"საღორის ეზოდან თუ გახვალ, მაშინ მიკადო მსხალს, თუნდაც დამპალს, არავინ ჩამოგიყრის"
ავტორი: გურიის მოამბე
"საღორის ეზოდან თუ გახვალ, მაშინ მიკადო მსხალს, თუნდაც დამპალს, არავინ ჩამოგიყრის"

აი რომ წარმოიდგინო ...
... ცხოვრობ საღორეში, გეზარება ყველაფრის კეთება, რადგან იცი რომ საღორის ღობეს ვერ გაცდები… მერე ნელნელა ეჩვევი საღორის პატარ-პატარა სიხარულებით ტკბობას; მახსოვს ცხონებული ბაბუაჩემის ღორების ჟრიამული, გადამწიფებულ მიკადო მსხალს რომ ჩავუყრიდით ბავშვები გიდელით.
და ვერავინ დაგაყვედრის საღორეში ცხოვრებას, რადგან შემოღობილია ეს ოხერი საღორე და შანსი არაა არაფრის...
ჰოდა, ერთ დღეს გაიხსნა ამ საღორის კარი ...
ვინც გაბედა გასვლა, გავიდა ...
მაგრამ საღორის ეზოდან თუ გახვალ, მაშინ მიკადო მსხალს, თუნდაც დამპალს, არავინ ჩამოგიყრის ტყუილად ბაგაში.
ღიაა ახლა ეს ოხერი კარები და რისკია გასვლა...
კაი და დარჩი მშიერი; მერე რას იტყვი? უგერგილო ვარო?
- შემოღობილ საღორეში ვარ და ვერ გავდივარ ძამია - თავის მართლება აღარ ჭრის.
ჰოდა … გაბრაზდები ერთ დღეს და იყვირებ:
- დაკეტეთ ეს ოხერი კარები ისევ. ნერვებს მიშლის საღორიდან გაქცეულების ყურება. დაღუპვა უნდათ მაგათ ჩვენი. თავად კი გაუმართლათ, მაგრამ მე რომ არ გამიმართლოს?
ვიჯდებით აგერ წყნარად და მშვიდად და არც ოჯახობასთან დაგჭირდება თავის მართლება და არც მეგობარ ღრუტუებთან საკუთარ უგერგილობაზე. დაკეტილია ეს ოხერი კარები და შანსი არაა არაფრის ...
და ხარ მშვიდად, ნამეტანი მშვიდად; ფილოსოფიური ნეტარებით ღრღნი გადამწიფებული მიკადო მსხალის ყუნწს და ღრუტუნებ ნება-ნება ...
- კაია სიმშვიდე; უშიშარია; საიმედო ...
აფსუს! შანსი არაა არაფრის, თორემ!..
ჰაი გიდი! … -

'.$TEXT['print'].'