გიორგი ხატიაშვილი: `გურია მედროშეა სანაშენე მეცხოველეობის საქმიანობისა~
ავტორი: გურიის მოამბე
გიორგი ხატიაშვილი: `გურია მედროშეა სანაშენე მეცხოველეობის საქმიანობისა~

`გურია მედროშეა სანაშენე მეცხოველეობის საქმიანობისა~ _ ასე შეაფასა შპს `კავკასიის გენეტიკის~ ხელმძღვანელმა გიორგი ხატიაშვილმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სამუშაოები ოზურგეთში, რომელსაც ცნობილი ვეტერინარი თამაზ კილაძე ხელმძღვანელობს. `ასეთი სპეციალისტის ხელში შეგიძლიათ თქვენი პირუტყვი 100 პროცენტით გადაიყვანოთ ხელოვნურ განაყოფიერებაზე~, _ განაცხადა ხატიაშვილმა.
`ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში~, 18 ოქტომბერს, ა(ა)იპ `სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი ცენტრის~ ინიციატივით, გამართულ სემინარს თემაზე `სანაშენე მეცხოველეობის განვითარების პერსპექტივები გურიის რეგიონში~, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფერმერების გარდა, ესწრებოდნენ `კავკასიის გენეტიკის~ წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები აგრარული უნივერსიტეტიდან და რაჭიდან. სემინარის დაწყებამდე სტუმრები ეწვივნენ იმ ადგილობრივ ფერმერებს, რომლებიც ჩართული არიან სანაშენე მეცხოველეობის საქმეში, შეამოწმეს და შეაფასეს ნამატი. 
სემინარი გახსნა ა(ა)იპ `სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი ცენტრის~ ხელმძღვანელმა გიორგი ხარაბაძემ, რომლის თქმით, `თუ ცენტრი შარშან მემცენარეობაზე იყო ორიენტირებული და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, წლეულს თითქმის მთლიანად მეცხოველეობაზე გადაერთო, რადგან გურიაში ნამდვილად არის მეცხოველეობის განვითარების პერსპექტივა~.
როგორც თამაზ კილაძემ აღნიშნა, სამუშაობი ჩატარებულია გურიის მოსაზღვრე აჭარის სოფლებშიც, სულ ხელოვნური განაყოფიერებით მიღებულია 138 ხბო.
გიორგი ხატიაშვილის თქმით, გურიის სოფლის მეურნეობაში ძალიან მნიშვნელოვანია სანაშენე მეცხოველეობაში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი ჯიშების დანერგვა ხელოვნური განაყოფიერების გზით, სხვანაირად სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. მეხორცეული ჯიშებიდან გურიისთვის მან რეკომენდაცია მისცა `შავ ამბუსს~, რომლის მაღალხარისხოვანი ხორცის ფასი მსოფლიო ბაზარზე თითქმის სამჯერ აღემატება ჩვეულებრივს, მერძეულიდან კი უპირატესობა მიანიჭა მსოფლიოში აღიარებულ `ჯერსის~, რომელიც გამოირჩევა უხვი, ხანგრძლივი წველადობით და რძის მაღალი ცხიმიანობით.
ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობებზე ისაუბრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელმა გიული გოგოლმა:
`ხელოვნური განაყოფიერება ახალი არ არის, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგია სრულიად ახალია და მაქსიმალურად მორგებულია ცხოველის ბიოლოგიას, იძლევა გარანტირებულ მოზარდს, რომელიც ყველა მაჩვენებლით დედაზე უკეთესი იქნება.~
კორნელი კუკულავამ ყურადღება გაამახვილა მომთაბარე მეცხოველეობაზე: `მომთაბარე მეცხოველეობის წესს გურია ვერ მოხსნის ცხოვრების წესიდან, მაგრამ აუცილებელია პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესება. მაგალითად, ისეთ მაღალმთიან სოფელში, როგორიცაა ჩხაკოურა, აქცენტი უნდა ავიღოთ მეხორცეულ ჯიშებზე.
ბოლოს, სემინარზე მოწვეულმა სპეციალისტებმა უპასუხეს ადგილობრივი მეცხოველე ფერმერების შეკითხვებსაც.

'.$TEXT['print'].'