ხათუნა ლაგაზიძე პაატა იმნაძეს - თქვენ ვის იგდებთ მასხრად?!
ავტორი: გურიის მოამბე
ხათუნა ლაგაზიძე პაატა იმნაძეს - თქვენ ვის იგდებთ მასხრად?!

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართული ონლაინკონფერენციის, პაატა იმნაძის განცხადებამ,  "ტურისტებისთვის ისეთი წესები იქნება, პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან" - ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის აღშფოთება გამოიწვია:

"პირდაპირ ვეკითხები პაატა იმნაძეს: თქვენ ვის იგდებთ მასხრად?! რას ქვია - ტურისტი კარანტინში შემოვა?! თუ არ ხსნით ტურიზს, მაშინ გვითხარით, რომ სწორი მოლოდინები გვქონდეს და ისედაც დაქცეული ბიზნესებიდან ათასები არ გადავყაროთ წყალში თქვენს მიერვე დაწესებული უამრავი შეზღუდვის დასაკმაყოფილებლად!

რის იმედად ყელყელაობთ თქვენს მიერ გადარჩენილი პაციენტებით?! ეგ ჩვენი, ათასობით ქართველი მეწარმის გადარჩენილი ხალხია: რომ არა, ჩვენს მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახდები რითი და როგორ გადაარჩენდით იმ ხალხს, ერთი წუთით მაინც გიფიქრიათ?! და ჩვენ გავხდით თქვენი მასხრად ასაგდები?! კარგად ვერ გცოდნიათ, ვისი მასხრად აგდება განიზრახეთ!

ამ უმძიმეს სიტუაციაში ერთი წუთით არ დავწოლილვართ ტვირთად სახელმწიფოს: ჩემი შვილის სწავლისთვის დაზოგილი ფულით გადავუხადე თანამშრომლებს ხელფასები, რომ ის დახმარების ორასი ლარი, უფრო გაჭირვებულს შეხვედროდა.

ახლა აღმოჩნდა, რომ თქვენ შაყირობდით და ტურიზმი რეალურად აი იხსნება: რა პასუხი გავცე ჩემს თანამშრომელს, კორონაზე უფრო მძიმე სენით დაავადებული ოჯახის წვერი რომ ჰყავს და თქვენი წყალობით ახლა უხელფასოდაც და სახელმწიფოს დახმარების გარეშეც რომ დარჩება?! თუ, არა თქვენი პროფილის ათიათასობით პაციენტი "გკიდიათ", იმიტომ რომ მათი წყალობით სატელევიზიო დიდებას ვერ მოიპოვებთ?!

სასწრაფოდ გამობრძანდით და ახსენით რეალურად რას აპირებთ!

ხელისუფლებას კი ვურჩევ დაინტერესდეს: ვის ინტერესებს ემსახურება პაატა იმნაძე თავისი "ფრთიანი ფრაზებით"?! ვინ არის მართალი: პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, რომლებიც ყოველდღე ტურიზმის ხელშემწყობ განცხადებებს აკეთებენ თუ იმნაძე თავისი დამანგრეველი რიტორიკით?! რომელი გვატყუებთ?!" - წერს ლაგაზიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართული ონლაინკონფერენციის ერთ-ერთი შეკითხვა ტურიზმს ეხებოდა – ხომ არ შეუწყობს ტურიზმი ეპიდემილოგიური ვითარების დამძიმებას და როგორ აპირებენ მის გაკონტროლებას.

„ისეთი წესები იქნება იმ ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

საკითხზე ვრცლად ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ რისკი არსებობს, თუმცა კორონავირუსი დიდხანს არ გაქრება და ამიტომ კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების პრინციპები უნდა ჩამოაყალიბონ.

„დიახ, რა თქმა უნდა, რისკი იქნება, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ დღეს მთელ მსოფლიოში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადახვა ქვეყანაში დაინფიცირებულების ჩვენზე გაცილებით მეტი რიცხვებია. ყველა ქვეყანა თანდათან ამსუბუქებს სიტუაციას, რადგან ყველა მიხვდა იმას, რომ კორონავირუსი ერთ დღეში არ გაქრება, არც ერთ თვეში და შეიძლება, არც ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების. ეს თანაცხოვრება უნდა იყოს წესების დაცვა პირველ რიგში და უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები და საშუალებები, თუ ასეთი მიკროეპიდაფეთქებები იქნა, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიები და მოსახლეობის დაზიანება. ანუ, ეს უნდა იყოს სწორი ბალანსი. ერთი მხრივ შეიძლება, გვქონდეს გარკვეული რაოდენობა ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და მეორე მხრივ, ის შესაბამისი ჯანდაცვითი და პრევენციული ღონისძიებებით უნდა იყოს დაბალანსებული“,- განაცხადა გამყრელიძემ.

'.$TEXT['print'].'