"ღორმუცელა მღვდლები" და "მემამულეთა განადგურებული" ყანები - გურია 1902-4 წლები
ავტორი: გურიის მოამბე
"ღორმუცელა მღვდლები" და "მემამულეთა განადგურებული" ყანები - გურია 1902-4 წლები

 

"გურიის მოამბე" აგრძელებს ჩოხატაურელი რევოლუციონერების მოგონებების ბეჭდვას.

ამჯერად გთავაზობთ სოფელ სოფ. ზემოფარცხმის მცხოვრები  რევოლუციონერის მოგონება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოგონება 1947 წელსაა დაწერილი რაც თავისთავად მას გაეკვეულ დაღს ასვამს, ვფიქრობღ რომ ის გურიის ისტორიის მკვლევარებისათვის მაინც მნიშვნელოვანია და ამიტომ გთავაზობთ მას სრულად.

მასში კარგადაა აღწერილი იმფროინდელი გურული გლეხების ყოფა და არსებული სოციალური მდგომარეობა.

ეს დოკუმენტი "გურიის მოამბეს" ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის (სადაც ინახება ის), თანამშრომელმა ვასილ ნადირიძემ გააცნო;

 

ჩოხატაურის რაიონის სოფ. ზემოფარცხმის მცხოვრები საკ.  კ. პ./ ბ/ წევრი 1904 წლის 1/1 -დან, საკოლმეურნეო პ/პარტორგანიზაციის პ/ბ მდივანი /1939 წლიდან უცვლელად/ -სეფე ალექსანდრე ძე ცინცაძის

მოგონება 

 1901- 5 წლის მოძრაობისა და ი. ბ. სტალინის ჩოხატაურში ყოფნისა და მუშაობის ჩატარების შესახებ.

მეტად დუხჭირი ცხოვრება გვქონდა ცარიზმის დროს. მიწები, ტყეები და წყალიც კი მემამულეებს ეკუთვნოდა. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ თავის  გამოსაყიდი გადასახადის გადახდაც კი მოუსრულებია ნაწილ გლეხობას და ნახევრად ყმა  გლეხების მდგმორაებაში იმყოფებოდნენ. ისედაც მცირე მოსავლიანი და მწირე მიწების დამუშავება- სარგებლობისათვის მთელი შემოსავალის ნახევარი მემამულისათვის უნდა მიგვეზიდა მათ ბეღელში გარდა ამისა ყოველი ქცევა მიწაზე თითო მანეთი და ქათამი   მათი  მოურავისთვის უნდა მიგვერთმია, მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი შემოსავლის გაყოფაზე გვესწრებოდნენ, რათა მემამულეს ეჭვი არ შეპარვოდა, რომ მათი მოსავლის ნახევარზე არა ნაკლები მივართვიო. ამას ემატებოდა დიდი გადასახადები მთავრობის, მემამულეებისა და სამაღვდელოების სასარგებლოდ. გარდა მემამულისათვის  მიწის, ტყისა და წყლის სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადებისა და მთავრობის სასარგებლოდ ყოველ კომლს უნდა გადაეხადა 15- 25-მდე მანეთი. ე.წ ფოსტის ფული, 10-20-მდე მიწის ბაჟი, გარდა ამისა მწერლის, იასაულის, დარაჯის, ეზოს, სხვა მრავალი. სამღვდელოების გადასახადები: დრამა ფული კომლზე 2 მანეთი, მონათვლის ჯვარის წერის, საწირვის, დასაფლავების და სხვა. იყო შემთხევა, როცა  გლეხს არ  მისცეს მიცვალებულის დასაფლავების ნება სანამ გაჭირვებულმა გლეხმა უკანასკნელი სარჩო არ გაუყიდა ბავშვებს და მით არ დააკმაყოფილა ღორმუცელა მღვდელი. ვინაიდან მღვდლები ყველაფერში ფულს ღებულობდნენ და თან საკურთხიც ბლომად მიჰქონდათ, გლეხები წინააღმდეგი იყვნენ დრამა ფულის გადახდას და რამოდენიმე წლის გადასახდელი დრამა  ფული არ გადაიხადნენ,  მაგრამ 1903,  1904 და 1905  წლებში ეგზეკუციის დროს გლეხებს გადაახდევინეს ყველა ნარჩენი გადასახადები და დამატებით ეგზეკუციის  შესანახი დიდი ხარჯებიც დააკისრეს. ამ მძიმე უღელის ქვეშ გლეხობა დიდხანს გმინავდა, მაგრამ შველას ვერსად ხედავდა, ვიდრე 1901 წლის ბოლოსა და 1902 წლის დასაწყისში არ იგრძნო დიდი მზუნველისა და მოამაგის ახალგაზრდა რევლუციონერი ი.ბ სტალინის სითბო, რომელიც ამ პერიოდში სათავეში ჩაუდგა ბათუმის მუშებს. დარაზმა ისინი კაპიტალიზმისა და და ცარიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად  და მუშებისა და გლეხების კავშირის მარქსისტულ-ლენინური იდეით გამსჭვალულმა თავისი მზრუნველი ხელი გამოუწოდა დასავლეთ საქართველოს გლეხობას. შექმნილი მდგომარეობა გლეხებს სოფლიდან ერეკებოდა სამუშაოს საშოვრად და ვინაიდან 1900 წლის დასასრულს ბათუმში მუშებზე იყო მოთხოვნა, ჩვენი სოფლიდანაც მიეშურებოდნენ იქ სამუშევრის საშოვნად ხელმოკლე გლეხები 1901 წლის ბოლოსა და 1902 წლის დასაწყისში ი. ბ სტალინის ხელმძღვანელობით ბათუმში რევმოძრაობის აღმავლობასთან დაკავშირებით. ამ ბრძოლებში ი. ბ. სტალინის   მიერ გამოწრთობილი ჩვენი სოფლიდან წასული ბათუმის ქარხნებში მომუშავე: ესე/პეტრე/,გრიგოლ კოსტა, აპალონ და სევასტი ცინცაძეებისა და სხვათა მეშვეობით- სტალინის უშვალო მითითებით ჩვენს სოფელშიაც იწყება ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა მთავრობის, მემაულეების და სამღვდელოების თვითნებობის წინააღმდეგ გლეხთა უკუღმართი ცხოვრების გამოსასწრებლად.

1902 წლის გაზაფხულეზე /მარტის ბოლოსა თუ აპრილის დასაწყისში/ ბათუმიდან ამოვიდა ესე/ პეტრე/ ცინცაძე, რომელმაც გაგვაცნო დაწვრილებით ბათუმის მუშათა 9 მარტის დემონსტრაციის დახვრეტის ამბავი. დაგვისურათა მუშათა რევოლუციურ-ორგანიზაციული მუშაობის მდგომარეობა,რაც მკვეთრად გაუმჯობესდა თბილისიდან ჩამოსული პროპაგანდისტის სოსო ჯუღაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც, როგორც ესემ გადმოგვცა ჩამოსულა თბილისის კომიტეტის დავალებით, შემოუკრებია თავის გარშემო მუშათა საუკეთესო კადრი და მისი ხელმძღვანელობით ბრძოლაში მუშებს დიდი წარმატებები მოეპოებია.  აი, ამ ხელმძღვანელის დავალებით ესე ცინცაძემ მოგვიწოდა შეგვექმნა წრე ყველაზე მოწინავე  და სანდო პირებისაგან.

ჩვენს სოფელში მოწვეულ ამ პირველ ვიწრო ფარულ კრებას ესწრებოდნენ: თვით ესე /პეტრე/, გრიგოლ, ლაღიძე, ასალო, შერმანდი, კოსტა, მერაბ, ნესტორ,  სუდე /თვით მე/ ქიშვარდი ცინცაძეები, კოტე დოლიძე, ივლიანე ჩხიკვაძე და სხვ. სტალინის მითითებისამებრ ამხ.  ესე ცინცაძემ გაგვაცნო რა ჩვენი გაჭირვებული ცხოვრების ნამდვილი მიზეზები და სოსოს მითითება ჩვენი საბრძოლო ამოცანების შესახებ ასახული იქნა ჩვენი მოქმედების გზები. ამ ახლად  შექმნილი  წრის ხელმძღვანელად გამომყვეს მე, ხოლო წარმომადგენლად ბათუმის კომიტეტთან კავშირისათვის გრიგოლ ცინცაძე.

1902 წლის მაისში მოწველი იქნა ჩვენი წრის გაფართოებული კრება სოფ.წიფნარაზე-საისლეში, სადაც მოწვეული იქნა წრის არა წევრი სანდო გლეხებიც. მიუხედავად ამ კრების მოწვევის კონსპირაციის  ყველა წევრების დაცვისა მისი მთავარი ხელმძღვანელები მაინც იქნა გაცემული და მთავრობამ იწყო გამოძიება დაკითხვებზე ამ კრების მთავარი მონაწილეებისა, მაგრამ ვერას გახდნენ, რადგან არცერთმა მონაწილემ ორგანიზატორები არ გასცენ. ბოლოს მაზრის მთავარი მწერალი კვიროს ქავჯარაძის მოსყიდვით მოვახერხეთ იმ კრების მთავარი მონაწილეების სიის მოპარვა და განადგურება. აღნიშნულ კრებებზე სოსოს მითითებებისამებრ გარკვეული იქნა საკითხი თუ ვინ არის ჩვენი ნამდვილი მტერი და ვის წინააღმდეგ უნდა იქნას წარმართული ჩვენი ბრძოლა, რათა დავაღწიოთ თავი შექმნილი მდგომარეობიდან. ამ დროიდან გაიშალა ჩვენში მასიური რევოლუციური მოძრაობა მთავრობისა და მისი დამქაშ მემამულე სამღვდელოების მუქთახორა წარმომადგენლების წინააღმდეგ და დაიწყო რევოლუციური მოძრაობის აღმავლობა.

1902 წლიდან წრეები შეიქმნა, თითქმის ყველა სოფლებში, გამოიყო ათისთავები, ასისთავები და საზოგადოების წარმომადგენლები ცენტრთან კავშირისათვის. პირველ ხანებში ჩვენ უშვალოდ უკავშირდებოდით ბათომის კომიტეტს, ხოლო უფრო გვიან შეიქმნა გურიის  კომიტეტი, რომელიც უახლოეს ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენდა და ბათომის კომიტეტის მითითებისამებრ ჩვენი მუშაობის წასამართავად.

1902 წლის გაზაფხულზე მოწყობილ კრებებზე ბათომის კომიტეტის მითითების შესაბამისად გადაწყდა მოგვეთხოვა მემამულეებისთვის მიწები მიეცათ დასამუშავებლად 3-6 მანეთამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში არ უნდა დაგვემუშავებია მემამულეთა მიწები. მოწინავე გლეხებმა იმავე წელს სთქვეს ვარი მემამულეთა მიწების დამუშავებაზე რადგან მათ არ სურდათ ჩვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მაგრამ ნაწილი გლეხებისა მაინც ამუშავებდა მემამულის მიწებს კვლავ სანახევროდ.

1903 - წელში უფრო ენერგიულო ზომები მივიღეთ მემამულეთა წინააღმდეგ გაფიცვებისთვის მასიური ხასიათის მისაცემად და რამოდენიმე გლეხს ყანები  მოუცელეთ მემაულეთა მიწაზე. მაგ. მე პირადად ორგანიზაციის დავალებით 1903 წლის ზაფხულში მოუცელე თამბაქო და სიმინდის ყანა. ღამით მასიკო და თედორე ხაბეიშვილებს ვაჭარი ვასიკო ცინცაძის მამულში.

1902 წლის გაზაფხულიდან სისტემატიურად ვღებულობდით პროკლამაციებს, ბროშურებს და სხვა სახელმძღვანელო მითითებებს ბათომის კომიტეტიდან. ამასთანავე ერთად ხშირად ამოდიოდა ბათომიდან ესე ცინცაძე, სხვა მუშები, რომლებიც გამოწრთნობილი იყვნენ ბათომის მუშათა სტალინურ წრეებში პირადათ  ხელმძღვანელობდნენ ჩვენს ბრძოლებს დიდი მოძღვარის  მითითებების შესაბამისად. პროკლამაციები და სხვა სახელმძღვანელო  მასალები უფრო ხშირად ამოჰქონდა გრიგოლ და ლადიმე ცინცაძეებს. ერთხელ მეც ამოვიტანე, რომელიც ბათომში მე გადმომცა ესე ცინცძემ და მანვე მომაცილა სადგურში მატარებლამდე. იქედგან კარზინკით ამოვიტანე ჩვენს სოფელში, აქედგან მუცელზე შემოკრული პროკლამაციები გადავიტანე სათანადო ადგილებზე და დაურიგე სანდო პირებს.

გაგრძელება იქნება

მოგონება შევადგინე / ჩავწერე ბათუმის შ. რუსთაველის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლების ლექტორმა-კ.ბაბილოძემ.

 

'.$TEXT['print'].'