შესწორება აშშ-ს თავდაცვის აქტში: საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ მთავრობა რეფორმებს განახორციელებს
ავტორი: გურიის მოამბე
შესწორება აშშ-ს თავდაცვის აქტში: საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ მთავრობა რეფორმებს განახორციელებს

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში ცვლილებების ინიცირება მოახდინა.

ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, 8 მარტის შეთახმებასა და გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას ეხება.

შესწორებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დაპირებულ რეფორმებს განახორციელებს.

ასევე წერია, რომ საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს მთავრობის დემოკრატიისა და დასავლეთის მიმართ მისწრაფებებისადმი ნდობის აღსაღდგენად.

დოკუმენტში,  რომელიც თავდაპირველად „ტაბულამ“ გაავრცელა, აღწერილია 20 ივნისის მოვლენები და აღნიშნულია, რომ შემდგომ პერიოდში დააპატიმრეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ამჟამად ოპოზიციონერი ირაკლი ოქრუაშვილი, ყოფილი მერი და ოპოზიციის ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა და „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი გიორგი რურუა.

შესწორებაში საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე, რომლის ფასილიტატორები აშშ-ის, ევროკავშირის, გერმანიის საელჩოები იყვნენ და აღნიშნულია, რომ შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება:

„მხარეებმა მიაღწიეს კონსენსუსს ‘მართლმსაჯულების სისტემის უმაღლესი სტანდარტებით ფუნქციონირების მნიშვნელობასა და მისწრაფებაზე’, ასევე ‘იმ ქმედებებზე რეაიგირების თაობაზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც მართლმსაჯულების და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება’.

შეთანხმებაში ასევე გაწერილი იყო საარჩევნო სისტემის ცვლილებები 2020 წლის არჩევნებამდე.

11 მაისს, მას შემდეგ, რაც ფასილიტატორებმა მცირე წინსვლა ნახეს 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში, საჯაროდ მოუწოდეს „ყველა მხარეს, შეასრულონ შეთანხმების ორივე ნაწილი“.

15 მაისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა წინასწარ პატიმრობაში რჩება“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ცვლილებები ჯერ მიღებული არ არის და  აღწერილია ოპოზიციური პარტიების პოზიცია, რომ ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობა ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

შესწორების მიხედვით, სენატი „ადასტურებს სურვილს, გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით, თუ საქართველოს მთავრობა განაგრძობს კეთილი ნების გამოხატვას ამ რეფორმების განხორციელებაში“.

სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არჩეულ ოფიციალურ პირებს და პოლიტიკურ ლიდერებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და ერთად იმუშაონ თავისუფალი პრესის, კერძო ბიზნესის ასაშენებლად, კიდევ უფრო ანგრიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობისთვის.

ამასთან, სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაუმჯობესების გზით, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნის უფრო გამჭვირვალე პროცედურების დანერგვითა და მმართველი პარტიის მიმართ ლოიალური მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკის დასრულებით.

ამასთან, სენატი „ადასტურებს, რომ საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების იმპლემენტაცია გადამწყვეტია, რომ საქართველოს მთავრობამ აღიდგინოს ნდობა, რომ ის მხარს უჭერს დემოკრატიულ განვითარებასა და დასავლეთთან შემდგომ ინტეგრაციას“.

დოკუმენტის ბოლოს აღნიშნულია, რომ სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს პოლიტიკა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიულ და სამართლებრივ პროცესებს და ამრიგად ამყარებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზას. ასევე, აღნიშნავს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას და მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყოს, რომ ის იყოს თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდობიანი და 8 მარტის შეთანხმების მიხედვით ჩატარდეს.


'.$TEXT['print'].'