საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტს გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ავტორი: გურიის მოამბე
საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტს გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

20 მაისს საქართველოს პარლამენტის გარემოდ დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ტყის კოდექსს, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ახალ პირობას ითვალისწინებს. საბოლოოდ მიღებამდე  კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული. მისი ძირითადი დებულებები მიღების შემთხვევაში სექტემბრიდან ამოქმედდება.

კომიტეტზე კანონის მესამე მოსმენით განხილვა ძირითადად იმის მტკიცება იყო, რომ საპატრიარქოს განსაკუთრებული პრივილეგია ამ კანონით არ ენიჭება. ითქვა რომ ეს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დამატებით უფლებებზე საუბარი არის “მორიგი ტყუილი” და  “პოლიტიკური სპეკულაცია”. კანონპროექტი კომიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვიმა წარუდგინა, რომელმაც თქვა, რომ ეკლესია უფლებებზე მეტ ვალდებულებებსაც იღებებს ამ კანონით და ტყის ტერიტორიებისთვის უსასყიდლოდ გადაცემაზე საუბარი სპეკულაციაა:

“თქვენ იცით რომ ვიდრე ჩვენ ამ კანონპროექტს მესამე განხილვამდე მოვიტანდით, არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ,თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად გვინდა სწორედ წინასაარჩევნოდ ტყეები გადავულოცოთ საპატრიარქოს და საკუთრების უფლება ტყეებზე. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ყველას, ვისაც კოდექსი წაკითხული აქვს, დამეთანხმება რომ იმ შემთხვევაში თუ ეკლესიას მიეცემა ტყეები მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე უფლებები - ეს ვალდებულებები მოიცავს ინვენტარიზაციას, მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ ვალდებულებებს.

სპეკულაციები, თითქოს ტყის ტერიტორიებს ვაძლევთ უსასყიდლოდ საპატრიარქოს, არის ტყუილი მორიგი და შეურაცხყოფა იმ შრომის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავწიეთ ამ კოდექსის აქამდე მოსატანად.

პირიქით, საპატრიარქოს შეეზღუდა ჰექტრულად რაოდენობა ფართობებისა, რაც შეიძლება რომ უსასყიდლოდ სახელმწიფოსგან მიიღოს - ისევ და ისევ იმ მიზნებისთვის ეკლესია-მონასტრებს რომლებიც ტყის ფონდში ისტორიურად განთავსებული გახლავთ, მოუაროს და შეუნარჩუნოს მომავალ თაობებს” 

'.$TEXT['print'].'