არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება დიდ გამოწვევად რჩება- კუბილიუსი
ავტორი: გურიის მოამბე
არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება დიდ გამოწვევად რჩება- კუბილიუსი

ანდრეას კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ყურადღება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე გაამახვილა.

"საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ნაბიჯები იძლევა საშუალებას, 8 მარტის შეთანხმების შესრულდეს.

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ფასილიტატორების როლს შეთანხმების მიღწევაში, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ჩათვლით. ევროკავშირს შეუძლია, პოლიტიკური კრიზისის მქონე ქვეყნებს მათ მოგვარებაში დაეხმაროს.

საქართველო ქვეყანაა, რომელიც შეიძლება იყოს კარგი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, მაგრამ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება დიდ გამოწვევად რჩება. ეს, რაღაც კუთხით, პოსტსაბჭოთა ტრადიციაა.

სწორედ ამიტომ, მე მსურს, დაჟინებით მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ასევე, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, გადახედოს თავის შესაძლებლობებს, გააძლიეროს წარმომადგენლობა არჩევნებამდე, რათა საქართველოს ამ გამოწვევის დაძლევაში დაეხმაროს", - განაცხადა მან.

ანდრეას კუბილიუსი აქტიურად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ მმართველმა გუნდმა 8 მარტის შეთანხმების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას არ გულისხმობს - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება ორნაწილიანია და საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხებს მოიცავს.

კუბილიუსმა 13 მაისს ისიც თქვა, რომ საქართველო ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებიდან ახალი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 000 000 ევროზე მეტს მიიღებს. თუმცა, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან.

მას შემდეგ, რაც 15 მაისს, ოპოზიციის და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, დასავლელი პარტნიორები გიორგი რურუას გათავისუფლებას ელიან - 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიენა და ის პატიმრობაში დატოვა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, ანუ რურუა არ გათავისუფლდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

'.$TEXT['print'].'