"უფალმა ყველაფერზე მაღლა დააყენა ადამიანის თავისუფლება და თქვა- თუ შენ თავისუფლად არ ამომირჩიე არაფერს აქვს აზრი"
ავტორი: გურიის მოამბე
"უფალმა ყველაფერზე მაღლა დააყენა ადამიანის თავისუფლება და თქვა- თუ შენ თავისუფლად არ ამომირჩიე არაფერს აქვს აზრი"

"კარგად თუ ჩავუფიქრდები, აღმოვაჩენ, რომ რაც მე მინდა, ღმერთის კანონებს ეწინააღმდეგება", - ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ქადაგებისას.

„არაცნობიერში ხშირად დამინახავს შინაგანი სურვილი, რომ ქრისტე რომ მოვიდა ამ ქვეყნად, სამყარო რეალურად შეეცვალა ყველანაირად, გარეგნულად, პოლიტიკურადაც კი. ეშმაკიც ხომ ზუსტად ამას სთავაზობს უდაბნოში მას, მაგრამ ქრისტემ თავისი საღმრთო ძალაუფლებით უარყო, შეეცვალა ეს სამყარო გარეგნულად. მან არ ისურვა თავისი კანონებით დიქტატურა დაემყარებინა, რომ არ ეარსება არც ერთ ადამიანს სამყაროში, რომელსაც არ შეეძლებოდა ქრისტეს მცნებების გარეშე ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში, არ იარსებებდა არც ერთი პილიტიკური პარტია, არც ერთი სექტა, არც ერთი რელიგია, არამედ, იქნებოდა ერთადერთი ქრისტეს რჯული, თეოლოგიური პრინციპით, მსოფლიო მმართველობისა და მხოლოდ ქრისტიანობა იქნებოდა.

კარგად რომ ჩავუფიქრდეთ, სამწუხაროდ, ეს გვინდა და მოგვწონს ხოლმე, მაგრამ ქრისტემ ყოველივე ეს უარყო და იცით, რატომ?

ამ ყველაფერზე მაღლა დააყენა ადამიანის თავისუფლება და მითხრა: თეოდორე, თავისუფალი თუ არ იქენი, არაფერს, სასუფეველსაც, შენს ჩემთან ყოფნასაც კი აზრი არა აქვს შენთვის, თუ შენ თავისუფლად არ ამომირჩიე.
ქრისტემ სხვა გზა აირჩია - ადამიანის შინაგანი ფერისცვალება, ამიტომ თქვა: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.

აი, ამის ვერდანახვა არის უმთავრესი პრობლემა ჩემი, როგორც ქრისტიანისა.

ქრისტემ შეიძლება ჩემს გარეგნულ ცხოვრებაში არაფერი შეცვალოს. მეტსაც გეტყვით, შეიძლება პირიქითაც კი მოხდეს, როგორც პავლე მოციქულის შემთხვევაში - როდესაც პავლე გახდა ქრისტესი, ცხოვრებაში ყველაფერი ცუდისკენ შემოუტრიალდა ამსოფლიური გაგებით. ბოლოს თავიც მოჰკვეთეს. მაგრამ პავლე შინაგანად შეიცვალა.

და როდესაც მე ქრისტიანი ვხდები, უნდა დავუშვა, რომ ჩემს თავსაც შეიძლება ასე მოხდეს, რათა მთელი აქცენტი საღმრთო ძალმოსილებისა წავიდეს იქით, რომ ჩემი შინაგანი შეიცვალოს და არა გარეგანი. გარეგანი შეიძლება უკანაც კი წავიდეს და მე ამისთვის მზად უნდა ვიყო,“ - ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

'.$TEXT['print'].'