდ ხარჯებთან იყო

დაკავშირებული. ასე რომ ელესა ნიუ-იორკში გაფრინდა შემდეგი შემადგენლობით:

ამირან თოიძე (ხელმძღვანელი), ვალერიან ბერიშვილი, გური სიხარულიძე, ვანო მკურნალიძე, ამირან ჩხა­რტი-შვილი, ჭიჭიკო კეჭაყმაძე, კარლო ქუტიძე, ბუხუტი მიქაძე და კოტე ღელეყვა.

`ბერიკაცები" ნერვიულობდნენ. ბევრი მათგანი პირველად იჯდა თვითმფრინავში და აფრენის წინ შევატყვე ხელები მაგრად ჩაეჭიდათ თვითმფრინავის სკამისთვის.

როცა ეს უზარმაზარი მანქანა რამდენიმე წუთში ღრუბლებს ზემოთ აიჭრა და გასწორდა, `ბერიკაცები" დამშვიდდნენ და სადილზე პატარა კიდეც წაუღიღინეს. თვითმფრინავში საუცხოო მომსახურება იყო, მოჰქო­ნდათ წვენები, მრავალნაირი საჭმელ-სასმელები, ვისკი, რომელიც გური სიხარულიძეს არ მოეწონა, - ამას ჩვენი სანთლის `ოტკა" ჯობიაო - თქვა. თვითმფრინავში რამდენჯერმე გვასადილეს, მოიტანეს შესანიშნავი კერძები, ტკბილეული, ხილი, - `კოტე ღელეყვა რას მეესწარი თუ ხედავ" - დაუძახა წინა რიგში მჯდომ კოტეს ბუხუტი მიქაძემ. `რას ჩივი ბიჭო, ბაბუაჩემს ამფერი მომსახურება რომ ქონებოდა, ერთ ხანს კიდო იცოცხლებდა ცხონებული" - გამოეხმაურა ბუხუტის კოტე. გზაში ინტე-რესით აკვირდებოდნენ ყველაფერს. თვითმფრინავი 11 კმ. სიმაღლეზე მიფრინავდა. ზღვაში კუნძულები ჩანდა, მახვილი თვალი ხანდახან გემებსაც კი შეამჩნევდა. ღრუბლის ფენები სხვადასხვანაირად ელვარებდა მზის სხივებზე და ზღაპრულ სამყაროს ქმნიდა. გზაში უსაფრთხოების ჟილეტებიც დაგვირიგეს და მისი მოხმარებაც გვასწავლეს, სასტვეენებიც დაგვირიგეს, - ზვიგენებს დააფრთხობსო. `არ გინდა მაი საფშუკუნა, გადააგდე ერთი ბოთლი შენი გაკეთებული `ადესა" და დაწამლავს, რაც ზვიგენია ოკეანეში - უთხრა კოტე ღელეყვამ პაპუჩა მკურნალიძეს.

განსაკუთრებით ლამაზი ჩანდა კუნძული გრელანდია. ცა მოწმენდილი იყო და უზარმაზარი ყინულის მთები, ზღაპრულ ციხე კოშკებს მოგაგონებდათ. - მალე დავეშვებით ნიუ-იორკში, გამოაცხადეს თვითმფრინავში, - `დეილოცა ღმერთო შენი სამართალი, - თქვა ჭიჭიკო კეჭაყმაძემ. - მამაჩემი ურმით ჩოხატაურამდე ერთ დღეს ანდომებდა ჩასვლას, ჩვენ აგერ ასე მალე ჩამუედით ამ სიშორე ქვეყანაში."
ელესა
ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი ზღვიდან შედის და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ზღვაში ეშვება. `ე ბიჭო, პაპუშა ამეიღე შენი ღვინო, მგონია ვვარდებით წყალში, - დაიძახა კოტე ღელეყვამ". ხუმრობა-ხუმრობაში ჩვენი თვითმფრინავი ქე დაჯდა კენედის სახელობის აეროპორტში. იქედან `ბოინგ"-727 გავფრინდით ვაშინგტონში, სადაც 50 წუთში ჩა­ვ­ფ-რი-ნდით. ვაშინგტონში ძალიან ცხელოდა, სიცხისაგან სუნ­თქვა ჭირდა. აეროპორტში დაგვხვდნენ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები. ჩვენ მოგვამაგრეს ორმეტრიანი ახალგაზრდა კაცი - სტიუარდი, რომელიც მთელი გასტროლის განმავლობაში არ მოგვშორებია. იგი შესანიშნავი ახალგაზრდა აღმოჩნდა და მისი წყალობით არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.

ვაშინგტონში ჯორჯ თაუნში უნივერსიტეტის სა-ერთო საცხოვრებელში დაგვაბინავეს, რომელიც არა-ფრით არ გავს ჩვენს `სტუდქალაქს." (სადაც ხუთი წელი ვიცხოვრე). აქაური საერთო საცხოვრებელი უფრო კომფორტულია, სადაც ყვლა პირობაა შექმნილი სტუდენტების ნორმალური ცხოვრებისათვის, იგი მაღალი კლასის სასტუმროს უფრო გავს. ოთახები ორ ადგილიანია, ამირან თოიძე და მე მოვთავსდით 782-ე ოთახში, ვალიკო ბერიშვილი და გური სიხარულიძე კი ჩვენს გვერდით.

23 ივნისი. დღეს იხსნება ფესტივალი. დილის 10 საათიდან წაგვიყვანეს `მოლზე". `მოლი" არის უზა-რმაზარი მინდორი, რომელიც პარკითაა გარ-შემო­რტყმული. იგი იწყება კაპიტოლიუმიდან და გრძელდება ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლამდე (სვეტამდე). ამ მინდორზე დაუდგამთ რამდენიმე დიდი კარვის საკონცერტტო დარბაზი, სადაც უნდა გაიმართოს საფესტივალო კონცერტები. დარბაზები გადატვირთულია მთელი დღის განმავლობაში, სცენაზე დგას იშვითი მიკროფონები და განათების აპარატურა, დარბაზებიდან გამოდის სხვა-დასხვა ქვეყნების მომღერალთა ხმები. ხალხი სეირნობს `მოლზე" და შედის იმ `საკონცერტო დარბაზში", რომელიც მას დააინტერესებს. ფესტივალს აწყობს ამერიკის `სმითსონის ინსტიტუტი", იგი დაიწყო 1967 წელს და ტარდება ყოველწლიურად, საბჭოთა კავშირი პირველად მონაწილეობს. წელს ამ ფესტივალში მონაწილეობას იღებს 100-მდე კოლექტივი. უცხოეთის 45 და ამერიკის ყველა შტატის ფოლკლორული ანსამბლები.

საბჭოთა კავშირიდან ფესტივალში მონაწილეობენ ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ტუვის, ბელგოროდის ანსამბლები და საქართველო, რომელსაც `ელესა" წარმოადგენს. საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელია საკავშირო კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ანატოლი კარგინი, კომპოზიტორთა კავშირიდან გვახლავს ალექსანდრე მედვედევი, ლენინგრადიდან გამოჩენილი ფოლკლორისტი, ქართული სიმღერის თაყვანისმცემელი, ჩვენი ძველი მეგობარი იზალი ზემცოვსკი (იგი ახლა ამერიკაში მოღვაწეობს, ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფოლკლორისტად და ხშირად ჩამოდის საქართველოში). `ელესას" `მოლზე" დახვდა ახალგაზრდა ამერიკელი ფოლკლორისტი ტედ-ლევინი, ადმინისტრატორი სტიურტი და ამერიკაში გათხოვილი ბელორუსი მუსიკოსი მარგარიტა მაზო.

ფესტივალი გაიხსნა დღის 12 საათზე, რომელსაც დაესწრო ვაშინგტონის მერი და რამდენიმე სენატორი, მათ შორის ედუარდ კენედი. საბჭოთა კავშირის საელჩოდან მოვიდა კულტურის ატაშე პოტიომკინი. ფესტივალი ვაშინგტონის მერმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვებით მიმართეს ედუარდ კენედიმ და სხვა სენატორებმა. იყო ძალიან თბილი განწყობილება, ღიმი-ლი-ანი, სასიყვარულო. ყველა გამომსვლელის სიტყვა ტაშის გრიალში მიდიოდა. ეს უზარმაზარი ტერიტორია ხალხით იყო გადაჭედილი. ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა კონცერტები. `ელესამ" ორი კონცერტი გამართა 45 წუთის ხა-ნ-გრძლივობისა და პირველივე გამოსვლიდან მიიქცია მაყურებლის ყურადღება. მეორე კონცერტზე იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ დარბაზში, ნემსიც არ ჩავარდებოდა. როგორც ჩანს, `ელესა" სხვებისაგან გამორჩეული სულ სხვა კოლორიტის მქონე ურთულესი და უცნაური პოლიფონიური სიმღერების შემსრუ­ლებელი ანსამბლი აღმოჩნდა. პირველივე კონცერტზე კოტე ღელეყვასა და ჭიჭიკო კეჭაყმაძის კრიმანჭულზე `დაიქცა" დარბაზი. საოცარია პირდაპირ, გურულ სიმღერებს საქართველოშიც ნაკლებად უსმენს ხალხი, იმიტომ რომ ძნელი გასაგებია, ამერიკელებმა კი ამ სიმღერების მიმართ უდიდესი ინტერესი გამოიჩინეს. დარბაზი ისე კიოდა აღტაცებისგან, რომ ვალიკო ბერიშვილმა იკითხა - ვინმე ხომ არ მოკტა ნეტაო.

24 ივნისს ისევ ორი კონცერტი გავმართეთ ასევე დიდი წარმატებით, `ელესა" იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხი იქ მიაწყდებოდა-ხოლმე, სადაც ჩვენი მომღერლები გამოდიოდნენ. კონცერტის შემდეგ ჩვე­ნთან მოვიდნენ 1945 წელს ომის შემდეგ იქ გადასული ყოფილი საბჭოთა ტყვეები ვლადიმერ (ლადო) ბაბი-შვილი (ჟვანია) ფოთიდან, გივი კობახიძე თბილისიდან (ცნობილი ლოტბარის ვასო კობახიძის ძმიშვილი), ლევან (ლეო) ჩიქოვანი, `რუსთავის" ყოფილი მოცეკვავე, ამერიკაში გათხოვილი ლალი შიუკაშვილი და სხვები. ისინი ძალიან მოეფერნენ ჩვენს `ბერიკაცებს", შეუქეს სიმღერა და ისე დამეგობრდნენ მათთან, რომ მთელი გასტროლის განმავლობაში აღარ მოგვცილებიან. მათ შორის განსაკუთრებით გამოი­რჩე­ოდა ლადო ბაბიშვილი, იგი რადიო `ამერიკის ხმაში" მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში. გამოდიოდა `ხუტა ფოთელის" ფსევდონიმით. ლადო განსა-კუ­თრებით დაუმეგობრდა ამირან თოიძეს. რამდენიმე წლის შემდეგ როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, იგი ჩა­მო­ვიდა საქართველოში, გურიაში რამდენიმე დღე დარჩა, სტუ­მრად იყო ამირან თოიძისა და `ელისას" სხვა წევრების ოჯახებში, სადაც დიდი ზეიმით შე-ხვდნენ, იყო იშვიათი განწყობილება, სიმღერა, მოფერება და სიყვარული. ლადო ბაბიშვილი მძიმე ცხოვრებაგამო­ვლი­ლი და ამერიკაში გადაჩვეული ასეთ ურთი-ერ-თო­ბებს, სულ ცრემლებად იღვრებოდა, ქა­რთვე­ლების მსგა­ვსი ხალხი დედამიწაზე არ მოიძებნებაო, - მეუბნებოდა.

ახლა დავუბრუნდეთ ისევ 24 ივნისს, კონცერტების შემდეგ წაგვიყვანეს ექსკურსიაზე. დავათვალიერეთ ვაშინგტონი. ეს არის ქალაქი ბაღი, რომლის ტერიტორიის 2/3 პარკებს უჭირავს, უფრო სწორად უზარმაზარი მასშტაბების `პარკში" ჩადგმულია საოცრად ლამაზი შენობები. ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლები არ არის, იგი ბანკებსა და ადმინისტრაციულ შენობებს უჭირავს. საცხოვრებელი სახლები უმეტესად დაბა-ლსართულიანებია, ვერსად ნახავთ ცათამბჯენებს. ვაშინგტონში ტრადიციულად კაპიტოლიუმზე მაღალ შენობებს არ აგებდნენ. მოსახლეობის შეძლებული ნაწილი ძირითადად ქალაქგარეთ ცხოვრობს, ამერიკის სხვა ქალაქებშიც ასეა მიღებული, გარეუბანი ეკოლო­გიურად უფრო ნაკლებადაა დაბინძურებული, სუფთა ჰაერია, სიმწვანეა, სიმშვიდე და სიწყნარეა, რაც ასე იზიდავს ამერიკელებს, ამიტომაა, რომ ქალაქგარეთ სახლები ყოველთვის უფრო ძვირი ღირს. აბა თბილისში, ქალაქის ცენტრში თუ არ ცხოვრობ, ისე თბილისელად არ გთვლიან.

დავათვალიერეთ ამერიკის კონგრესის შენობა, რომლის მშნებლობა ვაშინგტონმა დაიწყო. ვიყავი ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლთან, რომელიც 200-ზე მეტი მეტრის სიმაღლის სვეტს წარმოადგენს. ვნახეთ ლინკოლნის გასაოცარი სილამაზის ძეგლი. ეს ძეგლი და კაპიტოლიუმი 1922 წელს არის აგებული. დავათვალიერეთ ვიე­ტნამში დაღუპული მეომრების მუზეუმი, სადაც თითოეული მებრძოლის სახელი და გვარი მარმარილოს ფილებზეა ამოტვიფრული. გვაჩვენეს ბანკები, არქივები, მუზეუმები, რომლებიც ბლომადაა ვაშინგტონში. დავათვალიერეთ `ამერიკის ხმის" შენობაც, საიდანაც მოწოდებულ მართალ სიტყვას შიშით უსმენდა საბჭოთა კავშირის მოსახლეობა. ამ შენობამ გამახსენა ერთი ფაქტი. ჩვენს სოფელში - მაკვანეთში ცხოვრობდა არაჩვეულებრივად კარგი პიროვნება შალიკო ვადაჭკორია, რომელიც ადრე `მენშევიკი" ყოფილა და ამისთვის კარგა ხანს ციმბირში იყო გადასახლებული. ბუნებრივია, შალიკო ვერ იტანდა სა-ბჭოთა ხელისუფლებას და სულ ამას ბუზღუნებდა, ესენი როდის წაეთრევიანო. მის მეზობლად ცხოვრობდა ნიჭიერებითა და იუმორით სავსე ახალგაზრდა, ჩემი უახლოესი მეგობარი გურამ თენიეშვილი, რომელიც პროფესიით ელექტრიკი იყო, მაგრამ, რომ იტყვიან, ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა. ერთხელ შალიკომ თხოვა, რადიომიმღები `ურალი" გამიფუჭდა და იქნებ გამიკეთოო. გურამმა გაუკეთა, მაგრამ არხები შეუცვალა თბილისის არხზე `ამერიკის ხმა" დაუსვა. უსმენს შალიკო თბილისის ინფორმაციას და რას ხედავს მიდის საბჭოთა კავშირის საშინელი ლანძღვა-ინება, იგი გაოგნებული გამოვარდა გარეთ და მეზობლებს შესძახა - ხალხო საბჭოთა ხელისუფლება დაემხოო. მეორე დღეს შალიკო კგბ-ში დაიბარეს და კარგადაც გაამათრახეს.

25 ივნისს `ელესას" კონცერტი დღის 12 საათზე გაიმართა. შემდეგ ისევ წაგვიყვანეს ექსკურსიაზე. დავათვალირეთ ასტრონავტიკისა და კოსმონავტიკის მუზეუმი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ეს მუზეუმი უზარმაზარ ტერიტორიაზეა განთა-ვსებული და იქ წარმოდგენილია ექსპონატები, ამერიკის პირველი თვითმრფინავიდან დაწყებული უკანასკნელი კოსპოსური ხომალდით დამთავრებული ორიგინალები. ვნახეთ პირველი ხომალდი, რომელიც მთვარეზე დაეშვა, აქვე დგას მთვარემავალი, რომელმაც პირველად გაიარა მთვარეზე. შეიძლიათ ნახოთ ფილმი `მთვარეზე ხომალდის დაშვება", ასევე შეგიძლიათ შეხვიდეთ ნებისმიერ კოსმოსურ ხომალდში, დაჯდეთ პილოტების ადგილას, იხილოთ და განიცადოთ მთვარეზე დაშვების მომენტი.

მე და ბატონი ამირან თოიძე შევედით ხომალდში, რომელმაც ყვლაზე დიდხანს დაჰყო მთვარეზე. მაშინ ხომალდის მეთაური იყო ჯეიმს ირვინი, რომელიც მოგვიანებით გავიცანი. ჩვენ დავმეგობრდით. იგი თბილისშიც იყო ჩამოსული ჩვენთან. მისი მონათხრობი დავბეჭდე პრესაში სათაურით `კაცი მთვარიდან". რას წარმოვიდგენდი მაშინ, რომ მე იმ ხომალდში ვიჯექი, რომლითაც ჯეიმს ირვინი გაფრინდა მთვარეზე.

მე და ამირან თოიძე მოხრხებულად მოვეწყვეთთ პილოტების სავარძლებში, გაგვიკეთეს ყურსასმენები. აქ ყველაფერი ისეა გადაღებული, როგორც იყო სინა­მდვი-ლეში. ყურსასმენში გაისმა სტარტის მაუწყებელი ბრძა-ნება, ხომალდი შეირხა და კოსმოსისაკენ გაემართა, ეკრანზე მოსჩანს დედამიწა, რომელსაც ხომალდი სწრაფად შორდება. პატარა პაუზის შემდეგ გამოჩნდა მთვარის ნაცრისფერი ზედაპირი, რომელზეც აქა-იქ მოსჩანს კრატერები. მთვარე უკაცრიელ უდაბნოს გავდა, რომელზედაც სიცოცხლის ნიშანწყალიც არა სჩანს. ხომალდი სწრაფად უახლოვდებოდა მთვარის ზედაპირს, მერე ეთერში გაისმა სიგნალი `მთვარემდე დარჩა 100 მეტრი", 70, 50, 20, 10,9,8,7,6,5,4,3,2, და მთვარე. ხომალდი შეტორტმანდა და დადგა, ირგვლივ მოსჩანდა მთვარის პეიზაჟი ნაცრისფერი ქვიშის ზედაპირით, კრატერებითა და პატარა მთებით. ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს მართლა დაეშვით მთვარეზე. წარმოუდგენელი შთაბეჭდილება იყო, საოცარი შეგრძნება დაგვეუფლა, - რას არ მეიგონებს კაცის გონება, - თქვა ამირან თოიძემ, როცა ხომალდიდან გამოვედით, -ახლა ეს ამბავი რომ მოვყვე სოფელში ვინ დამიჯერებს.

ამ მუზეუმში დგას აგრეთვე პირველი რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც ჰიტლერის დროს გაკეთდა გერმანიაში, თვითმფრინავის კუდზე დიდი შავი სვა-სტიკაა გამოსახული. ამავე მუზეუმშია თვითმფრინავი, რომელმაც შარშან დედამიწას შემოუფრინა ძირსდა­უშვებლად. იგი უცნაური ფორმისაა, აქვს ორი მოტორი, ერთი წინ და მეორე უკან. ამ გაფრენის შესახებ ბევრი დაიწერა მსოფლიო პრესაში.

მუზეუმიდან გაოგნებულები გამოვედით.

ნაწილი მეორე

საღამოს ქალაქგარეთ წაგვიყვანეს და ამერიკულ ოჯახებში დაგვპატიჟეს. მე და ამირან თოიძე უბრა­ლო მუშის ოჯახში მოვხვდით. მას ორსართულიანი სახლი აქვს არაჩვეულებრივად მოწყობილი. ოჯახში ხუთი სული ცხოვრობს ცოლ-ქმარი, ორი პატარა ბავშვი და ძაღლი ჯეკი. გათბობის სისტემა გაზზეა ჩართული და მთელ სახლს ათბობს. ბავშვებს თავიანთი ოთახები აქვთ ათასნაირი სათამაშოებით და ელექტროსაკრავებით მოწყობილი. სამზა­რე-უ-ლო­ში რამდენიმე მაცივარი დგას, რომელიც სავსეა ათასნაირი სასმელ-საჭმელით. ეზოში სამი მანქანა იდგა, ორი მსუბუქი ცოლ-ქმრისთვის, ერთი ნახევრად საბარგო და ერთიც ტრაქტორი, რომელსაც სხვა­დასხვა საჭიროებისთვის იყენებენ. - აბა ჩვენთან რომ ერთი მანქანა შეიძინო, მილიციაში დაგიბა­რებენ, რა სახსრებით იყიდეო, - თქვა ამირან თოიძემ.

დიასახლისმა სუფრა გააწყო, ჯერ ძაღლი ასადილეს, მერე ბავშვები დასვეს სუფრასთან და მხოლოდ ამის შემდეგ უფროსები მიგვიწვიეს. მოიტანეს სხვადასხვა სახის საჭმელი უმეტესად ევროპული წესით დამზადებული. ჯერ თითო ჭიქა ყინულიანი წყალი დაგვალევინეს (იქ ასეთი წესია), მერე სუფი მოგვიტანეს, მერე შემწვარი `სტეიკი", ბოლოს ხილი და კომპოტი. სუფრაზე ერთი ბოთლი წითელი ღვინო იდგა და სხვადასხვანაირი წვენები. მასპი­ნძელმა ღვინო გახსნა, თუ დალევთო გვკითხა და თითო ჭიქა ჩამოგვისხა. შევატყვე ამირან თოიძე ხელს არ აკარებდა საჭმელს. რაფერ ვჭამო, მასპი­ნძელს არაფერი უთქვამსო - მითხრა მან. მე ვუთხარი აქ არავინ გეტყვის `მიირთვით თქვენი ჭი­რი­მეო". ყველაფერი იმისთვისაა მოტანილი, რომ სტუ­მარმა უნდა ჭამოს-მეთქი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა უხალისოდ ჭამას მასპინძლები გულღია ხალხი აღმოჩნდნენ, ყველაფერი აინტერესებდათ ჩვენს შესახებ, სადაა საქართველო, როგორ ვცხო­ვრობთ, სოფლის მეურნეობას თუ ვეწევით, რა მცენარეები ხარობს ჩვენში და სხვა. მასპინძლებმა როცა გაიგეს, რომ ჩვენ მომღერლები ვიყავით, გვითხრეს - ოო, აბა თქვენ მდიდარი ხალხი იქნებით, აქ მომღერლებს დიდი შემოსავალი აქვთო. ამირანს გაეცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მასპინძელმა ჭიქა აიღო, რამდენიმე ყლუპი მოსვა და დადგა, ამირანი ხელს არ კიდებდა ჭიქას. კაცს სადღეგრძელო არ უთქვამს და რაფერ დავლიოო. მე ვუთხარი აქ სადღეგრძელოები არ იციან და ვისაც რა სასმელი უნდა და რამდენიც უნდა ისე სვამს, აქ არავინ გეტყვის: `დალიე, თვარა კისერში ჩაგასხამო". ამირან თოიძე გააკვირვა ბავშების ქცევამ. ისინი მშობლებისაგან დამოუკიდებლად ისხდნენ, გულსაფრები ეკეთათ და დანა-ჩანგალს იშვიათი ოსტა­ტობით ხმარობდნენ - აბა, ჩემი ბაღნები დედა­მისმა მუხლზე თუ არ დაისვა, საჭმელი პირში ძალით თუ არ ჩაუტენა და არ შეპირდა დიდი პირი დააფჩინე და ამას და იმას გიყიდი, თვარა ტურა მუა და წაგიყვანსო, ისე ლუკმას არ გადაყლაპავენ, - თქვა ამირანმა. ბოლოს ყავა და ნამცხვარი მოგვიტანეს და ამით დამთავრდა სადილი. ამირანი ყველაფერს ყურა­დღებით აკვირდებოდა, მოეწონა იქაური სუფრის წესი, მარა ის მაინც უკვირდა, რატომ არ აძალებენ სტუმარს ჭამე და დალიეო.

ჩვენ ოჯახს პატარა საჩუქრები გადავეცით, მასპინძელს ყანწი ვაჩუქეთ, ეს რა არისო იკითხა და თავზე მიიდო რქასავით, ამაში ღვინო უნდა ჩაასხა და დალიო, ვუთხარი მე. მასპინძელმა შეავსო ყანწი, რამდენიმე ყლუპი მოსვა და მაგიდაზე მოინდომა დადგმა, მაგრამ რომ ვერ დადგა მე გადმომაწოდა, მე ვუთხარი ჩვენთან ასეთი წესია, ყანწი ბოლომდე უნდა დაცალო-მეთქი. მან გაჭირვებით, რამდენჯერმე შესვენებით დაცალა ყანწი, მე და

'.$TEXT['print'].'