რა კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ეკისრება ადგილობრივ ხელისუფლებას „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის“ თანახმად?
რა კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ეკისრება ადგილობრივ ხელისუფლებას „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის“ თანახმად?

როგორც ცნობილია, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა „ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით... ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე“ (იხ. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29, პუნქტი 1).

საქართველოში მუნიციპალური ნარჩენების მართვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა, რადგან მართვის არსებული სისტემა ამ კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. ის დღეისათვის წარმოადგენს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას მსოფლიოში. ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით, ნარჩენებს შეუძლია დიდი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე. ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებთან, როგორიცაა: (1) მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება; (2) გარემოს დაცვა და (3) სექტორის შემოსავლიანობის ზრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნარჩენები შეიძლება განხილული იქნას, როგორც პოტენციური ნედლეული; გარდა ამისა, სუფთა საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემო ხელს (შე)უწყობს ტურიზმის განვითარებას.

საკითხის აქტუალობისა და პრიორიტეტულობის დამადასტურებელია ის გარემოებაც, რომ ნარჩენების მართვა ქვეყნის მდგრადი განვითარების საკითხს ეხება და იგი შეტანილია „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წლების სახელმწიფო სტრატეგიაში“. იგი ასევე „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ“ 2014 წელს გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია.

საგულისხმოა, რომ იმავე 2014 წელს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომლის თანახმადაც, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმები. „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა“ არის მუნიციპალიტეტის დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ხუთწლიანი პროგრამის განხორციელების ძირითად მიმართულებებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება მუნიციპალური ნარჩენების მართვის ვალდებულებების შესრულება. აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დებულებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ნარჩენების მართვის „2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია“ და „2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“. აღნიშნული დოკუმენტები ერთიან ფორმატში 2016 წლის 1 აპრილს საქართველოს მთავრობის N160 დადგენილებით იქნა მიღებული, რომლის მიზანია მუნიციპალური ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზება ნარჩენების მართვის ეროვნულ პოლიტიკასთან.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის 7 ნოემბერს დაამტკიცა თავისი N72 განკარგულებით. ეს „სამოქმედო გეგმა“ ცოცხალ დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება განახლდეს ან/და კორექტირებას დაექვემდებაროს. იგი ორიენტირებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების მართვის ეროვნული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობაზე, ნარჩენების მართვის ეროვნულ ინტეგრირებულ სისტემაში მუნიციპალიტეტის როლის ოპტიმიზაციაზე.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა“ მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ფარგლებში მუნიციპალური ნარჩენების მართვისა და ხარჯთეფექტიანი სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, გარემოსათვის უსაფრთხო გზით ნარჩენების დამუშავებას, - ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს.

შესაბამისად, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა“ მოიცავს იმ ძირითად საქმიანობებს (ამოცანებსა და ღონისძიებებს), რომლებიც უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, „სამოქმედო გეგმის“ შესრულებაზე ანგარიშვალდებულ ორგანიზაციას წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“.

მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო უნდა იყოს, თუ კონკრეტულად რა ვალდებულებებს ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა“. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ამ „სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ძირითადი ამოცანების, მათ ფარგლებში განსახორციელებელი უმთავრესი ღონისძიებების, მოსალოდნელი შედეგებისა და განხორციელების ვადების დეტალური ჩამონათვალი, ანუ ის საკითხები, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც კისრულობს მუნიციპალიტეტის ხელისუფლება 2018-2022 წლების პერიოდში.

 

 

 „მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში“ საგანგებოდაა ხაზგასმული ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ აუცილებელია პირველ რიგში გადაწყდეს ნარჩენების მართვის სისტემაში არსებული ისეთი პრობლემური საკითხები, როგორებიცაა: ნაგავშემკრები კონტეინერების რაოდენობის ზრდა; უბან-უბან შეგროვებისათვის საჭირო ნაგავმზიდების რაოდენობის ზრდა, რელიეფისა და საავტომობილო გზის მდგომარეობის გათვალისწინებით; ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და მეტალის ნარჩენების წყაროსთან სეპარირების მიზნით, 2019-2022 წლებში წლიური მინიმალური მაჩვენებლების განსაზღვრა; საჯარო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ასევე ადმინისტრაციულ შენობებში ქაღალდის ნარჩენების წყაროსთან სეპარირების სისტემის პილოტური პროექტის განხორციელება; სტიქიური ნაგავსაყრელების გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით, საინფომაციო კამპანიის ჩატარება; ნარჩენების წყაროსთან სეპარირების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოების მომზადება და სხვ.

მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სრულყოფილად და ჯეროვნად განახორციელოს „მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით“ გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ფარგლებში მუნიციპალური ნარჩენების მართვისა და ხარჯთეფექტიანი სისტემის შექმნას, ნარჩენების პრევენციასა და გარემოსათვის უსაფრთხო გზით მის დამუშავებას.

 

შენიშვნა: მოსახლეობის აზრის კვლევა და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება განხორციელდა „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირისა“ და „გურიის მედიატორთა ასოციაციის“ ერთობლივი პროექტის - „ნარჩენების მართვის სახელისუფლებო ვალდებულებები და გარემოს დაცვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“ - ფარგლებში. აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის  ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერი.

'.$TEXT['print'].'