პროკურატურაზე გაბრაზებული ლანჩხუთის მერი "გურიის მოამბეს" შემოსწყრა
ავტორი: გურიის მოამბე
პროკურატურაზე გაბრაზებული ლანჩხუთის მერი "გურიის მოამბეს" შემოსწყრა

"გურიის მოამბეს" ინფორმაციით, რამდენიმე დღეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფია შესული.

როგორც ჩვენი წყარო ლანჩხუთის მერიიდან გვატყობინებს, გამოძიება ლანჩხუთის მერიის 2017 და 18 წლების მუშაობის პერიოდს იკვლევს და ის სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც გამომძიებლებს გააქვთ სწორედ ამ პერიოდით თარიღდება.

ირკვევა რომ გამოძიების ინტერესის სფერო არა მხოლოდ ყოფილი გამგებელი ზაზა ურუშაძე, არამედ მოქმედი მერი ალეკო სარიშვილიცაა.

"გურიის მოამბე" ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ლანჩხუთის მერს ტელეფონით დაუკავშირდა:

"გურიის მოამბე" ბატონო ალეკო გამარჯობათ, "გურიის მოამბედან გაწუხებთ, ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ რამდენიმე შეკითხვა გვაქვს?

ალეკო სარიშვილი; ლანჩხუთის მერი - არა რას ამბობთ, მოგესალმებით, გისმენთ.

"გურიის მოამბე" ბატონო ალეკო ვრცელდება ინფორმაცია რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა, ხომ ვერ გევტყვით რა პერიოდზეა საუბარი და კონკრეტულად რა არის გამოძიების ინტერესის სფერო?

ალეკო სარიშვილი - მე თქვენ არ გელაპარაკებით, უფრო სწორად ინტერვიუს არ გაძლევთ რადგან ტყუილებს ავრცელებთ...

გვითხრა მერმა და ტელეფონბი გათიშა.

ჩვენ კიდევ დავუკავშირდით ლანჩხუთის მერს, ვფიქრობდით, რომ მას აერია "გურიის მოამბე" ტვ "მთავარში" (რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამ "პასუხით" ტვ "მთავარის" ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის არიდებას ცდილობენ). თუმცა მერმა თქვა, რომ არავის არ დაელაპარაკება ვინც ასეთ შეკითხვებს დასვამს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლანჩხუთის მერია კორუფციაში დაადანაშაულა და მერიის ინფრასტრუქტურული და ზედამხედველობის სამსახურების უფროსების გადაყენება მოითხოვა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ჩვენი ინფორმაციით, რომელზეც მერს საუბარი არ სურს, ლანჩხუთის მერიაში პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი შევიდა და 2017-18 წლების სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანა.

'.$TEXT['print'].'