რას დაპირდა ოზურგეთის მერი ცნობილ მევიოლონე ბელა ბერკემერ-მახარაძეს?
ავტორი: გურიის მოამბე
რას დაპირდა ოზურგეთის მერი ცნობილ მევიოლონე ბელა ბერკემერ-მახარაძეს?

ნატანებიდან საქვეყნო აღიარებამდე


რას დაპირდა ოზურგეთის მერი ცნობილ მევიოლონე ბელა ბერკემერ-მახარაძეს?

ყველასთვის საყვარელი ვირტუოზი წყვილი ქალბატონი ბელა ბერკემერ-მახარაძე და მისი მეუღლე, უვე ბერკემერი, მსოფლიო დონის მუსიკოსები არიან. ბელა მევიოლინე, უვე პიანისტი, დირიჟორი და კომპოზიტორია, ხშირად მართავენ სოლო კონცერტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ცხოვრობენ გერმანიის ქალაქ იბენბიურენში. ბატონი უვე მუშაობს გიმნაზიაში, სადაც ასწავლის გეოგრაფიას, ჰყავს ორკესტრი და გუნდი. ქალბატონი ბელა ასწავლის სამუსიკო სკოლაში და საჯარო სკოლაში, ჰყავს კერძო მოსწავლეები.

ეს წყვილი შეყვარებულია საქართველოზე და  განსაკუთრებით  გურიაზე, გურია ამაყობს თავისი ცეცხლოვანი მევიოლინე ქალბატონით, რომელიც ნატანებელი გახლავთ. ბატონი უვე პირველი გერმანელია რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, შესანიშნავად საუბრობს ქართულად, იცნობს ჩვენს ქვეყანას, გულშემატკივრობს და დამსახურებაც აქვს მის წინაშე. 2005 წელს მან ჩამოაყალიბა კავკასიური კამერული ორკესტრი, რომელსაც ჰქონდა უამრავი წარმატება 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ეს ორკესტრი ახლა პროექტების სახით არსებობს და მუსიკოსები წელიწადში ერთხელ გერმანიაში იკრიბებიან.

ქართული მუსიკალური სამყაროსათვის რეზონანსულია ამ ჯადოქარი წყვილის  მომნუსხველი და ემოციური კონცერტები, რომელიც ყოველ გაზაფხულზე იმართება თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ამჯერად კი,  11 აპრილისთვისაა ჩანიშნული.

ცნობილ მევიოლინეს პირველი შეკითხვა ბავშვობაზე დავუსვით:

-  ქალბატონო ბელა გაგვაცანით მშობლები და გაგვიმხილეთ როგორ აქციეთ ნატანები თქვენი წარმატებული შემოქმედებითი ცხოვრების საუკეთესო ტრამპლინად?

- პირიქით, ნატანებმა და ჩემმა მშობლებმა მაქცია მე ასეთად. დედა - ეთერი კვერღელიძე, პროფესიით პიანისტი, იყო ნატანების მუსიკალური სასწავლებლის ჯერ დირექტორის მოადგილე, შემდეგ დირექტორი, მამა - რომან მახარაძე, პროფესიით ინჟინერია. მშობლები დამეხმარნენ სწორი არჩევანის გაკეთებაში. საუკეთესო პედაგოგები მყავდა, რომლებმაც გამიკვალეს გზა  დედაჩემისა და მამაჩემის უდიდესი თანადგომით. ჩემი სტუდენტობა 90-იანი წლების სიდუხჭირეს დაემთხვა. დეფიციტი იყო პური, შუქის მოსვლა ნადვილი დღესასწაული გახლდათ. ძალიან გამიმართლა, როცა კონსრვატორიის დამთავრებისთანავე ქალბატონმა ლიანა ისაკაძემ მიმიწვია საქართველოს კამერულ ორკესტრში სამუშაოდ, ვინაიდან რამდენიმე თვეში მან ორკესტრში მოიწვია დირიჟორად უვე ბერკემერი და იქ შედგა უვეს მხრიდან ერთი ნახვით სიყვარული.  მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ ენას არ ვფლობდი, ძალიან რომანტიკული დღეები გვქონდა, მალე ვიქორწინეთ.

- ორი ქალიშვილი გყავთ, ისინიც მუსიკოსის გზას ირჩევენ?

- რათქმაუნდა, უფროსი, ნინა მუსიკალურ გიმნაზია-ინტერნატში სწავლობს, თავის ასაკთან შედარებით წარმატებული ახალგაზრდა მუსიკოსი და მრავალგზის ლაურეატია გერმანიის მასშტაბით. უმცროსი, მარი, ჩელოზე დაკვრას სწავლობს და ძალიან კარგად ართმევს თავს.

- როგორ ახერხებთ, რომ საქართველოსთან მუდმივი კონტაქტი გაქვთ და სოციალურ ქსელშიც უყურადღებოდ თითქმის არავის ტოვებთ?

- მაქვს ორი პროფილი ფეისბუქზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ფეისბუქის მეგობრები, მათგან ბევრ სიყვარულსა და თანადგომას ვიღებ,  რაც შეიძლება მეტი სითბო უნდა ვაჩუქოთ ადამიანებმა ერთმანეთს, ჩვენს ყველა ქცევას ბუმერანგის ეფექტი აქვს. რასაც გავცემთ, ის გვიბრუნდება. 

-  რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ გერმანელებისაგან?

- გერმანელებისაგან უნდა ვისწავლოთ დისიპლინა, დროის, წუთის, წამის ფასი. ამათთან მართლა ოქროს ფასი აქვს წამებსაც. უნდა ვისწავლოთ ცივი გონებით გათვლა ემოციური აფეთქების ნაცვლად. მეც ფეთქებადი ხასიათის ვარ, გურული. უვესაც შეუძლია აფეთქება, მაგრამ შედარებით თავშეკავებულია, ყოველთვის აწონდაწონის და შემდეგ გიპასუხებს. არასოდეს წავა შეხვედრაზე მოუმზადებლად, თუ სიტყვით გამოსავლელია წინასწარ ამზადებს მას. ჩემი სიტყვა კი ყოველთვის ემოციურია, გულის და გონების კარნახით ვსაუბრობ.

- თქვენს ინტერვიუებში ხშირად ახსენებთ ოზურგეთს, ნატანებს, თუმცა თქვენი და ბატონი უვეს კონცერტები ჯერ გურიაში არ გამართულა, მხოლოდ ერთხელ წარსდექით ნატანებში მცირე დარბაზის მაყურებლის წინაშე. მალე გურიის ერთადერთი სახელმწიფო თეატრის შენობა საზეიმოდ გაიხსნება. გურულებს გვექნება საშუალება ჩვენს საამაყო მევიოლონეს მოვუსმინოთ ამ განახლებული სცენიდან?

- დიახ, ერთადერთხელ მქონდა კონცერტი ორი წლის წინ ნატანებში და ეს ჩემთვის იყო ცხოვრების ძალიან დიდი საჩუქარი. პირველად ამ სცენაზე ვიდექი ცხრა წლისა და შემგომ მე წარვსდექი ჩემი ნატანებლების წინაშე, როგორც შემდგარი მევიოლინე. ამ კონცერტზე შემხვდა ოზურგეთის მერი ბატონი კოტე შარაშენიძე და საჯაროდ დამპირდა, რომ მომიწვევდა და ჩვენ დავუკრავდით განახლებულ ოზურგეთის თეატრში. მჯერა ბატონი კოტე დანაპირებს შეასრულებს. ეს ჩემი დიდი სურვილია. მთელი გულით ვულოცავ ოზურგეთს, გურიას, რომ მალე დასრულდება ჩვენი თეატრის შენობის რეაბილიტაცია და განახლებული თეატრი დაამშვენებს ჩვენს პატარა ქალაქს.

ჩემი ოჯახი ასევე დიდი სიამოვნებით დაუკრავდა ჩოხატაურში, ლანჩხუთში, სოფლებშიც. ეს დამოკიდებულია გურიაზე. თუ გურია გადაწყვეტს ჩვენს გულში ჩაკვრას, მე მივესალმები ამას, შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში ჩვენ მივცემთ ჩვენს სოლო კონცერტებს.

-12 თებერვალი თქვენი დაბადების დღეა, გილოცავთ საუკეთესო სურვილებით.

- ჩემი სურვილიც და ოცნებაც არის საქართველო ვნახო გაბრწყინებული, აღორძინებული, გაერთიანებული.

რას ვისურვებდი დაბადების დღეს? ვისურვებდი 11 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდოს, რადგან სპონსორი არ მყავს, გერმანიიდან ჩამოსვლა, დარბაზის იჯარა თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ყოველი  სტუმარი, იქ მოსული ადამიანი ავტომატურად ხდება კონცერტის სპონსორი. 

 

ეს ცეცხლოვანი წყვილი 11 აპრილს მსმენელს ჰპირდება დაუვიწყარ შემოქმედებით საკონცერტო საღამოს „მოცეკვავე სიმები“, სადაც პირველ განყოფილებაში შოუ ბალეტ ვერნისაჟის მოცეკვავეებთან  თამუნა აბესაძესა და გიორგი სუთიძესთან ერთად წარსდგებიან სპეციალურად შერჩეული გასართობი პროგრამით, ხოლო მეორე განყოფილებაში იქნება წარდგენა-გაყიდვა წიგნისა „ჯადოქარი მევიოლინე“, რომელიც ქალბატონი ბელა მახარაძის შემოქმედებას ეხება. წიგნის სპონსორია ქალბატონი ჯენი ჩხეიძე, რომელის უზომოდ მადლიერი გახლავთ ქალბატონი ბელა.  ეს არის პირველი წიგნი მევიოლინის შემოქმედებაზე. იგი გაიყიდება 11 აპრილს, კონცერტზე. გაყიდვებიდან შემოსული თანხა საქველმოქმედოა და გადაეცემა  შშმ  ორ ქართველ ახალგაზრდას.

ქალბატონ ბელას აქვს ტიტულები, სიგელები, ჯილდოები. სხვადასხვა დროს უკრავდა სამ ორკესტრში: ლიანა ისაკაძის საქართველოს კამერულ ორკესტრში, უვე ბერკემერის მსოფლიო კამერულ ორკესტრში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მუსიკოსები გახლდათ თავმოყრილი და კავკასიურ კამერულ ორკესტრში 2005-08 წლებში.

 ბელა ბერკემერ-მახარაძე: - უამრავ ქართველს ვუყვარვარ და ეს ჩემი ყველაზე დიდი ჯილდოა. უფალს მადლობა რომ დავიბადე ქართველად, და შემდგომ ჩემს ცხოვრებაში განვითარების ყოველ ეტაპს, წელს, დღეს, წუთსა და წამს ბედნიერად აღვიქვამ.

ძალიან  დიდი მადლობა საინტერესო კითხვებისათვის, მადლობა ჩემს ფეისბუქის მეგობრებს, ნატანებლებს, ჩემს მშობლებს, ოჯახს, მადლობა პედაგოგებს,   დიდი სიყვარულისათვის, მათი დამსახურებაა ჩემი დღევანდელობა.


ესაუბრა ლია კილაძე

 


 

 

 

'.$TEXT['print'].'