საქართველოში სასტუმროებს ვარსკვლავებს მეპატრონეები საკუთარი სურვილებისამებრ ანიჭებენ
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველოში სასტუმროებს ვარსკვლავებს მეპატრონეები საკუთარი სურვილებისამებრ ანიჭებენ

ტურისტული წიგნების გამომცემელმა კარლ ბედეკერმა სასტუმროებისათვის ვარსკლავების მინიჭების იდეა, სავარაუდოდ, ჯონ მიურეის „მოგზაურთა გზამკვლევებიდან“ ისესხა. ერთ ან ორ ვარსკვლავს სასტუმროების და რესტორნების შეფასებისთვის იყენებდნენ, რომლებსაც მოგზაურებს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში სთავაზობდნენ. მას შემდეგ მასპინძლობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გარდაიქმნა და დღეს სასტუმროებს მომხმარებლისთვის შეთავაზებული სერვისის ხარისხის შესაფასებლად ხუთი ვარსკვლავიც არ ჰყოფნით.

 

ვარსკვლავები რას გულისხმობს?

 

ვარსკვლავების რაოდენობა სერვისების ერთობლიობას ასახავს. ეს კლასიფიკაცია, პირველ რიგში, გულისხმობს სერვისს და მეორე რიგში - ფუფუნებას. ერთი თუ ორი ვარსკვლავი - მომსახურების საბაზო კრებულია და ითვალისწინებს ოთახში სხვადასხვა სერვისის არსებობას - დაწყებულს სააბაზანო ოთახიდან, დამთავრებულს ნომრის ყოველდღიური დალაგებით. სამი ვარსკვლავი გულისხმობს რესტორანს საუზმისთვის, ბიზნესცენტრს ან საკონფერენციო დარბაზს, სავარჯიშო ცენტრს, საკუთარ სამრეცხაოს, wake up call-ის შეკვეთის შესაძლებლობას და სხვა სასარგებლო ფუნქციებს, როგორებიცაა მაგალითად, ელექტროსადგური ისეთი შემთხვევისთვის, თუ ადგილობრივი ელექტროსისტემა მწყობრიდან გამოვა. ოთხი ვარსკვლავის შემთხვევაში ამ ყველაფერს 24-საათიანი რუმ-სერვისი ემატება. ხუთი ვარსკვლავი კი სტუმრებისათვის მაქსიმალურ კომფორტს ნიშნავს - სპაცენტრს, სასტუმროს ავტოპარკს, საპრეზიდენტო ლუქსს და სხვ.

 

კლასიფიკაცია მთელ მსოფლიოში ერთნაირია? და ვინ გასცემს „ჯილდოს“?

 

კლასიფიკაცია ქვეყანაზეა დამოკიდებული. ევროპაში იყენებენ „ვარსკვლავებს“, ინგლისში გასცემენ „გვირგვინებს“, ამერიკაში - „ალმასებს“ (Diamond). ზოგიერთ მსხვილ სასტუმრო ქსელს თავისი სიმბოლიკა აქვს.

რაც შეეხება „ჯილდოს“ მიმნიჭებლებს, მაგალითად გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ვარსკვლავების რაოდენობას სასტუმროების ნაციონალური ასოციაციები განსაზღვრავენ. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში რეიტინგების მინიჭება სამინისტროების და ტურიზმის სამსახურების საქმეა. ბელგიაში, დანიაში და ესპანეთში სასტუმროების კლასიფიკაცია კანონით რეგულირდება. პარალელურად არსებობს Forbes-ის ტიპის დამოუკიდებელი რეიტინგები და პარადოქსული ორგანიზაციები, რომლებიც „შვიდ ვარსკვლავსაც“ გასცემენ. თუ დუბაის სასტუმრო-იალქანი მოოქრული ჭურჭლით და ვერტმფრენის დასაშვები მოედნით თავის თავს შვიდვარსკვლავიანს უწოდებს, სასტუმროების ფრანგი მფლობელები ტრადიციიდან და საგადასახადო სისტემის თავისებურებებიდან გამომდინარე ცდილობენ შეინარჩუნონ 4* მინაწერით de Luxe ან 4* Palace. საფრანგეთში დიდი ხნის განმავლობაში არანაირი 5 ვარსკვლავი არ არსებობდა.

 

ანუ მკაფიო კრიტერიუმები არ არსებობს?

 

არსებობს. შვეიცარიული სასტუმრო ასოციაციის 2020 წლამდე მოქმედი კრიტერიუმებით საუზმე-ბუფეტი ანიჭებს 2 ქულას, საუზმე-ბუფეტი მენიუთი და მიმტანებით - 8 ქულას, ხოლო მენიუ საუზმით და ოთახში საუზმის შეკვეთის შესაძლებლობა - კიდევ 5 ქულას. აუზი ღია ცის ქვეშ - 10 ქულა, დახურული აუზი - 15 ქულა და ასე შემდეგ. ერთი ვარსკვლავის მისაღებად, შვეიცარიულმა სასტუმრომ უნდა დააგროვოს, სულ ცოტა, 90 ქულა. ხუთი ვარსკვლავისათვის - 600 ქულაზე მეტი. მაგრამ რეიტინგებში სამი ვარსკვლავის ზემოთ შეფასების დამატებითი მექანიზმები ირთვება. არსებობს მეტ-ნაკლებად ცხადი გარემოებები, როგორებიცაა, მაგალითად, ლიფტის არსებობა: მის გარეშე ობიექტურად მდიდრული სასტუმრო ლოზანაში ხუთვარსკვლავიანად ვერ ჩაითვლება. არსებობს ნაკლებად ცხადიც - მაგალითად, Forbes-ის რეიტინგის თანახმად, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში „მისაღების“ (Reception) თანამშრომლები სტუმრების სატლეფონო ზარებს ყველაზე ბევრი 30 წამში უნდა პასუხობდნენ, ხოლო ტელეფონით უნდა აღვიძებდნენ მათ დანიშნულ დროზე 2 წუთით ადრე. ამასთან, ოთხ- და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებისათვის მნიშვნელოვანია ადგილმდებარეობა. ისინი უნდა მდებარეობდნენ დიდ კურორტზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, ქალაქის ისტორიულ ცენტრში ან ძალიან მიმზიდველ ბუნებაში.

 

საქართველოში სასტუმროებს ვარსკვლავებს ვინ ანიჭებს?

 

საქართველოში სასტუმროების სავალდებულო სერტიფიცირება არ მოქმედებს. ვარსკვლავების მინიჭება აქ კანონით არ რეგულირდება და მას სახელმწიფო უწყებები არ გასცემენ. მსხვილი საერთაშორისო ქსელები საქართველოში არსებულ თავიანთ სასტუმროებზე სერტიფიკატს დასავლური სამყაროსთვის ცნობილი სტანდარტების მიხედვით გასცემენ. ადგილობრივი სასტუმროების ვარსკვლავებისთვის ბრძოლა კი მათი მესაკუთრეების საქმეა.

'.$TEXT['print'].'