შსს - ძიმითში მომხდარზე განმარტებებს აკეთებს - გამოძიება გაქურდვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
შსს - ძიმითში მომხდარზე განმარტებებს აკეთებს - გამოძიება გაქურდვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს

სოფელ ძიმითში საცხოვრებელი სახლის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით.

თქვენი მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ქალბატონის მიმართ რაიმე სახის ძალადობის ფაქტს ადგილი არ ქონია, მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. ასევე გამოძიების ინფორმაციით საცხოვრებელი სახლიდან წაღებული არაფერი არ არის. შესაბამისად მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

შსს პრეს სამსახური

გთავაზობთ "გურიის მოამბის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

ექსკლუზივი-სასტიკი ყაჩაღობა ოზურგეთში 75 წლის მოხუცი ფულის გამოძალვის მიზნით ნახევარი საათი აწამეს
ავტორი: გურიის მოამბე

გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში (თემის უბანში), თავს, მარტო მცხოვრებ 75 წლის მოხუცს, ზანი კბილიანიშვილის დაესხნენ.

თავდამსხმელები მოხუცისაგან თანხას ითხოვდნენ .

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" დაზარალებულის ახლობლებმა აცნობეს.

მათი თქმით ყაჩაღობა უბანში ამ დღეებში, გვიან ღამით მოხდა.

მაშინ როცა მოხუცებულს ეძინა.

როგორც მოხუცის მეზობლები გვიყვებიან, თავდამსხმელმა ის გააღვიძა და თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ცემა დაუწყო, შემდეგ კი  საძინებელში მის დაღრჩობას შეეცადა.

მოხუცებულმა წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დროსაც ის საძინებელში, საწოლის ქვეშ ჩავარდა და კივილი დაიწყო, რომ ხმა მეზობლებისათვის მიეწვდინა. ვინაიდან მჭიდროდ დასახლებული უბანია, თავდამსხმელები შეშინდნენ და გარეთ გამოვიდნენ, იმ წამსვე მათ მანქანამ მოაკითხა და წავიდნენ.

მოხუცებული იმდენად შეშინებულია, რომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და დროებით საკუთარ ქალიშვილთან გადავიდა საცხოვრებლად.

ირკვევა რომ ზანი კბილიანიშვილს საყანე ფართობი მიუყიდია მეზობელ ცეზარ სალუქვაძისათვის.

ცეზარ სალუქვაძეს კი მოხუცისათვის საფასური 1000 ლარი ყაჩაღობამდე რამდენიმე საათით ადრე გადაუცია.

მეზობლები გვეუბნებიან, რომ ყაჩაღების დაკავება მარტივია, რადგან მსუბუქმა მანქანამ, რომლითაც ყაჩაღები გადაადგილდებოდნენ, რამდენჯერმე ჩაიარა იქვე არსებულ სასურსათო მაღაზიასთან, რომლის მფლობელმაც, ინგა სალუქვაძემ, ვიდეოთვალი ობიექტზე ყაჩაღობამდე ორი დღით ადრე დაამონტაჟა.

თუმცა შემდეგ ის თბილისში გაემგზავრა, მას შვილიშვილი შეეძინა და პოლიციაც ვერ ახერხებს ვიდეოთვალის გაშიფრვას.

ახლა, როგორც მეზობლები გვიყვება, გამოძიება ელოდება ქალბატონ ინგას ჩამოსვლას, თუმცა თემის უბანში ეჭვობენ, რომ ვინაიდან მაღაზიის ვიდეოთვალს პოლიცია არ იცავს, ის შესაძლოა ყაჩაღებმა უკვე გაანადგურეს.

'.$TEXT['print'].'