პირველი თოვლის მოსვლა
პირველი თოვლის მოსვლა
 
მშრალი ზამთარი დაგვიდგა. თოვლს ვინ ჩივის - წვიმაც იშვიათად მოდის. ამინდებიც გაზაფხულისას უფრო ჰგავს, ვიდრე ზამთრისას.
- ბებო, ისეთი ზამთარი თუ გახსოვს, თოვლი რომ არ მოსულიყოს? - ვეკითხები ჩემს დიდ ბებოს.
- არა, - მამშვიდებს ის.
- აბა, რაღა მაინცდამაინც ახლაა, როცა თოვლის მოსვლა მაქვს დასაწერი დავალებად - ვბუზღუნებ და დასაძინებლად მივდივარ.
ფიქრს ვიწყებ. რა კარგი იქნებოდა, ახლა თოვლი რომ იყოს! არდადეგებია, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, ვითამაშებდი, ჩემხელა თოვლის პაპას გავაკეთებდი, არა, ჩემზე დიდს...
უცებ თოვა დაიწყო. ჯერ რამდენიმე ფიფქი წამოვიდა. შემდეგ თანდათან იმატა. უკვე კარგად თოვს! თოვს კი არა, ბარდნის!
- ლიზი! - ვეძახი ჩემს დას. ის ყიჟინით მორბის ჩემსკენ, - ჩანს უკვე გაუგია თოვლის მოსვლა. ორივენი გარეთ გავრბივართ. ვის ახსოვს ან ქუდი, ან ხელთათმანი, ან ქურქი. საოცარია, - დედა არ გვსაყვედურობს.
ბარდნის და ბარდნის. უკვე მუხლებამდე გვწვდება თოვლი. მეზობლის ეზოებშიც მესმის ბავშვების ჟრიამული. არა მარტო ბავშვები, უფროსებიც ძალიან გაახარა ნაგვიანებმა თოვლმა. მართლაც, რამდენი ხანი ველოდით?! ჯერ იყო და ახალი წელი გვინდოდა გაელამაზებინა, მერე შობა, მერე კალანდა...
აი, ჩიტების გუნდი მოფრინდა. თოვლისაგან დამძიმებულ მსხლის ტოტებზე შემოსხდნენ ბეღურები. მერე ყველა ერთად აფრინდა. მსხლის ხემ თოვლის საფარველი შემოიცილა, ტოტები ცისკენ სწრაფად ასწია და ტაში შემოჰკრა. არ მომჩვენებია, მართლა... ახლა სხვა ხისკენ გაფრინდნენ ჩიტუნები. არც სიცივე ანაღვლებთ, არც საკვები. დაფრინავენ ასე ხიდან ხეზე და მხიარულად ჟივჟივებენ. ვხედავ, როგორ იცინიან პატარა ნისკარტებით. მე ამ ყველაფერს მართლა ვხედავ, თქვენ არ ვიცი, თუ დამიჯერებთ. უნდა ნახოთ, ჩემი ბროლია რა დღეშია! დარბის თოვლში, გორაობს. ასეთი გახარებული მე ჯერ ის არ მინახია.
აგერ, ჩემი გარაჟის სახურავზე ლოლუები ჰკიდია. ასე უცებ როგორ გაჩნდნენ! ლოლუები ხომ მაშინ ჩნდება, როცა წვეთ-წვეთად თოვლის ნადნობ წყალს ყინვა მოუსწრებს. მივრბივარ გარაჟთან. ვტეხ ერთ ლოლუს. ისმის: "წკაპ"!
- მომწონს ეს ხმა. ახლა მეორე ლოლუს ვტეხ, მესამეს, მეოთხეს... ჩემი და ჩემკენ გაბრაზებული მორბის - მე რატომ არ დამიტოვე! - ატირებამდე აღარაფერი უკლია. დარცხვენილი ვიხედები გარაჟის სახურავისკენ.
- ლიზი! - ვყვირი მე, შეხედე! - და ლიზის ვანახებ ჩემს ჩამონატეხ ყინულის ლოლუებზე როგორ მიყინულა ახალი ლოლუები, უფრო დიდები, უფრო ლამაზები...
ახლა ლიზიმ აუტეხა წკაპ-წკაპი ლოლუებს.
ორივე გახარებულები დავრბივართ ეზოში. მერე მე ხელებს ვშლი და და გულაღმა ვწვები თოვლზე. ცაზე ცისარტყელას ვხედავ. თოვლში ცისარტყელა?! - მიკვირს. ცისარტყელამ ფიფქები ააფერადა და ახლა თოვს იისფრად, ლურჯად, ცისფრად, მწვანედ, ყვითლად, სტაფილოსფრად, წითლად...
ეს რომ თემაში დავწერო, დამიჯერებს რუსიკო მასწავლებელი? ნეტავ თვითონ თუ არის ახლა გარეთ, ან ფანჯარაში თუ იხედება მაინც?
სიხარულისგან მგონია გული გამისკდება.
- დედამ თქვა, მოდი, ჩაი დალიე, გაცივდებაო, - ჩამესმის ლიზის ხმა.
- მერე ისევ გაგვიშვებს? - ვეკითხები მე და ჩემივე ხმა მაფხიზლებს.
- სად უნდა გაგვიშვას? - მეკითხება ის.
- სიზმარი ყოფილა - ცრემლები მადგება თვალებზე. თავს ვიკავებ. ვიცი, დამცინებენ.
საწოლიდან ტანს ძლივს ვითრევ, ვიცვამ, ხელ-პირს ვიბან. უცებ თავში რაღაც აზრი მომდის, ჩაის დალევის ნაცვლად სამეცადინო მაგიდისკენ გავრბივარ. წერას ვიწყებ. ყველაფერი უნდა დავწერო, რაც სიზმარში ვნახე. თოვლი ამ არდადეგებზე შეიძლება სულაც არ მოვიდეს და დავალებას შეუსრულებელს ხომ ვერ დავტოვებ.
კიდეც რომ მოვიდეს, ასე ლამაზად მაინც არ იქნება ყველაფერი...
'.$TEXT['print'].'