საქონელი შიმშილით დაგვეხოცება ჩვენც გვითავდება საკვები - რედაქციაში სოფლებიდან რეკავენ
ავტორი: გურიის მოამბე
საქონელი შიმშილით დაგვეხოცება ჩვენც გვითავდება საკვები - რედაქციაში სოფლებიდან რეკავენ

"გურიის მოამბეს" რედაქციაში დღეს დილიდან არ წყდება ზარები სოფლებიდან.

ადგილობრივი მოსახლეობა გამოუვალ სიტუაციაზე საუბრობს და ხელისუფლებას სასწარფო ზომების მიღებაისაკენ მოუწოდებს:

"არ არის ტრანსპორტი, გასაგებია რომ მიმდინარეობს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და გარკვეული ღონისძიებების გატარება, იგივე ტრანსპორტის შეზღუდვა აუცილებელი გახდა, ამას გაგებით ვეკიდებით, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, არის სოფლები სადაც სასურსათო მაღაზიაც არ არის, მაგალითად ორმეთი (სოფელი შრომის თემში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ასეთი სოფლები ბევრია, ასევე საგანგაშოა რომ ამ დროისათვის სოფლებში ყოველთვის იწურება საქონლის საკვები, პირუტყვიც შიმშილის საფრთხის წინაშეა, ვინმემ არ შეიძლება ჩამოატაროს საქონლის და ადამიანის საკვები სოფლებში რომ შევიძინოთ. აგერ ახლა ხახვი და კარტოფილი ჩამოატარეს და დაესია სოფელი, ასე არ შეიძლება მთავრობამ, რომ დაკეტა გასასვლელ გამოსასვლელი, ჩამოატაროს კომბინირებული საკვები პირუტყვისათვის და მოსახლეობისათვის პირველადი მოხმარების ნივთები?" კითხულობენ სოფლებიდან.

რედაქცია ოზურგეთში მოქმედ კორონავირუსის საწინააღმდეგო შტაბს დაუკავშირდა.

როგორც შტაბის წევრმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ დაგვპირდა, ამ მიმართულებით დღესვე მიღებული იქნება ზომები.

სირაძე თხოვნით მიმართავს მოსახლეობას ნებისმიერ საკითხზე დაუკავშირდნენ ოზურგეთის ცხელ ხაზზე: 599 06 82 00;577 60 13 04;599 44 04 74;

ცნობისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გურიაში ორი დღეა შეიზღუდა ტრანსპორტი და მგზავრობა მხოლოდ საქალაქთაშორისო მიმართულებებზე მიმდინარეობს.

ასევე საგულისხმოა, რომ გურიაში უამრავი სოფელია სადაც სასურსათო მაღაზია არ ფუნქციონირებს.

'.$TEXT['print'].'