„საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციებით მიმართავს
ავტორი: გურიის მოამბე
„საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციებით მიმართავს

„საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი“ მუნიციპალური ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად

  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციებით მიმართავს 

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა“, პარტნიორ „გურიის მედიატორთა ასოციაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა მოსახლეობის აზრის კვლევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - ბაილეთში, მერიასა და ჯუმათში. კვლევა ძირითად მიზნად ისახავდა ამ ადმინისტრაციული ერთეულებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი დასახლებების წინაშე არსებული პრობლემებისა და საჭიროებების გამოკვეთას მუნიციპალური ნარჩენების მართვის სფეროში. შესაბამისად, კვლევის ფარგლებში გამოკითხული იქნა ზემოაღნიშნულ 3 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დასახლებებში მცხოვრები, ფაქტიურად, მოქმედი ყველა მესამე ოჯახის თითო სრულწლოვანი წევრი, გენდერული ბალანსის გათვალისწინებით. რესპოდენტთა უშუალო გამოკითხვა უზრუნველყო პარტნიორმა ადგილობრივმა სათემო-საინიციატივო ჯგუფებმა: ბაილეთის სათემო ცენტრმა „ბაიამ“, მერიის საინიციატივო ჯგუფმა „იმედმა“ და ჯუმათის სათემო ცენტრმა „ჯუმამ“.

აღსანიშნავია, რომ კვლევისას გამოვლენილი იქნა ის ძირითადი საჭიროებები (პრობლემები), რომელთა გადაჭრაც, მნიშვნელოვანწილად, შეუწყობს ხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მათ შემადგენლობაში შემავალ დასახლებებში მუნიციპალური ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პირობების არსებით გაუმჯობესებას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმით“ ნაკისრი ვალდებულებების სათანადო და ჯეროვან განხორციელებას.

საბოლოო ჯამში, ბაილეთის, მერიისა და ჯუმათის ადმინისტრაციული ერთეულებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი კონკრეტული დასახლებების წინაშე მუნიციპალური ნარჩენების მართვის სფეროში გამოკვეთილი ძირითადი საჭიროებების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის წარდგენილი იქნა შემდეგი სარეკომენდაციო წინადადებები: 

(1) აუცილებელია, რომ მუნიციპალური ნარჩენების გატანის (დასუფთავების) სერვისმა, გეოგრაფიული თვალსაზრისით, სრულად მოიცვას და დაფაროს ბაილეთის, მერიისა და ჯუმათის ადმინისტრაციული ერთეულების შემადგენლობაში შემავალი ყველა დასახლება;

(2) მუნიციპალური ნარჩენების გატანის (დასუფთავების) სერვისის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია არსებითად გაიზარდოს ამ ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გამოყოფილი ნაგვის კონტეინერების არსებული რაოდენობა (როგორც ირკვევა, ბაილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებული ნაგვის კონტეინერების არსებული რაოდენობა, საერთო ჯამში, 8 ერთეულს შეადგენს, მერიაში - 18 ცალს, ხოლო ჯუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში კი - მხოლოდ 4 ერთეულს, რაც აშკარად არასაკმარისია);

(3) ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ადეკვატური რაოდენობის ნაგვის კონტეინერების განთავსება ბაილეთის, მერიისა და ჯუმათის ადმინისტრაციული ერთეულების ყველა დასახლებაში (უბანში);

(4) განხორციელდეს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე განთავსებული ნაგვის კონტეინერებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ინტენსივობის გაუმჯობესების მიმართულებით;

(5) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმით“ ნაკისრი „სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა / რემედიაციის“ ვალდებულების ფარგლებში მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს ადმინისტრაციული ერთეულების დასახლებებში ნარჩენების განთავსების სპონტანური ადგილების (ე.წ. „სტიქიური“ ნაგავსაყრელების) სრული ინვენტარიზაცია (ადგილმდებარეობის, მოცულობის, შემადგენლობის იდენტიფიცირება) და ამ ადგილების დასუფთავება და ტერიტორიის აღდგენა;

(6) ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჯარო სკოლასა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ასევე ადმინისტრაციულ შენობაში ქაღალდის ნარჩენების წყაროსთან სეპარირების (დახარისხების) სისტემის პროექტის განხორციელების, შეძლებისდაგვარად, უმოკლეს ვადაში დაწყება;

(7) ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაიგეგმოს და განხორციელდეს ეფექტიანი საინფორმაციო კამპანია მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და კომპონენტებზე საზოგადოების ცნობიერების დონის ასამაღლებლად, მათ შორის შესაბამისი ნარჩენების სახეობების იდენტიფიცირების უნარისა თუ მათი სეპარირებული შეგროვების ჩვევათა გამომუშავების მიზნით;

(8) და ბოლოს, მიზანშეწონილია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები დასუფთავების მოსაკრებელის გადახდის აუცილებლობის საკითხის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების დონისა და ამ საკითხისადმი მისი დადებითი დამოკიდებულების ასამაღლებლად.

„საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი“ იმედს გამოთქვამს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია სათანადო ყურადღებას დაუთმობს ზემოაღნიშნულ სარეკომენდაციო მოსაზრებებსა თუ წინადადებებს და, რაც მთავარია, ადეკვატურ რეაგირებას განახორციელებს მათთან მიმართებაში.

შენიშვნა: მოსახლეობის აზრის კვლევა და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება განხორციელდა „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირისა“ და „გურიის მედიატორთა ასოციაციის“ ერთობლივი პროექტის - „ნარჩენების მართვის სახელისუფლებო ვალდებულებები და გარემოს დაცვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“ - ფარგლებში. აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის  (CSRDG) მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის  ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერი.

 

'.$TEXT['print'].'