მოზარდმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელთა მხრიდან ზეწოლის გამო სცადა
ავტორი: on.ge
მოზარდმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელთა მხრიდან ზეწოლის გამო სცადა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელსაც აწარმოებს სწორედ ის განყოფილება, სადაც არასრულწლოვანზე, სავარაუდოდ, ხორციელდებოდა ძალადობა და იძულება.

საიას ცნობითვე, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა. მას საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც იძიებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას დიდი ხნით დააპატიმრებდნენ.

"პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან", — ნათქვამია განცხადებაში.

2019 წლის 12 დეკემბერს საიამ გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

საია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. ასევე, მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. 

'.$TEXT['print'].'