გაზეთ "ივერიიდან" გაცოცხლებული 1905 წლის აჯანყება გურიაში - პირველად 115 წლის შემდეგ
ავტორი: კახა ჩავლეშვილი
გაზეთ "ივერიიდან" გაცოცხლებული 1905 წლის აჯანყება გურიაში - პირველად 115 წლის შემდეგ

რუსეთის იმპერატორი იძულებული გახდა იმპერიაში 1904 და 1905 წლებში განვითარებული მოვლენები შეერბილებინა და ამ მიზნით გამოსცა ორი მნიშვნელოვანი მანიფესტი, კერძოდ 1905 წლის 06 აგვისტოს მანიფესი - სახელმწიფო დუმის შემოღების თაობაზე (Высоча́йший Манифе́ст Об учреждении Государственной Думы) და 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტი სახელმწიფო წესრიგის სრულყოფის თაობაზე (Высоча́йший Манифе́ст об усоверше́нствовании госуда́рственного поря́дка) ანუ ე.წ. ოქტომბრის მანიფესტი, რომლის მიხედვითაც აღიარებული იქნა ადამიანის პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები (აგრეთვე - სინდისის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, კავშირების თავისუფლება და პიროვნების ხელშეუხებლობა).


სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა გურიაში სიტუაციის დაძაბვა და ხალხის დაპირისპირება რუსეთის იმპერიასთან, იმ დროისათვის გამოსვლები მთელს იმპერიაში და ასევე მთელ საქართველოში იყო, მაგრამ ისეთი ხასიათი როგორც ამან გურიაში მიიღო სხვაგან არსად არ ყოფილა.


ამჟამად წარმოგიდგენთ გაზეთ ივერიის ნომრებიდან (26 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე) ამოკრებილ პუბლიკაციებს, ესაა პრესის თვალით დანახული გურიაში მიმდინარე მოვლენები, ანუ რა ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას გურიაში მიმდინარე მოვლენებზე.  ინფორმაცია განსაკუთრებით საინტერესოა ქართული საზოგადოების სოლიდარობით გურულების მიმართ, აშკარად ჩანს, რომ მთელი საქართველო ცდილობდა გურულების გადარჩენას რუსული რეპრესიებისაგან, ასევე ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქუთაისის მაშინდელი გუბერნატორის სტაროსელსკის ღვაწლი, რომელმაც შესძლო დაერწმუნებინა ნამესტნიკი ვორონცოვ-დაშკოვი შეეჩერებინა ჯარი და არ განეხორციელებინა რეპრესიები გურიაში. როგორც შემდეგში აღმოჩნდა სტაროსელსკის და ქართული საზოგადოების წარმატებული მცდელობის მიუხედავად გურიაში აჯანყება არ ჩაცხრა და 1906 წლის დასაწყისში გურია ვერ გადაურჩა რეპრესიებს.


 

გაზეთი ,,ივერია,, 1905 წლის 26 ოქტომბერი

დეპეშა

(საკუთარი კორესპონდენტისგან)

,, ბათუმი 24, დაბა ჩოხატაურიდან ამბავი მოვიდა, რომ აჯანყებული გურულები თავს დაესხნენ ჩოხატაურში მდგარ პლასტუნის კაზაკებს და ყველანი 120 კაცამდე ამოხოცესო, გურულებს კაზაკებისათვის ყოველივე იარაღი წაურთმევიათ.,,

,,ბათუმი 24, სადგურ სუფსიდან ამბავი მოვიდა, რომ აჯანყებული გურულები, რიცხვით 4000-დე კაცი ახალი სისტემის თოფებითა და ყუმბარებით შეიარაღებულნი, გარს შემორტყმიან სადაც ჯარის კაცნი დაბანაკებულან, დაუტყვევებიათ და არსად უშვებენ, გურულებს იარაღი და ტყვია წამალიც ბლომად ჰქონიათო.,,

 

გაზეთი ,,ივერია,, 1905 წლის 28 ოქტომბერი

დეპეშა

(საკუთარი კორესპონდენტისგან)

,,ქუთაისი 27 ოქტომბერი, 20 ოქტომბერს სობოროს მოედანზე რევოლუციურმა პარტიებმა დიდებული მიტინგი გამართეს. წარმოთქმულ იქნა ბრწყინვალე სიტყვები, რის შემდეგაც აუარებელმა ხალხმა წითელი ბაირაღებითა და სარევოლუციო სიმღერებით ქუჩებსა და ბაღებში იწყო სიარული. დიდებული სანახაობა იყო. ხალხი აღფრთოვანებული და აღელვებული იყო. სოციალ დემოკრატები ყოველის ღონისძიებით სცდილობდნენ მიტინგი ჩაეშალათ. უსტვენდნენ ყვიროდნენ მაგრამ ვერაფერი გააწყეს და ცალკე მიტინგი გამართეს.

21 ოქტომბერს რიონის რკინს გზაზე სამხედრო მატარებელი გადავარდა, რომლითაც გურიაში ჯარი იგზავნებოდა, 9  მოკლულია, 27 დაჭრილი. ამბობენ ლიანდაგი ვიღაც უცნობებმა განზრახ გააფუჭესო, მატარებლის გადავარდნის შემდეგ სალდათები დაესია მშვიდობიან მცხოვრებთ, მოკლეს 4 დაიჭირეს 8 კაცი. კვირას სობოროში წაკითხული იქნა მანიფესტი. ხალხი კონსტიტუციის კმაყოფილი არ არის. თეატრში ივანოვმა რეფერატი წაიკითხა: ,,სოციალიზმის განსახორციელებლად საჭიროა თუ არა კაპიტალიზმის განვითარება,. რეფერატის კითხვამ და კამათმა სამი დღე გასტანა. თეატრში შესვლა ფასით იყო. თეატრი მუდამ გაჭედილი იყო. ქალაქი გაანთავისუფლეს ჯარის ბინის ხარჯებისაგან. 

 

სტატია - საომარი ტეხნიკა და და რევოლუცია

(სტატიაში ძირითადად საუბარია, იმაზე რომ გურიის აჯანყება ზედმეტად იყო შეფასებული გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ და მცდელობაა სიატუციის შერბილებისა, განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება ახალ შეირაღებაზე, რომელიც რუსეთის ჯარს გააჩნია და ა.შ. სტატია საკმაოდ ვრცელია ამიტომ გთავზობთ ამონარიდებს).

,,მეტად საშიში და დამაფიქრებელი ამბები მოდის გურიის შესახებ, ზოგი ცნობები ჩვენს გაზეთშიც დაიბეჭდა გუშინ-წინ. ზოგიც სიტყვიერ ხმებადაა გავრცელებული საზოგადოებაში. ერთიც და მეორეც ე.ი. როგორც დაბეჭდილი ისე ხმად გავრცელებული ამბები ისეთის ხასიათისა, რომ გულწრფელი მეგობარი და ნამდვილი გულშემატკივარი ჩვენი ხალხისა არ ჩააფიქროს და, ხალხისათვის მოსალოდნელი ხიფათის გამო, გული სევდა-კაეშანით არ აუვსოს. ხმა  გავრცელებული, ვითომ გურია აჯანყებულა, რამდენსამე ადგილას შეარაღებულ ხალხს კაზაკები ამოუწყვეტია, ჯართანაც შეტაკება მოსვლია და სისხლიც ბლომად დაღვრილა. ამბობენ აგრედვე, რომ გურიის ,,დასაპყრობად,, ჯარიც გაგზავნეს ფეხით, რადგანაც ამჟამად რკინის გზა რამდენსამე ადგილას გაფუჭებულია და მატარებლის მიმოსვლა შეწყვეტილია.

ჩვენ არ ვიცით დანამდვილებით რამდენად მართალია ხმები გურიის შესახებ. გვგგონია კი რომ ეს ცნობები გადაჭარბებული უნდა იყოს. შეიძლება ხალხს მოუხდა კაზაკებთან შეტაკება ვინაიდან ეკზეკუცია და მით უფრო კაზაკებისაგან შემდგარი ეკზეკუცია ძნელი ასატანია, - სოფელს დაუნდობლად აოხრებს და ხალხს განუკითხავად აწიოკებს, მაგრამ ასეთი შეტაკება კიდევ არ არის უეჭველად იმის მომსწავებელი, რომ გურია ,,აჯანყდა,, და აპირობს რუსეთის ლაშქართან იარაღით-შესხმული ბრძოლის გამართვას. შეიძლება უბრალო შეტაკება, რომელიც ეგზეკუციისგან გამწარებით არის გამოწვეული, ადგილობრივ ადმინისტრაციას პოლიტიკურ აჯანყებად ეჩვენა და ამიტომ ამის შესაფერი დეპეშებიც აფრინა კავკასიის უმაღლეს მთავრობასთან და ჯარის სწრაფად მიშველება მოსთხოვა.,,

,,ჩვენ გვირჩევნია არ წარმოვიდგინოთ ეს საშინელება, არ გვინდა დავიჯეროთ, რომ გურიას პოლიტიკური აჯანყება მოეხდინოს, რადგან ეს ძნელად საფიქრებელი და დასაჯერებელია და უფრო ადმინისტრაციის აღტყინებულ ფანტაზიის ნაყოფ ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს და ჭეშმარიტებას. საომარი ტექნიკა ისე განვითარებულია, ახლანდელი სამხედრო შეიარაღება ისე რთული და ძლიერია, რომ ჯართან ბრძოლა არათუ კაჟიან თოფებით შეარაღებულ პაწაწა გურიას, არამედ სარევოლუციოდ განწყობილ დიდ ხალხსაც გაუჭირდება,,

,,დღეს ამგვარი გასრესის წინ სდგას გურია და, ვინ იცის, - იქნება სხვა ადგილებიც! და ყველანი ვალდებული ვართ რამე ვიღონოთ ამ უბედურების თავიდან ასაცდენად. უნდა ვიღონოთ ამ უბედურების თავიდან ასაცდენად. უნდა ვიზრუნოთ და რაიმე ღონისძიება გამოვნახოთ, რომ ერთის მხრივ შეკაბეული იქნას ხალხი და მეორეს მხრით უკან დაწეული იქნას ჯარი, რომელიც ხალხის პირისპირ სდგას და განადგურებას უქადის.,,

 

გაზეთი ,,ივერია,, 1905 წლის 29 ოქტომბერი

სტატია - ,,კრება გურიის შესახებ,,

,,ტფილისის გუბერნიის თავად- აზნაურთა მარშლის თანამდებობის აღმასრულებელმა ა. ი. ჯამბაკურ-ორბელიანმა დღეს შუადღის 12 საათისათვის, მოიწვია ტფილისის რამდენისამე დაწესებულებისა და პრესის წარმომადგენელნი გურიის დღევანდელს მდგომარეობაზე მოსალაპარაკებლად. თუმცა კრება დღეისათვის იყო დანიშნული, მაგრამ ხალხმა ვერ მოითმინა გუშივე მოითხოვა კრების მოხდენა. მარშალს კაცი გაუგზავნეს უთუოდ მოდიო, რადგანაც გურიას გარს ჯარი ახვევია, კიდევ მრავალი იგზავნება და შესაძლებელია მხარე გაანადგურონ და მიწასთან გაასწორონო. თავ. ორბელიანი დაუყოვნებლივ გამოცხადდა, სიხარულით მიეგება ხალხის სურვილს და კრება დაიწყო. საკრებულოს დარბაზი მთლად გაიჭედა.,,

 

სტატია - ,,ახალი ამბავი,,

,,ქუთაისიდან გვატყობინებენ, რომ ის ამბავი ვითომდა გურულების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები მიღებული ყოფილიყოს, მართალი არ არის. ხალხის დასამშვიდებლად გურიაში გუბერნატორი სტაროსელსკი წასულა.,,

 

გაზეთი ,,ივერია,, 1905 წლის 30 ოქტომბერი

ბათუმის ქალაქის მოურავმა ამ დღეებში კავკასიის ნამესტნიკს შემდეგი დეპეშა გაუგზავნა: ,,ბათუმის ქალაქის საბჭომ განიხილა ბათუმის დღევანდელი მდგომარეობა და ერთხმად  დაადგინა, აღძრან შუამდგომლობა თქვენს წინაშე, ნება დართოთ ბათუმის მცხოვრებთა დელეგატებს, გურიაში წავიდნენ და ხალხი დაამშვიდონ. გთხოვენ ნუ მიიღებთ რეპრესიულ ზომებს, რადგან ყველას იმედი გვაქვს, ხალხი თავის თავად დამშვიდდება, 17 ოქტომბერის უმაღლესის ბრძანების გამო, ჩემის მხრივ გთხოვთ დააკმაყოფილოთ საბჭოს შუამდგომლობა და ქლაქ ბათუმს ახსნათ სამხედრო წესები, რადგანაც მხოლოდ ეს საშუალება დაამშვიდებს ხალხს და ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგება,,

 

,,გურიიდან დაწვრილებით დეპეშით იტყობინებიან ჩოხტაურში მომხდარ ამბებს. 16 ოქტომბერს 300 გურული დასცემია კაზაკების პოსტს, მოუკლავთ ერთი, დაუჭრიათ ორი. წაურთმევიათ ათი ბერდანის თოფი; მეორე დღეს დაუტუსაღებიათ ბოქაული გაგუა და რამდენიმე სტრაჟნიკი. ამასთანავე წაურთმევიათ თოფები და პატრონები. 19 ოქტომბერს ჩოხატაურიდან დაბრუნების დროს მაზრის უფროსს ჩასაფრებიან გზაზე და კაზაკებისათვის დაუშენიათ თოფი და ყუმბარა, დაჭრილა რამდენიმე კაზაკი ხოლო ექვსი გურულებს ტყვედ წაუყვანიათ.,,

 

გაზეთი ,,ივერია,, 1905 წლის 31 ოქტომბერი

 

სტატია - ახალი ამბავი

გურიის შესახებ გავრცელებულმა ხმებმა ქართველ საზოგადოებაში დიდი გულხმიერება გამოიწვია, რამდენიმე კრება გაიმართა სათავად აზნაურო საკრებულოში სხვადასხვა წრეთა წარმომადგენლებისა. სხვათა შორის კრბამ აირჩია დეპუტაცია, რომელიც გუშინწინ 30 ოქტომბერს ნამესტნიკს წარუდგა და სთხოვა, გაეჩერებინათ გურიაში ჯარის გაგზავნა და სამხედრო მოქმედებების დაწყება, რომელიც განზრახული ჰქონდა მთავრობას. დეპუტაციამ აგრეთვე სთხოვა ნამესტნიკს დაენიშნა ისეთი სანდო პირი, რემელსაც შეიძლება პირუთვნელად გამოეკვლია გურულების მოძრაობის ვითარება. ნამესტნიკმა თურმე უპასუხა დეპუტაციას, რადგაანც ჯარი უკვე წასულია, იმის გაჩერება შეუძლებელია და მხოლოდ ვუბრძანებ ოზურგეთის მაზრაში არ შევიდეს ჯარი და მოქმედება არ დაიწყოსო. ამასთანავე დაპირდა სანდო პირს გავგზავნიო. თქვენც თქვენის მხრივ ამოირჩიეთ რამდენიმე პირი, რომელნიც შეეცდებიან გურიაში აღძრული მოძრაობა მშვიდობით გათავდესო. როგორც გავიგეთ გურიაში ნამესნიკის მიერ იგზავნება გენერალი მალამა და ბ-ნი ვეიდენბაუმი. საზოგადოებამ კი თავისის მხრით გურიაში წასავლელად აირჩია ბ-ნი ექვთიმე თაყაიშვილი, პართენ გოთუა და ნაფიცი ვექილი დემიდოვი. მთავრობა თხოულობს: 1. გურულებმა სცნონ ადგილობრივი მთავრობა 2. ჯარის-კაცნი გაიყვანონ სამხედრო სამსახურში და 3, გაიღონ სავალდებულო სახელმწიფო გადასახადები.,,

 

- ,,ქუთაისიდან გვატყობინებენ, რომ ქუთაისის გუბენტორი ბ-ნი სტაროსელსკი, რომელიც როგორც ქუთაისის ვიცეგუბერნატორი ბ-ნი ალ. ყიფშიძე იუწყებოდა, გურიაში გაემგზავრა მცხოვრებთა დასამშვიდებლად, სამტრედიიდან უკანვე ქუთაისში, დაბრუნებულა 29 ოქტომბერს, რადგანც გზები გაფუჭებული ყოფილა და გზის განგრძობა ვეღარ მოუხერხებია,,

- ,,ვოზროჟ,, დეპეშით გვატყობინებენ, რომ გურიაში  გაგზავნილი ჯარი ყვირილაში გააჩერესო.,,

- ,,ნაგომარსა და ოზურგეთს შუა გურულებსა და კაზაკებს შეტაკება მუხდათ, მოკლულია 60 კაზაკი, გურული მოკლულია ერთი, დაჭრილია 3,,

- ,,გაზეთ ,,რუს,, - ში ბ-ნს ბოლქვაძეს დაუბეჭდია წერილი, რომელშიაც იწვევს რუსულ პრესას, დაეხმაროს საქართველოს ავტონომიის მოპოვებაში და მთავრობას ძალა დაატანოს, რომ გურიიდან ჯარები გამოიყვანოს,,   

 

 

სტატია - ნამესტნკის განკარგულება გურიის შესახებ

ამ დღეებში ქუთაისის გუბერნიის მმართველმა ბ ნმა ყიფშიძემ აუწყა მთელს ქვეყანას, - გურიის ამაბები გადამეტებულიაო და ადმინისტრაცია არავითარ რეპრესიულ ღონისძიებას არ გაატარებსო, ამას აცხადებს საგუბერნიო ადმინისტრაციის სათავეში მყოფი ოფიციალური კაცი და ჩვენ გაგვიხარდა და ვფიქრობდით, რომ კავკასიის უმაღლესი მთავრობა ამის შემდეგ რეპრესიულ ზომებს აღარ მიიღებდა გურიის წინააღმდეგ.

მაგრამ მოლოდინს არ ამართლებს ნამესტნიკის უკანასკნელი ოფიციალური ბრძანება, რომელიც ჩვენ აქვე სიტყვა-სიტყვით მოგვყავს.

,,ძლიერ საშურო,,

ბრძანება კავკასიის სამხედრო ოლქს N299

28 ოქტომბერი 1905 წ. ქ. ტფილისში

რადგან არეულობამ იფეთქა ქუთაისის გუბერნიისა და მხარის მცხოვრებთა შორის, განსაკუთრებით კი გურიაში, სადაც აღარ ემორჩილება ხალხი მთავრობის მოხელეებს, შეირაღებული თავს ესხმიან ჯარებს, ანგრევენ რკინის გზასა და მთავრობის დაწესებულებათ, გიბრძანებთ განსაკუთრებული საექსპედიციო - რიონის რაზმი - ზემოხსენებულ აჯანყებულ მცხოვრებთა დასამორჩილებლად და დასაწყნარებლად

ამ რაზმში ჩაირიცხოს

1)      სამი ბატალიონი ერევნის მე-13 ლეიბგრენადერთა პოლკისა;

2)      სამი ბატალიონი მე-14 ლეიბგრენადერთა გრუზინსკი პოლკისა;

3)      ყუბანის კაზაკთა ჯარების მე-2 პლასტუნების ბატალიონი;

4)      მე-33 ქვეითთა დივიზიის ტყვიამფრქვეველთა როტა;

5)      ოთხი ასეული პოლტავის მე-2 კაზაკთა პოლკისა;

არტილერია

6)      სამთო ბატარეია კავკასიის მსროლელთა არტილერიის დივიზიონისა;

7)      თერგის 1-ლ კაზაკთა პოლკის ბატარეა;

8)      ერთი ბატარეია მე-33 საარტილერიო ბრიგადისა, რომელიც დაბანაკებულია დ. ახალ-სენაკში;

საინჟენერო ჯარებისა

9)      ერთი როტა საპიორებისა და ერთი სატელეგრაფო როტა კავკასიის საპიორთა ბრიგადის ბატალიონებისა, რომელსაც დანიშნავს ამ ბრიგადის უფროსი;

10)  ჯარის სხვადასხვა ნაწილებისგან შედგენილი სარკინის-გზო როტა;

მომხმარე ჯარები

11)  ერთი ვზვოდი ტვირთის მზიდავ ბატალიონისა  (15 ბუხრებიანი პოვიზკა)

აღნიშნული რაზმის უფროსად ვნიშნავ კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში ჩარიცხულს გენერალ-მაიორს ალიხანოვ-ავარსკის, რომელსაც ვანიჭებ უფლება-უპირატესობას განცალკევებით მოქმედი დივიზიის უფროსისას.

გენერალ-მაიორს ალიხანოვს ვუბრძანებ შეადგინოს შტაბი ხსენებული რაზმისა, და ამ შტაბის უფროსად ვნიშნავ მე-65 ქვეითთა სარეზერვო ბრიგადის სამმართველოში ჩარიცხულს შტაბის აფიცერს, გენერალური შტაბის პოდპოლკოვნიკს ბერგს.

რაზმის ადიოტანტად ვნიშნავ ერევნის ლებრენადერთა მე-13 პოლკის კაპიტანს სილაევს, ხოლო რაზმის ინტენდანტად - მე-15 გრენადერთა ტფილისის პოლკის კაპიტანს ბოსტაშვილს.

რიონის რაზმის უფროსის განკარგულებაში ვნიშნავ ჩემის თანაშემწის გენ-ლეიტენანტს მალამას ადიუტანტს და პორუჩიკს.

კავკასიის სამხედრო ოლქის არტილერიის უფროსს ვუბრძანებ, ახლავე იზრუნოს გადამზიდავ ბარგისა და ტყვია-წამლის საკმაო საწყობის მომზადება-მოწყობაზე, დანიშნოს ამისათვის საჭირო რიცხვი მოხელეთა და ჩააბროს მისი გამგეობა ამ მოხელეთ.

საოლქო ინტენდანტს ვუბრძანებ, ახლავე იზრუნოს და მოუმზადოს რიონის რაზმს საგზალი და სამყოფი სურსათ-სანოვაგე, და თუ საჭიროება მოითხოვს, უშოვნოს და მოუმზადოს ხორცი, რისთვისაც საწყობი უნდა იმ ადგილას სადაც ამ რაზმის უფორსი უჩვენებს, ხოლო ამ საწყობის გამგებლობისათვის დანიშნოს განსაკუთრებული მოხელე საოლქო საიტენდანტო გამგეობიდან.

გარდა ამისა, ახლავე იზრუნოს და ამ რაზმს სამყოფი თბილი ფარაჯები, ხოლო თუ ფარაჯები არ იშოვება მაშინ მოუმზადოს თბილი ქეჩები.

საოლქო სამხედრო-სამკურნალო ინსპექტორს ვუბრძანებ, ახლავე იზრუნოს ამ რაზმისათვის საჭირო სასანიტრო ნაწილის მოსაწყობად.

სამოსამართლო საქმეთა ჩქარა გასარჩევად, კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, რაზმთან უნდა შესდგეს დროებითი სამხედრო-სავალე სასამართლო.

ამ რაზმის შესადგენად და მოსამზადებელ ადგილად ინიშნება სოფელი სამტრედია.

ყველა ზემოხსენებულ ჯართა ნაწილებს ვუბრძანებ, მუსიკის დაკვრით, რომელთაც კი მუსიკა აქვს, სრული საბრძოლველის წეს-რიგითა და დადგენილი საბრძოლველის კომპლექტით გაემართოს დანიშნულების ადგილას.

 

რიონის რაზმს ვუბრძანებ შემდეგ საქმეთა ასრულებას:

1)             მოსპოს და გაანადგუროს აჯანყებული ჯგუფები, დააპატიმროს  მომწყობნი და მეთაურნი ამ აჯანყებისა და შიგ მყოფნი პოლკებიდან გაქცეული ჯარის კაცები და მოსთხოვოს ყველა ამათი გაცემა და რაზმისათვის ჩაბარება; თუ ვინიცობაა უფროსმა შეამჩნია არ აძლევენ რაზმს და ჰმალავენ ხსენებულ დამნაშავეთ მაშინ იმ სოფელში ჩააყენოს ეგზეკუცია. თუ ვინმე დახმარებას გაუწევს აჯანყებულთ და ხელს შეუწყობს დამნაშავეთა დამალვას, ასეთები სასტიკად უნდა დასაჯოს რაზმის უფროსმა.

 

2)             აღადგინოს სრული წესიერება და მთავრობის მოხელეთა და დაწესებულებათა უფლება, როგორც ოზურგეთის მაზრაში, აგრედვე ყველგან სადაც კი წესიერება დარღვეულია და

 

3)             უზრუნველ-ჰყოს ჯარში გასაწვევ ყმაწვილკაცთა სამხედრო ბეგარის მოხდა;

 

გარდა იმ ჯარის ნაწილებისა, რომლისგანაც უნდა შესდგეს რიონის საექსპედიციო რაზმი, გენ-მაიორ ალიხანოვ ავარსკის დაექვემდებარებიან: ა) რკინის-გზის დამცველი ჯარები და რკინის გზის ლიანდაგის გასწვრივ დაბანაკებული დაბინავებული ჯარები, და ბ) ჯარების ის ნაწილები, რომლებიც დაბანაკებულნი არიან ქუთაისის გუბენრიის საზღვრში, რკინის გზის ლიანდაგიდან ჩრდილოეთისაკენ - ყვირილასა, რიონსა, სამტრედიასა და ფოთში.

 

ვაცხადებ რა ამას, წინადადებას ვიძლევი და დაუყოვნებლივ იქნას შესრულებული.

 

ხელს აწერს: კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდალი გენერალ ადიუტანტი გრაფი ვორონცოვ დაშკოვი.

 

 გაზეთი ,,ივერია,, 1905 წლის 2 ნოემბერი

 

დეპეშა

(საკუთარი კორესპონდენტისგან)

 

,,ქუთაისი, 1 ნოემბერი. შემოღებულია სამხედრო წესები. ქალაქი ძალზედ შეძრწუნებულია. საბჭომ ფეხზე ადგომით პატივი სცა ტფილისსა და სხვა ქალაქებში დახოცილთა უმანკო მსხვერპლებს და ზიზღით მოიხსენია მათი ამომჟლეტნი. დაადგინეს: დეპეშით სთხოვონ ნამესტნიკსა და ვიტტეს ახსნილი იქნა სამხედრო წესები, გურიაში ჯარები არ გაიგზავნოს, საბჭოში კრებები აღარ გამართონ, ვიდრე სამხედრო წესები ახსნილ არ იქმნება,  ამორჩეულ იქმნა დეპუტაცია, რომელმაც გუბერნატორს ჯარების შეჩერება უნდა სთხოვოს.,,

 

ახალი ამბავი

,,გუშინ საღამოს 5 საათზე, ქუთაისიდან ტფილისს ჩამოვიდა ქუთაისის გუბერნატორი ბ-ნი სტაროსელსკი. როგორც დანამდვილებით  გავიგეთ, სტაროსელსკი იყო გურიაში (28 ოქტ.- 30 ოქტ.) და იქ ინახულა ხალხისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელნი; მას არა ხლებია მთავრობის მცველნი. გურიიდან დაბრუნებული ამოვიდა სამტრედიაში 30 ოქტომბერს; იქ მიუხედავად გაფიცვისა, ადგილობრივმა მუშათა ორგანიზაციამ მისცა სამგზავროდ მატარებელი და  საგანგებო მატარებლით გამოისტუმრეს ტფილისში. სტაროსელსკის აზრით არ არის საჭირო არავითარი რეპრესიული ძალის ხმარება. იმის აზრით, იქმნება არც ,,დასმამშვიდებელ,, დეპუტაციის გაგზავნა დარჩეს საჭირო, რადგან არაფერი საარაკო გურიაში არ მომხდარა. დაწვრილებით გურიის ამბები ხვალ გვექნება დაბეჭდილი,,

- ,, დღეს 2 ნოემბერს საგანგებო მატარებლით გურიაში გაემგზავრებიან ნამესტნიკის თანაშემწე  გენერალი მალამა და ის კომისია, რომელმაც გურიაში მშვიდობიანობა უნდა ჩამოაგდოს.,,

 

- ,,გურიის ამბები, 15 ოქტომბერს ასე ღამის ამ საათზე ლანჩხუთიდან მიდიოდა ფეხით საჯავახოს სადგურის დასაცველად თენგინის პოლკის ჯარი. ნიგოითსა და საჯავახოს შუა ჯარი წააწყდა დიდ ბრბოს, ასე ორასამდე კაცს, რომელიც არღვევდა რკისნი გზის ლიანდაგს, ჯარი და ხალხი ერთმანეთს შეეხმაურა, ატყდა სროლა. ჯარის მხრივ არავინ დაჭრილა. ბრბო გაიქცა ტყეში და ამდენივე ჯარმა შეიპყრო.

 

 

გაზეთი ,,ივერია,, 1905 წლის 4 ნოემბერი

 

საზოგადოების მიმართ

,,ქართველ ქალთა კავშირის ბიურო მიმართავს ყველას საერთოდ და სთხოვს დახმარება აღმოუჩინონ შეძლებისა და გვარად ფულით, ტანისამოსით და ან სხვა საშუალებით უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილ გურულებს და სხვა საქართველოს კუთხეების ხალხს, რომელთაც ბევრი უბედურება გადახდათ ამ ბოლო დროს და ვისი ოჯახებიც სრულიად უნუგეშოდ არიან დარჩენილნი.

შემოწირულობა მიიღება ტფილისში: ანასტასია წერეთელთან ,,ჯეჯილის,, რედაქციაში (არტილერიის ქუჩა #5), ანასტასია გედევანიშვილთან (ყორღანოვის ქუჩა #20), მ. ჯავახიშვილთან (ცნობის ფურცელ,, რედ), ოზურგეთში: ნინა ნაკაშიძესთან.,,

 

გურულების სასარგებლოდ

,,რედაქციამ გურიაში დაზარალებულთა სასარგებლოდ მიიღო გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსისგან გიორგისგან 25 მან, წინეთ მიღებულთაგან სულ შემოსულია 130 მან.,

 

კავკასიის ნამესტნიკის განკარგულება

,,რადგანაც ქუთაისის გუბერნატორის აღმასრულებელმა ოზურგეთის მაზრა დაიარა და გამოარკვია საქმის ნამდვილი მდგომარეობა გურიაში, რომელიც უკანასკნელ გაფიცვის დროიდან ყოველი კუთხიდან მოწყვეტილ იყო ტელეგრაფისა და რკინიგზის ლიანდაგის გაფუჭების გამო და მასთან ერთად გამოირკვა ქუთაისის გუბერნიის დანარჩენ მაზრების მდგომარეობაც, შესაძლოდ ვსცანი, ამ გუბერნიაში სამხედრო წესები ავხსნა და ამასთან ერთად გავაუქმო დროებითი გენერალ -გუბერნატორის თანამდებობა და გურიაში გასაგზავნად ჯარებისაგან შემდგარი რაზმი უკანვე გამოვიწვიო, რის გამო სათანადო განკარგულებანი უკვე მოვახდინე.,,

,,გურიაში აღარ მიემგზავრებიან საზოგადოებისგან ამორჩეულნი წარმომადგენლები და ნამესტნიკის მიერ დანიშნული გენერალ ლეინტენტი მალამა და ბატონი ვედენბაუმი, რადგანაც ქუთაისის გუბერნატორმა ბ-ნმა სტაროსელსკიმ დაარწმუნა ნამესტნიკი, რომ გურია ახლა სრულიად დამშვიდებულიაო. ბ-ნმა სტაროსელსკიმ დაბეჯითებითა სთხოვა გრაფ ვორონცოვ დაშკოვს, ქუთაისის გუბერნიაში ახლახანს შემოღებული ომიანობის დროის წესები გააუქმოს, რადგანაც მცხოვრებნი ძლიერ შეწუხებულნი არიანო და შესაძლოა ხალხმა ვეღარ მოითმინოს და რაიმე უბედურება დატრიალდესო. ნამესტნიკმა უკვე ბრძანება გასცა ომიანობის დროის წესების გაუქმების შესახებ.,,

გაგრძელება იქნება

 

'.$TEXT['print'].'