შეწყალების შესახებ ივანიშვილი, თალაკვაძე და გახარია გავაფრთხილე- ზურაბიშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
შეწყალების შესახებ ივანიშვილი, თალაკვაძე და გახარია გავაფრთხილე- ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ცნობით, მან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციის ლიდერების შეწყალების გაჟღერებამდე, ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

როგორც ზურაბიშვილი რუსთავი 2-თან, გადაცემა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს, მან წინასწარ ბიძინა ივანიშვილი, არჩილ თალაკვაძე და გიორგი გახარია გააფრთხილა, - "იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი".

თუმცა, შეწყალების აქტის გამოცემიდან მალევე, უმრავლესობაში ამბობდნენ, რომ პრეზიდენტთან მათ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონიათ და გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყვეს.

პრეზიდენტის მტკიცებით, მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, - "ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ​შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და "ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს" , - ამბობს ზურაბიშვილი.

ქართულ ოცნებაში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პოლიტპატიმრების შეწყალების აქტი გამოსცა, ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებას უწუნებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს "არარელევანტური" გადაწყვეტილებაა.

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. თუმცა, პრეზიდენტი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, "ვინაიდან საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები".

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია, პირველი - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, მეორე კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყვნენ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა. ოქრუაშვილი და უგულავა 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, თუმცა, 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიენა და ის პატიმრობაში დატოვა.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

'.$TEXT['print'].'