გურია, კალანდა, ჩიჩილაკი - ტრადიციები და რიტუალი
ავტორი: გურიის მოამბე
გურია, კალანდა, ჩიჩილაკი - ტრადიციები და რიტუალი

2020 წლის 13 იანვარს, 18:00 საათზე, სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახლ-მუზეუმში ,,კალანდის’’ დღისამდი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება გაიმართება!!!

 

-ჩატარდება უძველესი საკალანდო რიტუალები : აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი, დამზადდება ჩიჩილაკი.

-ღონისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები.

-ორგანიზატორი, ოზურგეთი მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილება.

-დასაწყისი 18:00 საათზე.

გურული ტრადიციები და ძველი გურია

 

გურიაში ახალ წელს "კალანდას" ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილი დიდის, ხსენების დღეს ემთხვევა. კალანდის მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის ჯოხისგან ამზადებენ.

ჩიჩლაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ.

ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.

კალანდის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო სანოვაგით დატვირთულ გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს აიღებდნენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.

კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა.

მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.

საახალწლო სუფრის აუციელებლი ელემენტია საცივი. საშობაო კვერი ტრადიციული გურული ხაჭაპურია (ღვიძელი). ესაა ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით. ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლო იყო.

გურული ღვეძელი იყო გათხოვილი ქალის მოკითხვისას მშობლების ძღვენის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ნახევარმთვარის ფორმა ძველი გურულების რწმენით ძლიერების სიმბოლო იყო.

საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე, წითლად აელვებულ ნაკვერჩხალზე. მოხარშულ კვერცხებს ორი დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებდნენ ან ფრცქვნიდნენ, გაფიცხებულ კეცზე დააწყობდნენ და ნაკვერჩხალზე ბრაწავდნენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'