რა უნდოდა სტალინს ჩოხატაურში და რატომ გამოკეტეს ბოქაული ბეღელში გურულებმა
ავტორი: გურიის მოამბე
რა უნდოდა სტალინს ჩოხატაურში და რატომ გამოკეტეს ბოქაული ბეღელში გურულებმა

"გურიის მოამბეს" მიაწოდეს ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურების მკვიდრი ორი რევოლუციონერის მოგონება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოგონება 1947 წელსაა დაწერილი რაც თავისთავად მას გაეკვეულ დარს ასვამს, ვფიქრობღ რომ ის გურიის ისტორიის მკვლევარებისათვის მაინც მნიშვნელოვანია და ამიტომ გთავაზობთ მას სრულად.

მასში კარგადაა აღწერილი იმფროინდელი გურული გლეხების ყოფა და არსებული სოციალური მდგომარეობა.

ეს დოკუმენტი "გურიის მოამბეს" ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის (სადაც ინახება ის), თანამშრომელმა ვასილ ნადირიძემ გააცნო;

ჩოხატაურის რაიონის სოფ.ზემოფარცხმის მცხ.საკ.კ.პ./ბ/ წევრების შერმანდი ამბაკოს ძე და ასალო ანდრიას ძე ცინცაძეების

მოგონება

1902 წლის გაზაფხულზე ჩვენში არავიTარი მოძრაობა არიყო. თუმცა გლეხები დიდ ტანჯვა-აწიოკებას განიცდიდა მემამულეების, სამღვდელოებისა და მთავრობის მოხელეებისაგან. მიწები ჩენში მეტად მწირი იყო და ნაკლებმოსავლიანი. მემამულეები მიწებს დასამუშავებლად სანახევროდ იძლეოდნენ. უფრო მწირ მიწებს სამესამედოდაც  სცემდნენ. მაგრამ თუ გლეხი თავისი კარგი მუშაობით მეტ მოსავალს მოიყვანდა მემამულე პირს შეგვიშლიდა დ მოსავლის ნახევარი მიჰქონდა. მთელი მოსავლის ნახევარი პირველ რიგში მემამულისას უნდა მიგვეტანა. თუ სასიმინდეს ჭერი არ ჰქონდა ან დახურული  არ იყო, ჩვენ უნდა ჩაგვეხურა და ჩაგვეჭერა. თუ ქცევა მიწიდან მემამულისათვის ფუთ ლობიოზე ნაკლები მოვიდოდა, უნდა გვეყიდა ისე უნდა მიგვერთმევია. გარდა ამისა მოურავისათვის უნდა მიგვეცა ქცევაზე მანეთი და დედალი და თუ კარგ სადილს არ გაუკეთებდით მოურავს, ისე გაყოფაზე არ დაგვესწრებოდა, რის გარეშე მოსავლის განაწილების უფლება არ გვქონდა. ამას ემატებოდა მღვდლების დრამა ფულის გადასახადი  2 მანეთი კომლზე.დაბადების, წირვის, დასაფლავების და სხვ. თუ წინასწარ საორმოცოს არ მივსცემდით, ისე დასაფლავების ნებას არ იძლეოდა მღვდელი. მთავრობის გადასახადებს ხომ ანგარიში არ ჰქონდა. ასე, რომ გლეხკაცი ამ გადასახადებს ვეღარ ასდიოდა, მაგრამ რა კი ხსნას ვერანაირად ვეღარ ვხედავდით, ყოველივე ამას ვითმენდით და ვიტანდით ამ  მძიმე ტანჯვა-აწიოკებას. ეს გაჭირვებული მდგომარეობა მოსახლეობას, სოფლიდან ერეკებოდა სამუშევარზე ქალაქად. ჩვენგან კი უფრო მეტად  ბათუმში მიდიოდნენ და იქ  მუშაობდნენ ქარხნებში, როდესაც 1902 წლის 9 მარტის დემონსტრაციის შემდეგ ბათუმის ქარხნების მუშები დაითხოვენ და თავიანთ სამშობლოში გადაასახლენ, მათმა რევოლუციის ცეცხლი ამოიტანეს და 1902 წლის აპრილის დასაწყისში დიდი სტალინის დავალებით ესე ცინცაძემ შეგვკრიბა სანდო ხალხი და  ზემოფარცხმის მცხოვრები ი. ჩხიკვაძის ბინაზე შევიკრიბეთ 11 კაცი, რომელთაგანც ჩამოყალიბდა პირველი წრე. მეორე კრება მოვიწვიეთ იმავე წლის მაისში ღამით საისლეში /ტყეში/, რომელსაც 200 კაცი და ქალი დაესწრო. ეს კრება ჩაატარა ბათუმის მუშებმა ესე ცინცაძემ და ი. მეგრელიძემ, რომლებმაც გაარკვიეს ხალხის გაჭირვების ნამდვილი მიზეზები და მიუთითეს გამოსავალ გზებზე. ამის შემდეგ ფართოდ გაიშალა საწრეო მუშაობა. გამოიყო ათისთავები, ასისთავები და საზოგადოების წარმომადგენლები. ბათუმიდან სისტემატიურად ვღებულობდით პროკლამაციებს, ბროშურებს და სახელმძღვანელო მითითებებს.

1902 წლის გაზაფხულიდან დაიწყო მემამულეების წინააღმდეგ გაფიცვა. უარი ვსთქვით მიწის სანახევროდ დამუშავებაზე და მოვითხოვეთ მიწის საიჯარო ფასად 3 მანეთის დაწესება. ასეთი მითითება მოგვცა ბათუმიდან ამოსულმა ამანაგებმა. 1903 წელს უფრო ფართო ხასიათი მიიღო გაფიცვებმა და მიღებული იქნა ზომები შტრეიკბეხერების წინააღმდეგ.

1904 წლის საპირველმაისოდ ბათუმის კომიტეტის დავალებით მოვაწყვეთ დემონსტრაცია, რომელიც ჩაგვიშალა ბოქაულმა ენჩიბეგოვმა. ის სურებში იყო თავისი რაზმით და როცა გაიგო ჩვენი დემონსტრაციის სამზადისი სასწრაფოდ გამოეშურა. შეხვდა ხიდისთავიდან მომავალ დემონსტრანტებს. აუტეხა სროლა და ორი მოკლა, დანარჩენები გაიფანტა. ჩვენ წამოვედით დროებით დემონსტრაციის ჩასატარებლად, მაგრამ დაგვედევნა ბოქაული და დავიშალეთ. ამ ამბებთან დაკავშირებით ამოვიდა ეგზეკუცია, რომელიც მთელ ზაფხულს დარჩა და ხალხი ააწიოკა. დააპატიმრეს 67 კაცი და 1905 წლის ზაფხულამდე ქუთაისის ციხეში ამყოფეს გამომწყვდეული.

1904 წლიდან ტარდებოდა დისკუსია პარტიაში მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის. ჩვენი მხრივ დისკუსიებში მონაწილეობდნენ უფრო მეტად: ესე ცინცძე, თედორე კალანდაძე, თეოფილე ჩიჩუა, არჩილ დოლიძე,  გრიგოლ როგავა, სარჯველაძე და სხვები. მაგრამ, მენშევიკებმა დიდ ძალებს მოუყარეს თავი და ესე ცინცაძემ წინადადება შემოიტანა სოსო ჯუღელის ამოყვანის შესახებ. 1905 წლის აგვისტოს დასაწყისში ესე ცინცაძემ ერმილე დოლიძის ეტლით ამოიყვანა ახალგაზრდა პროპაგანდისტი სოსო ჯუღაშვილი, მიიყვანა თავის სახლში და საღამოს ამოიყვანა სოსო ცინცაძისას, სადაც ღამე გაათია და მეორე დღეს წავიდნენ კრების ჩასატარებლად. რამოდენიმე ადგილას ჩაატრა სტალინმა კრება და ყოველგან დამარცხდა მენშევიკები კამათში. 10 დღემდე დარჩა დიდი სტალინი ჩოხატაურში. ჩაატარა კრებები ფარცხმაში, ხიდისთავში, იანეულში და გარდა ამისა მთელი რიგი პატარა კრებები და საუბრები ჩაატარა, როგორც გლეხებში, ისე ჩვენს ორგანიზაციებში და გაემგზავრა საჯავახოსკენ ესე ცინცაძის თანხლებით.

1905 წლის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში თავს დავესხით ჩოხატაურის ბოქაულს გაგუას გამთენიეს ხანს. ოთხ პლასტუნამდე მოვკალით, რამოდენიმე დაიჭრა და სხვებმა იარაღი დაჰყარა. თვით ბოქაული დავაპატიმრეთ და სურებში გადავმალეთ. ამის შემდეგ მეორე და მესამე დღეს ამოვიდა  ლაზაჩენკო /მაზრის უფროსი/ კაზაკებისა და პლასტუნების თანხლებით, წაიღო ბოქაულისა და სასამართლოს საქმეები, ასევე ფოსტა და მოსამართლის თანხლებით გაბრუნდა მესამე დღეს საღამოს.ნასაკირალზე მათ თავს დაესხა ჩვენი წითელი რაზმები, სადაც ბრძოლა გაგრძელდა 2 დღე  და როცა მაშველი ჯარი ოზურგეთიდან მოვიდა წითელი რაზმელები მობრუნდნენ და წამოვიდნენ. ლაზაჩენკოს ჯარი როცა ჩავიდა ოზურგთში ერთი კვირის შემდეგ თავს დაესხა ოზურგეთს წითელი რაზმელები. გაანიარაღეს ლაზაჩენკოს დამცველი რაზმი. თვით ლაზაჩენკო შეიპყრეს და ხულაში /ბეღელში/ ჩაამწყვდიეს. ამ ამბების შემდეგ 1905  წლის ნოემბრის შუა რიცხვებში საჯავახოდან ეტლით ამოვიდა გენერალ გუბერნატორი სტაროსელსკი თავისი ბრენდის თანხლებით, რომელმაც დამინახა მე-შერმანდინი ცინცაძე  და მთხოვა წამეყვანა ბინის გასათევად ვინმესთან. მე ის მივიყვანე ექიმ დათიკო ჯაფარიძისას. მეორე დღეს სტაროსელსკიმ ერთი კვირის განმავლობაში ჩამოიარა ხალხში. ურჩია დამშვიდება, მისცა რიგი დაპირებები, გამოჰყო ხალხისაგან წესრიგის დაცვის მილიცია. ერთად მეც ვიყავი გამოყოფილი. გახსნა ფოსტა, ე.ი. მოაწყო ხალხის თვითმმართველობა და წავიდა ისევ საჯავახოსკენ. ამის შემდეგ 1907 წლის თებერვლამდე ჩოხატაურში ხალხის თვითმმართველობა გვქონდა. ბოქაული გაგუა 15 დღის შემდეგ გავანთავისუფლედ და წავიდა სახლში,/სამეგრელოში/. უბანში დარჩა მისი მოადგილე ასათიანი, მაგრამ  ის აღარავითარ საქმეებში არ ერეოდა. როდესაც ალიხანოვის ჯარმა ნატანები და ოზურგეთი გადაწვა, გამოემართა ჩვენსკენ. 1906 წლის თებერვლის დასაწყისში ალიხანოვის ჯარის /კრიმოვის მეთაურობით/ შესახვედრად გაგვაგზავნეს ცხრა კაცი, რომლებიც შევხდით ნასაკირალის პოლზე, ბახვის წყალთან საიდანაც წამოვედით ნაგომარში. იმ ღამეს იქ დარჩენ და მეორე დღეს გადასწვეს ნაგომარი, საიდანაც გაწვეულ იქნენ უკანვე და 10 დღის შემდეგ ამოვიდნენ ჩოხატაურში სადაც გადასწვევს ამორჩევით რამოდენიმე სახლები და მათ შორის ჩემი /შერმანდი ცინცაძის/ სახლი. ამის შემდეგ დადგა რეაქციის მძიმე პერიოდი და ხალხს განუზომლად აწიოკებდნენ. ნაწილ ხალხს დაგვიწყეს ძებნა დასაჭერად, მათ შორის ჩვენი სოფლიდან გვეძებდნენ: მიხაკო პაიჭაძეს, ვალერიან მეგრელიშვილს,მე, შერმანდი ცინცაძეს და სხვ. რომლებიც თავს ვაფარებდით სოფელს. თუმცა ხალხს დიდ იძულებაში აყენებდნენ, მაგრამ ხალხი ისე ერთგული იყო რევოლუციის საქმის, რომელსაც ჩვენ ვემსახურებოდით, რომ არავის არ გაუცივართ. 8 წლის განმავლობაში ვიყავით ასე მალულ მდგომარეობაში და ერთგულად გვინახავდა ხალხი.

ამჟამად კოლმეურნეობაში ვმუშაობთ და სასოფლო საბჭოს დეპუტატები ვართ. პარტიაში ვმუშაობთ შერმანადი 1904 წლიდან და ასალო 1905 წლიდან და დრემდე თავდადებულად, მთელი ჩვენი შესაძლებლობითა და ენერგიით ვმუშაობთ ჩვენი დიდი ბელადისა და მასწავლებლის, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ კონსტიტუციის შემომქმედის სსრ კავშირის გენერალი სიმუსი ი.ბ. სტალინის ხელმძღვანელობით, რომელმაც რევოლუციის გარიჟრაჟზე დაარწო  რევოლუციის აკვანი ჩვენს სოფელშიდაც და ჩაგვინერგა ჩვენი ძალების უძლეველობის მტკიცე რწმენა. ამ რწმენით ვმუშაობდით პირველი რევოლუციის დროს და რეაქციის პერიოდში. ამ რწმენით ვიბრძოდით ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის წლეებსა და სოციალიზმის მშენებლობის წლეებში. ამ რწმენით ვმუშაობდით თავდადებულად სსრკ დიდი სამამულო ომის წლეებში და ამავე რწმენით ვეგებებოდით საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებს. დღესაც მოხუცებულობის მიუხედავად მტკიცედ შეგვრჩა სტალინის მიერ ჩანერგილი ჩვენი ძალების რწმენა 4 სტალინური ხუთწლიანი გეგმის წარმატებით შესრულების და კომუნისტური საზოგადოების აშენებისათვის ბრძოლის საქმეში.

 

1. შ. ცინცაძე.    2.ა. ცინცაძე.

1947  წელი 24 იანვარი.

მოგონება შევადგინე / ჩავწერე ბათუმის შ. რუსთაველის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლების ლექტორმა-კ.ბაბილოძემ.

'.$TEXT['print'].'