რატომ არ ესაუბრება ,,გურიას“ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გულშემატკივარს და მედიას?!
ავტორი: გურიის მოამბე
რატომ არ ესაუბრება ,,გურიას“ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გულშემატკივარს და მედიას?!

როგორც დავაანონსეთ, ,,ჰო და არასთან“ არსებულ ,,თავისუფალ სახლში“ შედგა შეხვედრა საფეხბურთო კლუბ ,,გურიასთან“ დაკავშირებით, რომელსაც, სამწუხაროდ, მხოლოდ გულშემატკივრები დაესწრნენ. თავდაპირველად გვინდა აღვნიშნოთ, რომ მედიასაშულების იგნორი, იქნება ეს ადგილობრივი, ცენტრალური თუ უცხორი გამოცემა, ბუმერანგივით უბრუნდება ხოლმე ყველას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ შეხვედრას, მთავარი მიზანი და მოტივაცია იყო, რომ ჩატეხილი ხიდი გულშემატკივარსა და კლუბს შორის როგორმე აღდგენილიყო, ეს ადგილობრივ ხელისუფლებასაც ეხება, ლანჩხუთში უნდა დამთავრდეს რიშელიესეული დამოკიდებულება, ყველგან ყველაფერი ჩუმად არ უნდა კეთდებოდეს. არასდროს ,,ჰო და არას“ საფიქრალი არ ყოფილა კონკრეტულად კახა ებრალიძეს, დავით ყენიას, კობა მირზაშვილის, თენგიზ კიკვაძის თუ სხვათა დისკრედიტაცია მოეხდინა. შავით თეთრზე ვწერთ, როდესაც საქმე ,,გურიას“ ეხება, კეთილი ინებონ და საქმის კურსში ჩაგვაყენონ როგორც გულშემატკივრები, ასევე ჟურნალისტები როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, ასევე კლუბის მოქმედმა დირექტორატმა, გუშინ, დღეს, ხვალ, სულერთია ვინც იყო, არის და იქნება სათავეში.

,,თავისუფალ სახლში“ შეხვედრა მაინც შედგა, დაისვა ყველა ის შეკითხვა, რაც გულშემატკივარს აწუხებს, მართალია ადგილზე ვერ მიიღეს პასუხი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ მაინც გაგვხდიან პასუხის ღირსად. მკითხველს გავაცნობთ იმ ძირითად შეკითხვებს, რომელიც როგორც გულშემატკივრებს, ასევე ჟურნალისტებს გვაწუხებს, ამის შემდეგ კონკრეტული გულშემატკივრების პოზიციებსაც გაგაცნობთ. შეკითხვები შემდეგი სახის იყო: რატომ ვერ შეასრულა კახა ებრალიძემ ე.წ ,,მაისის დაპირებები“, შეგახსენებთ, რომ ებრალიძემ მაისში ,,გურიას“ ლიგა 2-ში დატოვებასთან დაკავშირებით მყარი პასუხისმგებლობა აიღო. რატომ შეიცვალა სეზონში სამი მთავარი მწვრთნელი( თენგიზ პატარაია, გელა სანაია, თემურ ლორია). რატომ ვერ მოხერხდა სასტარტო თერთმეტეულის შეკვრა, რამ გამოიწვია ამდენი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა-მოსვლა. რა რეაგირება მოახდინა ,,გურიას“ ხელმძღვანელობამ ,,ჩაწყობილი თამაშების სკანდალზე“. როგორც ბესიკ ტაბიძე ამბობს, მან მოიძია სოლიდური თანხა კლუბისთვის, ასევე კახა ებრალიძემ საკუთარი ფული მიიტანა(რაშიც ნამდვილად ვერ შეედავები), თავისთავად ფეხბურთის განვითარების ფონდიდან იყო თანხა გამოყოფილი, მაშინ რატომ დადგა ,,გურიასთვის“ ეს შედეგი? გულშემატკივარს ასევე აინტერესბს ,,გურიას“ ვალის ზუსტი რაოდენობა. საუბარია ,,გურიას“ აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით და როგორც ითქვა, სამხარაულის ბიუროს დასკვნას ელოდებიან, რატომ არ მოხდა ამ თემის გაოფიციალურება? ერთ-ერთი მთავარი კითხვა: რატომ დაიკარგა კომუნიკაცია ,,გურიასა“ და გულშემატკივარს შორის, მაშინ რისთვის გადის გუნდი სტადიონზე? როგორც მოგეხსენებათ, გუნდი უნდა შეიკრიბოს სასწრაფოდ, ხოლო აუქციონი დაახლოებით სამი თვის შემდეგ არის დაგეგმილი, როგორ იქნება ისე, რომ დღეს სხვამ შეკრიბოს გუნდი და ერთი წრის მერე სხვამ ჩაიბაროს? აცნობიერებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება მასზედ ნაკისრ პასუხისმგებლობას ,,გურიასთან“ დაკავშირებით და თუ აცნობიერებს რატომ გაურბის შეკითხვებს? ჩვენ ასევე ველოდით კობა მირზაშვილს, რომელმაც შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაგვირეკა და გვითრა, რომ თბილისში იმყოფებოდა სწორედ ,,გურიას“ საკითხზე და მოსვლას ვერ მოახერხებდა. მირზაშვილის მისამართით ინტერესი არანაკლებია, რამდენად რეალურია მისი წინადადებები, რამდენად სწრაფად მოახერხებს საგარანტიო წერილის წარმოდგენას და ა.შ
შეკრებილი გულშემატკივრების უმრავლესობა აუქციონის სასწრაფო წესით ჩატარებას მოითხოვდნენ, ამ თემაზე მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა(,,გურიას“ დიდმა გულშემატკივარმა) გია ნაჭყებიამამ ისაუბრა: ,,წერილი მომზადდა ჩემი სამსახურის მიერ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სახელზე. ჩვენ ვთხოვთ მათ, შეგვიფასონ დღევანდელი ,,გურიას“ პასივი და აქტივი, ვალი, ღირებულება და ა.შ. მოტივაცია არის პრივატიზაცია. ერთი თვის განმავლობაში გამოაგზავნის ეს ბიურო შესაბამის დასკვნას. მსურველები ელექტრონულ აუქციონზე დარეგისტრირდებიან და მიიღებენ მონაწილეობას“. მკითხველისთვის საინტერესო იქნება მობრძანებული გულშემატკივრების აზრი და მათ გამოსვლებს, მოკლედ გაგაცნობთ. ჯანო ქინქლაძე:,,ყველამ ვიცით, რომ გუნდი არის სასწრაფოდ შესაკრები, იქნებ დაგვიანებულიც კი. ახლა საუბარია აუქციონზე, რომელიც ჩატარდება რამდენიმე თვეში, მაგრამ აქ იქმნება მთავარი უხერხულობა, აწყობს კი დღეს შეკრებილი გუნდი სამი თვის შემდეგ მოსულ ახალ მფლობელს? ეს პროცესები, იმედია, უფრო მეტ ქაოსში არ გადაიზრდება. კითხვებს რაც შეეხება, რა მოხდა, რატომ მოხდა? სამწუხაროდ პასუხისმგებელი პირები არ მოვიდნენ, რომ მათთვის პირადად დამესვა ეს შეკითხვები“. გია გოგუაძე: ,,არ გამოვდგები ადგილობრივი ხელისუფლების დამცველად და არც ,,გურიას“ მოქმედი დირექტორატისა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ორთავე მათგანმა მწვრთნელ-ფეხბურთელებს შეუქმნეს იდეალური პირობები, ეთამაშათ ფეხბურთი. როცა გუნდი ერთად იკრიბება, ერთად იკვებება, ერთად ვარჯიშობს, ამაზე დიდი ფუფუნება არ არსებობს, რაც ,,გურიას“ არ მოკლებია. რაც შეეხება გადამწყვეტ მატჩს, გუნდს ამზადებს მთავარი მწვრთნელი, გაყავს მოედანზე და მის დავალებას იქ ასრულებს მხოლოდ სამი ფეხბურთელი, ერთი მეკარე და ორი ფეხბურთელი, დანარჩენი ზოგი რას თამაშობს და ზოგი რას, ამას ფეხბურთის ფედერაცია ვერ ხედავს? ამ სიტუაციას ვერც ადგილობრივი ხელისუფლება და დირექტორატი ვერ შეცვლიდა, ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებინა ერთი რაღაცა_პირველი ტაიმის შემდეგ, უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც თავის დროზე ,,ხარკოვთან“, უნდა გამოგვეყვანა გარეთ კლუბის ხელმძღვანელობა, შევსულიყავით ფეხბურთელებთან და ის სიტყვები გვეთქვა მათთვის რასაც იმსახურებდნენ და მერე ნახავდით თუ არ ითამაშებდნენ. ვერც იმას დამაჯერებს ვერავინ, რომ კახა ებრალიძემ ტოტალიზატორი ითამაშა და ამისთვის მიიტანა ამდენი ფული ,,გურიაში“, ეს სრული აბსურდია“. გია გოგუაძეს მწვავედ გამოეხმაურა ნუგზარ ჩხაიძე: ,,გია, ძალიან გთხოვ პოლიტიკურში ნუ გადაგყავს ეს თემა. კახა ებრალიძეს, თემურ ლორიას ოჯახს ვანდობ და ჩემი თავი შემოევლოთ, მაგრამ როდესაც სიტუაციას ვერ აკონტროლებ, საქმე არ გამოგდის, სხვებს კი არ უნდა გადააბრალო და კიდევ დარჩენაზე კი არ უნდა იფიქრო, არამედ პასუხისმგებლობა უნდა აიღო და წახვიდე. 2017 წელს რაც შედეგი დაუდგა ,,გურიას“, ყველამ ვიცით, თავს ვერავინ გაიმართლებს, მაგრამ კაციშვილს არ შევუწუხებივართ და არაფერი გადაწყვეტილა გარედან, იყო მცდელობა, რომელიც აღვკვეთეთ. ეს არ არის ჩვეულებრივი აიპი, როდესაც საქმე ,,გურიას“ ეხება პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. ხშირად მითქვამს და გავიმეორებ, სანამ კობა მირზაშვილის ოჯახის წინაშე სამართლიანობა აღდგება გინდ სპორტული, გინდ ადამიანური თვალსაზრისით, ,,გურია“ ვერ გაიხარებს. გაიგეთ კიდევ ერთი რამ, აიპი და ფეხბურთი ერთად არ შეიძლება. აუქციონს რაც შეეხება, ეს უნდა მოხდეს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში“.
ნური ფირცხალაიშვილი: ,,რატომ არ არის აქ ხელმძღვანელობა, თამაშის წინ მითხრეს, რომ ტყუილად ვნერვიულობდი და ყველაფერი გადაწყვეტილი იყო ,,არაგვის“ სასარგებლოდ. გამცენ ამ შეკითხვაზე პასუხი. ჩვენ გულები შევალიეთ ,,გურიას“ გულშემატკივრობას, პასუხის ღირსებიც კი არ ვართ?!“
მახო დუნდუა: ,,მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ბესიკ ტაბიძემ უარი უნდა თქვას ,,გურიას“ საპატიო პრეზიდენტობაზე, სწორედ ის ბლოკავს ყველას გარდა ებრალიძისა. დღეს, ტაბიძე წყვეტს ვინ უნდა იყოს კლუბში, როგორ უნდა იყოს და ა.შ დამერწმუნეთ, ახლა კახა ებრალიძე გაიყვანს გუნდს და აუქციონიც აღარ ჩატარდება, მოიგებენ რამდენიმე მატჩს და მერე იტყვიან, ხედავ როგორი წარმატებული ვართო? ხალხი ხმის ამომღები არ არისო ასე ფიქრობენ“.
ელისო ჭიჭინაძე:,,ბავშვობიდან მიყვარს ფეხბურთი, ,,გურიას“ მიმართ კი წლებია საოცარი დამოკიდებულება მაქვს, ძალიან განვიცდი მის ყველა მარცხს და წარუმატებლობას. თავად ვარ მოწმე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ,,არაგვთან“ მატჩის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვიცი როგორ განიცადეს მათ ,,გურიას“ დაქვეითება. მაგრამ, დღეს კი ველოდი მათგანაც და კლუბის ხელმძღვანელობისაგან კითხვებზე პასუხს, იმიტომ რომ ,,გურია“ ეს საერთო სიყვარულის საგანია და მის მომავალზე ძალიან ვღელავთ.“
სხვა გულშემატკივრებმაც გამოთქვეს თავიანთი აზრი, მაგრამ ძირითადი საკითხები რაც იყო ზემოთ მოგახსენეთ და წერილს არ გადავტვირთავთ. ვახტანგ ზენაიშვილმა რა თქმა უნდა თავის სტილში კლუბის კერძო საკუთრებაში გადასვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. იმედს ვიტოვებთ კითხვების ადრესატები გაეცნობიან ამ სტატიას და უახლოეს მომავალში გულშემატკივარს პასუხს გასცემენ!
თორნიკე ჯიჯიეშვილი 
ჰო და არა

'.$TEXT['print'].'