"ლანჩხუთის მერის საქმიანობა აუცილებლად გახდება პროკურატურის ყურადღების საგანი"
ავტორი: გურიის მოამბე
"ლანჩხუთის მერის საქმიანობა აუცილებლად გახდება პროკურატურის ყურადღების საგანი"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, გივი ცინცაძე ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის საქმიანობას მიმოიხილავს პანდემიის დროს და აცხადებს, რომ სარიშვილს მალე, თავისი კორუფციული საქმიანობის გამო გამოძიებასთან კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.

ცინცაძემ ეს განცხადებები "გურიის მოამბესთან" საუბარში გააკეთა:

"ლანჩხუთის მერი უკვე დაუფარავად გადაეშვა იმ ჭაობში, რომელსაც კორუფცია ჰქვია.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან დაახლოებით ორ კვირაში ალექსანდრე სარიშვილი ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დაახლოებით 100 000 ლარის ხელშეკრულებებს უფორმებს შპს „ელის“-ს, რომლის დირექტორი და მესაკუთრე არც მეტი, არც ნაკლები მერის მოგვარე ნიკა სარიშვილია.

ცალკე საიკითხია ის, რომ აღნიშნული შპს Google-ის საძიებო სისტემაშიც კი არ იძებნება და რა თქმა უნდა მისი დაფუძნებიდან (27/02/2018) დღემდე არანაირი საქმიანობა არ უწარმოებია.

კორუფცია სასტიკი სენია, რომელიც აზარალებს ყველაზე ღარიბებს, ვინაიდან ის ფული, რაც განვითარებას, სოციალურ სერვისებს და მოსახლეობას უნდა მოხმარდეს, სულ სხვაგან მიდის. მიდის ისეთი უნამუსო და უსინდისო ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული პირების ჯიბეში, როგორიც ალექსანდრე სარიშვილია და რომელიც არა კონკურსის წესით, ობიექტური კონკურენციის პირობებში, არამედ პირადი სიმპათიებით ან გამორჩენის მიზნით არჩევს სატენდერო სუბიექტებსა თუ ობიექტებს. სარიშვილს კი მინდა შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოს კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის და ამავე კონვენციის დამატებითი ოქმის ხელმომწერიცაა. ეს ორი დოკუმენტი კი ხელმომწერ სახელმწიფოებს სხვადასხვა კორუფციული ქმედებების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებას ავალდებულებს.

მისი ამჟამინდელი საქმიანობა და კონკრეტულად ეს ფაქტი კი აუცილებლად გახდება პროკურატურის ყურადღების საგანი" აცხადებს ცინცაძე..

'.$TEXT['print'].'