გურია ევროპასა და იაპონიას ნორვეგიული ორაგულით მოამარაგებს
გურია ევროპასა და იაპონიას ნორვეგიული ორაგულით მოამარაგებს

„რუსული ბაზარი არასტაბილური და პოლიტიზირებულია, იქ მდგომარეობა შესაძლოა რამდენიმე წამში რადიკალურად შეიცვალოს, და წყალში ჩაიყაროს წლების განმავლობაში გაწეული უზარმაზარი სამუშაო, ამ მხრივ ევროპულ ბაზარზე რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, ის გვაძლევს უზარმაზარ შანსს და ვცდილობ ეს შანსი გამოვიყენო“


კომპანია „გურია ფიში“ ევროპისა და იაპონიის ბაზარზე ნორვეგიულ ორაგულს რამდენიმე წელიწადში გაიტანს.

 

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სალიფსიტე მეურნეობის მშენებლობა ოზურგეთში გასული წლის მიწურულს დასრულდა და მან სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება მიმდინარე წელს უკვე დაიწყო.  

 

 

 როგორ  და რატომ გაჩნდა გურიაში ძვირფასი თევზის ჯიშების წარმოების იდეა, ამაზე კომპანიის  „გურია ფიში“ მეპატრონე და მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი , ბიზნესმენი გიორგი ჩხაიძე გვიყვება:  „საქართველოს აქვს მდინარეების დიდი რესურსი და სამწუხაროდ ,საერთოდ არ არის განვითარებული თევზის წარმოება. თევზის ბიზნესი, ზოგადად, მაღალი რისკჯგუფის ბიზნესია, მითუფრო საქართველოში, სადაც დარგი პრაქტიკულად შეუსწავლელია. თუმცა მივიჩნიე, რომ ვინმეს და ოდესმე  საქართველოშიც  სერიოზულად უნდა  დაეწყო ეს საქმე.  საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, რომელიც იძლევა ისტორიულ შანს ჩვენთვის, ქართველი ბიზნესმენებისათვის, მსოფლიოში ყველაზე სტაბილურ და დიდი პოტენციალის მქონე ევროპის ბაზარზე შესვლის, მე დავინტერესდი ამ თემით და ერთ-ერთ ესპანურ კომპანიას შევუკვეთე კვლევა, თუ რა სახეობის თევზის ექსპორტია შესაძლებელი ევროპულ ბაზარზე და შესაძლებელია თუ არა ამ სახეობის საქართველოში წარმოება.

კვლევის შედეგად რეკომენდაცია გაეწია ნორვეგიულ ორაგულს  და წითელწინწკლება კალმახს, რომლებზეც ევროპულ  და იაპონურ ბაზრებზე სერიოზული დეფიციტია. თავიდან ჩვენ სულ სხვა სახეობაზე ვფიქრობდით, მაგრამ  რაკი კვლევის შედეგად ეს მივიღეთ, გადაწყვეტილებაც, თავისთავად, მის სასარგებლოდ  გავაკეთეთ. მხოლოდ ამის შემდეგ, დანიურ კომპანიას, რომელიც ბრენდია მსოფლიოში ამ მიმართულებით , დავუკვეთე ქარხნის პროექტი. რაც შეეხება კითხვას, რატომ გურიაში, ვფიქრობ, ამაზე პასუხი გურულებმა ისედაც იციან: როცა  რაიმე კუთხით არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მაქვს , მე ყოველთვის მშობლიურ კუთხეს  ვანიჭებ უპირატესობას. ამ შემთხვევაშიც, გურიის წყლების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ დონის სალიფსიტეს  სტანდარტებს აქაური წყლების მონაცემები(ტემპერატურული და არამარტო) დააკმაყოფილებდა, რასაკვირველია,  სხვა ადგილი აღარ გვიძებნია“ - ყვება ჩვენთან საუბარში ჩხაიძე.

 

 

,,თავიდან ადგილობრივები ჩვენს წამოწყებას ცოტა სკეპტიკურად შეხვდნენ, იყო საპროტესტო აქციებიც, მათ ეგონათ რომ ჩვენ, სხვების მსგავსად, აქ მოვედით იმიტომ, რომ მდინარიდან ინერტული მასალები წაგვეღო.  თუმცა მალევე დარწმუნდნენ სინამდვილეში რაც ხდებოდა და ახლა ისინი ჩვენი მხარდამჭერები არიან. წარმოებაში დასაქმებულია 12 ადამიანი, ყველა ადგილობრივი, მათი საშუალო  ხელფასი კი 600 ლარია. მშენებლობის პროცესში  ერთი წლის განმავლობაში 50 -მდე ადამიანი მუშაობდა, აქედან 70% ადგილობრივი იყო“ - ამბობს  ჩვენთან საუბარში  გიორგი ჩხაიძე.

 

გარდა ამისა , "გურია ფიშმა" ამ უბანში დააფინანსა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, მაგალითად ღამის განათება. ასევე  ,,გურია ფიში“ ამ უბანს, დაახლოებით 50 ოჯახს,  ყოველდღიურად, უფასოდ ტექნიკური წყლით ამარაგებს.

 

კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვთ, ამიტომ სალიფსიტე მეურნეობის ოფიციალური გახსნა სულ მალე,  სწორედ მათი  მონაწილეობით მოხდება.

 

"ამ მეურნეობაში დღეისათვის დაახლოებით 2 მილიონ ნახევარი ლარია ჩადებული, მეორეში კი  15 მილიონ ლარამდე, ვგულისხმობ ყვავილნარს , სადაც აქაურ ლიფსიტებს გადავიყვანთ და წარმოების სრულ ციკლს შევკრავთ. ამ პროექტის განხორციელებაში სახელმწიფო პროგრამიდან დაგვეხმარნენ, ხოლო ინვესტიციის 80% აგროსესხის საშუალებით მოვაგროვეთ. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კი, მეურნეობის ამუშავების  შემდეგ კვირიკეთის ამ ნაწილში საავტომობილო გზა მოაასფალტა და ამ უბანში მინი საფეხბურთო სტადიონისა და ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობას გეგმავს" - გვიყვება გიორგი ჩხაიძე.

 

 

 დღეს კვირიკეთის  ეს კუთხე  გაცოცხლებული და კეთილმოწყობილია. კომპანიის   შიდა სამეურნეო  ეზო  ტექნოლოგიურადაც და ვიზუალურადაც  საინტერესოდ გამოიყურება.  აუზებთან მიახლოება მხოლოდ სადეზინფექციო  პროცედურების გავლითა და  სპეცეკიპირებითაა შესაძლებელი. რა გზა გაიარეს  ბარის პირველი  დარტყმიდან ამ დონის სათევზე მეურნეობის  გამართვამდე, ამის შესახებ მეურნეობის მენეჯმენტი გვიამბობს:

"დანიურმა კომპანია „აკვაგრუპმა“  სოფელ კვირიკეთში  მდინარე ბჟუჟის სანაპიროსთან დაახლობით 4 ათასი კვადრატული მეტრ   ფართობზე 12 აუზიანი - 8 დიდი (48 ტონა) და 4  პატარა (12 ტონა), შენობა სათევზე  მეურნეობისათვის, ორი დამხმარე ნაგებობით, გასულ წელს, თურქი სპეციალისტების მონაწილეობით დაასრულა. ხოლო თავად დანიურმა კომპანიამ  თანამედროვე  ლიფსიტების საჩეკი  დანადგარი, აუზები და წარმოებისთვის  აუცილებელი სხვა სპეციალური  მოწყობილობები დაამონტაჟა, სისტემა ააწყო, თანამშრომლები გადაამზადა  და მის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა აიღო.  სალიფსიტე  მეურნეობაში ყველაფერი  სენსორზეა,  პროცესის მართვა ხორციელდება კომპიუტერულად. მთავარი ისაა, რომ აქ იწარმოება  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ანუ  წყალი თევზამდე ის არ მიდის, სანამ ულტრაიისფერი ნათებით  არ დამუშავდება, ამ დროს კვდება პარაზიტი ბაქტერიები და უკვე  სუფთა წყალი  ჩაედინება აუზებში.  

სალიფსიტე ძირითადად ევროპული კომპანიების მიერ წარმოებული ტექნოლოგიებით  საქმიანობს. მხოლოდ შენობა -ნაგებობაა შეძენილი თურქეთში. აპარატურის ნაწილი დანიაში,  ნორვეგიასა და საფრანგეთშია ნაყიდი.  ყველა დანადგარი საუკეთესო  და ულტრა თანამედროვეა, და ეს ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით შევძელით" - გვიყვება „გურია ფიშის“ დირექტორი ალეკო ტოტოჩავა.

 

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე გურიიდან თევზეულის ნედლი პროდუქცია გავა ექსპორტზე, ხოლო მომავალში, ადგილზე, როგორც საკონსერვო, ასევე გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა იგეგმება.

 

 

"ჯერ-ჯერობით, სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ,  მეურნეობის წარმადობა წელიწადში 24 ტონა იქნება. ჩვენი საჩეკი მოწყობილობით 25 დღეში შეგვიძლია 300 ათასი ლიფსიტის მიღება. ჩვენ ჩამოგვაქვს ორაგულის განაყოფიერებული ქვირითი ნორვეგიიდან, ასევე ჩამოგვაქვს ნაკადულის კალმახის ქვირითი იტალიიდან, თვითმფრინავით, სპეციალური შეფუთვით ტემპერატურების დაცვის რეჟიმით. გამოჩეკის შემდეგ ლიფსიტა  თავსდება სპეციალურ სათავსოებში, რის შემდეგაც გადაგვყავს  პირველ აუზში, რომელიც არის  შედარებით პატარა, შემდეგ დიდ აუზში.  5 გრამამდე იზრდება 12 ტონიან აუზში და 5 გრამიდან გადადის დაახლოებით 48 ტონიან აუზში და უნდა გაიზარდოს 60 გრამამდე. მხოლოდ ამის შემდეგ  უკვე ვაშორებთ მტკნარ წყალს და გადაგვყავს მეორე მეურნეობაში ,რომელიც შენდება ყვავილნარში, შავი ზღვის სანაპიროზე. სპეციალურ მლაშე წყალში ორაგული იზრდება სამ კილოგრამამდე, რის შემდეგაც მოხდება მისი ექსპორტი საზღვარგარეთ" - გვიხსნის კახა თავბერიძე, მეურნეობის წარმოების მენეჯერი.

 

„ბოლო რამდენიმე წელია თურქეთში ვმუშაობ, იქ მუშაობა ძირითადად სეზონურია, როცა ბოლოს ჩამოვედი, გაზეთში წავიკითხე,  კომპანია ვაკანსიას აცხადებდა სხვადასხვა პოზიციებზე, მოვედი გასაუბრებაზე და ამიყვანეს, წელიწადზე მეტია აქ ვარ, ხელფასი 600 ლარი მაქვს, საზღვარგარეთ მუშაობას რა თქმა უნდა ჯობია, აქვე ვცხოვრობ და ღამით საკუთარ სახლში ვბრუნდები, მეუღლესთან და შვილებთან. მთელი უბანი ემადლიერება ამ კომპანიას,  გზა, განათება, წყალი, ნაპირსამაგრი გაბიონი, ამ სიკეთეებს, ყველაფერს კომპანიის შემოსვლას უკავშირებენ“ - თქვა „გურია ფიშის“ თანამშრომელმა დათო ნაცვალაძემ.

 

 

იგივეს ყვება მეორე თანამშრომელი უჩა პაპუნაშვილი, ისიც ადგილობრივია და „გურია ფიშში“ ისიც გასაუბრებვით მოხვდა:

„ვაკანსია ვნახე ინტერნეტში  და მივიღე კონკურსში მონაწილეობა . თევზის მომვლელი ვარ, ვმუშაობ 9 დან - 17 საათამდე, ანაზღაურება 600 ლარი, მანამდე ვმუშაობდი ყავის სამქროში,  აქ მუშაობა გადამაწყვეტინა უკეთესმა პირობებმა, ნორმალურმა სამუშაო გარემომ“.


კომპანიას დიდი და მრავალმხრივი გეგმები აქვს, თუმცა ამ გეგმის ის ნაწილი, რაც  რეალიზებულია და  უკვე ცხადად ჩანს, იმის საფუძველს იძლევა,  დანარჩენისაც ირწმუნოს  კაცმა. ამ გეგმის ბოლო, დამამთავრებელი კადრი კი ყველაზე ამბიციურ გურულსაც კი დააკმაყოფილებს: ევროპულ და იაპონურ სუპერმარკეტებში  ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი იქნება  წითელწინწკლება კალმახი ან ნორვეგიული ჯიშის ორაგული, რომლის  შეფუთვაზე  მინიშნებული იქნება; თევზი გურიიდან!

 

'.$TEXT['print'].'