ნინო ჯანგირაშვილი "ღირსები ვართ, ჩვენი ბრალია ამდენს რომ გვიბედავს კრიმინალი კალაძე"
ავტორი: გურიის მოამბე
ნინო ჯანგირაშვილი "ღირსები ვართ, ჩვენი ბრალია ამდენს რომ გვიბედავს კრიმინალი კალაძე"

ტვ "კავკასიას" ერთერთი ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი, ეჭვობს, რომ შალვა რამიშვილის კუთვნილებაში არსებული ტელევიზია შავი ფულით ფუნქციონირებს და ამასთან დაკავშირებით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მის მოსაზრებას ავრცელებს:

"ძვირფასო კოლეგებო, გინდათ გითხრათ ვისი ბრალია კალაძემ რაც გუშინ გაბედა? ჩვენი. გინდათ გითხრათ ვისი ბრალია, ივანიშვილის უნიტაზი კაცები რომ სხედან ხოლმე სტუდიებში და ბევრს გვეტლიკინებიან, მათ შორის მედიას? ჩვენი, რა თქმა უნდა. ახლავე მოგახსენებთ რატომ:

დღისით, მზისით, ყველას თვალწინ ქვეყანაში არსებობს ტელევიზიად წოდებული დაწესებულება, რომელიც 99%–ით შავი ფულით ფინანსდება. რამიშვილ–ნაცვლიშვილის პოსტვ დიდი ხანია მოხვდა ჩემი ინტრესის სფეროში, ჯერ კიდევ ონლაინ სივრცეში რომ გამოანათა, მაშინ. მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო ივანიშვილის სურვილების, მესიჯების და განწყობების მთავარი გამტარი, აქ ხდებოდა, როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა, “მისი აგრესიის კანალიზაცია“, რადგან სხვა პლატფორმებზე ასეთი ვულგარული, მდაბიო და მანიაკალური მისწრაფებების გადმონთხევა უბრალოდ გამორიცხულია, თვით იმედზეც კი.

თუმცა, ახლა ამ სიბინძურის ფსკერის კონტენტ ანალიზს არ ვაპირებ. მხოლოდ ციფრები:

2019 წლის ნოემბრიდან პოსტვ უკვე საეთერო მაუწყებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოექცა საქართველოს კანონმდებლობის მოქმედების ქვეშ მაუწყებელთა უკიდურესად მკაცრი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მაუწყებელი უდეტალურეს ანგარიშს ვაბარებთ კომუნიკაციების კომისიას ჩვენი შემოსავლების შესახებ, ჩაშლილი სახით, ასევე ხარჯების და მიღებული მომსახურებების ნაწილის შესახებ. და ეს ყველაფერი ქვეყნდება საჯაროდ.

რა თქმა უნდა, დიდი ხანია მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოსტვ ივანიშვილისგან ფინანსდებოდა, თუმცა ფინანსურ ინფორმაციასთან წვდომა მე არ მქონია, და შესაბამისად ვერ გადავამოწმებდი, რამდენად შეესაბამებოდა მათი შემოსავლები მათ მიერ გაწეულ ხარჯებს, რაც აშკარად და თვალხილულად ჩანდა.

ახლა კი, რაც პოსტვს ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულება აქვს, ეს უკვე შესაძლებელია. ჰოდა, ერთხელაც, მას შემდეგ, რაც შალვა რამიშვილმა მორალის შესახებ მორიგი ლექცია წაიკითხა საკუთარ გადაცემაში, ივანიშვილის მზე დაიფიცა, ყველა ტელევიზია შეგვაჩვენა და ზოგს დაპირდა, ამოგშანთავთო, გადავწყვიტე გადამემოწმებინა, რამდენს უხდიან ასეთი თავგანწირვისთვის და რა დაჯდა მისი ასეთი ტრანსფორმაცია, როგორც მორალური განწმენდის, ასევე გამბედაობის თვალსაზრისით.

ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: პოსტვ–ს მიერ ოფიციალურად დეკლარირებული თანხები შემდეგია:
2019 წლის ბოლო კვარტალი, ანუ ოქტომბერი, ნოემბერი დეკემბერი – შემოსავალი 32 000 ლარი.

2020 წლის პირველი კვარტალი(იანვარი, თებერვალი, მარტი): მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა – 100 000 ლარი. სარეკლამო შემოსავალი –72 000 ლარი.

ეს იმ ფონზე, როცა ამ ტელევიზიამ გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო თანამშრომლების აყვანა, გაფართოება, ოპერატორების და ტექნიკური პერსონალის გადაბირება სხვა არხებიდან ორჯერ და სამჯერ მაღალი ხელფასების სანაცვლოდ. მაგალითად, ოპერატორის მინიმალური ხელფასი ამ არხზე 2000 ლარია, და ეს ყველამ კარგად იცის სატელევიზიო სივრცეში. საერთოდაც, ყველამ ვიცით, ვინ რითი სუნთქავს. სტუდიაში დანახული კადრით შეგიძლია მიხვდე, რომელი და რამდენი კამერა მუშაობს სტუდიაში, რა დაჯდა დიზაინი, გადაღებაზე გამოსული ჯგუფებით შეგიძლია მიხვდე, რამდენი ადამიანი მუშაობს, რამდენი დახარჯეს ტექნიკაში, ეთერში გასული ფილმებით თუ სერიალებით შეგიძლია დათვალო, მინიმუმ რა დაჯდა კონტენტის შეძენა, მოკლედ, ძალიან მარტივია ჩვენს სფეროში სხვისი ფულის დათვლა, თუ მოინდომე.
ხოდა, რისი თქმა მინდა: პოსტვ, როგორც თავად შალვა რამიშვილი მეტიჩრობს ხოლმე, ახალ–ახალ გადაცემებს ამატებს, აკეთებს სტუდიებს, ყიდულობს პროდუქციას, ამ ორგანიზაციაში მუშაობს ჩემი ინფორმაციით მინიმუმ 200 ადამიანი. ნაქირავები აქვთ 4000 კვ. მ. ოფისი, რაშიც როგორც კომუნიკაციების კომისიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, თვეში 86000 ლარს იხდიან(კომისიის გვერდზე ხარჯების მხოლოდ მცირე ნაწილია მითითებული, თუმცა ეს ხარჯებიც კი მინიმუმ ორჯერ აღემატება ამ არხის ოფიციალურად დეკლარირებულ შემოსავლებს).

მოკლედ, პოსტვ–ს ოფიციალური შემოსავალი 2020 წლის პირველ კვარტალში მიღებული შემოსავლები სამ თვეზე რომ გავყოთ, თვეში საშუალოდ 57 000 ლარი გამოდის, არადა, მარტო ოფისის იჯარაში იხდიან 86 000 ლარს თვეში.

შედარებისთვის: მაგალითად, გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში კიდევ ორი ახალი არხი გაიხსნა: ფორმულა და მთავარი.

ამ არხებში საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, ღიად და გამჭვირვალედ, და ეს კომისიის ვებგვერდზე დეკლარირებულ თანხებში ნათლად ჩანს:

ფორმულას შემოსავლები 2019 წლის მეორე კვარტლიდან 2020 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე, ანუ გახსნის დღიდან 24 მილიონ ლარს აჭარბებს. აქედან, თითქმის 24 მილიონი ლარი დამფუძნებლის შენატანი და არასამაუწყებლო შემოსავალია. სარეკლამო გაყიდვებით ამ პერიოდში 600 000 ლარზე მეტი შევიდა.

იგივე პერიოდში მთავარ არხზე დამფუძნებლის შენატანი და არასამაუწყებლო შემოსავლები 7 მილიონ ნახევარი ლარი იყო. რეკლამის გაყიდვით ამ პერიოდში მთავარმა თითქმის 4 მილიონი ლარი მიიღო.

ყველასთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ არხების დაფინანსების წყაროების შესახებ, მოსწონს თუ არა ვინმეს მათი დამფუძნებლები, ეჭვს და კითხვის ნიშნებს არ აჩენს, რამდენად შეესაბამება მათი შემოსავლები მათ მიერ გაწეულ ხარჯებს, ისევე, როგორც სხვა მაუწყებლების უმრავლესობის შემთხვევაში. მაგალითად, ჩემი არხი ერთ–ერთი ყველაზე დაბალ შემოსავლიანი არხია და აქ არც მსხვილი ინვესტიცია განხორციელებულა არასოდეს, რაც აისახება იმაზე, რომ ვერ ვახერხებთ განვითარებას, ვერ ვქმნით ახალ პროდუქტს, ვერ ვტვირთავთ საეთერო ბადეს. მოკლედ, ჩემი საწყალი შემოსავლები ზედ ეტყობა ჩემს ეთერს და ჩემი ორგანიზაციის ფუნქციონირების მაშტაბებს.

ხვალ რომ უცებ ახალთახალი სტუდიები გავაკეთო, 200 ახალი მაღალხელფასიანი თანამშრომელი დავიქირავო, 20 ახალი გადაცემა დავამატო, ახალი ტექნიკა გამიჩნდეს, არავინ მოიკითხავთ საიდან მაქვს ეს ფული? და თუ მოიკითხავთ და აღმოჩნდება, რომ ოფიციალურად შემოსავალი არ გამზრდია რას იტყვით? დიახ, სწორად იფიქრეთ, რომ ესეიგი ვიღაც დიდი შავი ფულით მაფინანსებს. რომ გითხრათ რომ ჩემთან 200 თანამშრომელი უხელფასოდ მუშაობს, დაიჯერებთ? რა თქმა უნდა, არა.

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ: იმ სამი არხიდან, ვის ლოგოებსაც კალაძემ სისხლი ადინა, სამივეს დამფუძნებელზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული:
ტვ პირველის მფლობელზე ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძესთან ერთად, ფორმულას და მთავარი არხის დამფუძნებლებზე იმის გამო, რომ პროკურატურის აზრით სარეკლამო კონტრაქტი არასწორად გააფორმეს (ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, თუმცა ამაზე აქ არ შევჩერდები), ამ დროს კი ქვეყანაში არსებობს არხი, სადაც ერთი შეხედვით, ზედმეტი გამოძიების და თავის მტვრევის გარეშეც, ინტერნეტში ხუთწუთიანი მოქექვის და ტელევიზორის ყურების შედეგად თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შეგძილია დაასკვნა, რომ დიდი რაოდენობით შავი ფული ტრიალებს.
ერთადერთი დათქმა: ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, უკან მიმაქვს, თუ გაირკვევა რომ პოსტვ–ში ოფიციალურად ვინმემ შეიტანა მინიმუმ 10 მილიონი ლარი იმ პერიოდში, რომელიც სავალდებულო დეკლარირების პერიოდში ვერ მოხვდა, მაგალითად 2019 წლის მესამე კვარტალში. წინააღმდეგ შემთხვევაში:

ფინანსთა სამინისტრომ და პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მინიმუმ მოკვლევა, როგორ ფუნქციონირებს ეს ორგანიზაცია, ჩაირთოს ხარჯების მონიტორინგი, შევიდეს ფინანსური პოლიცია პოსტვ–ში, აღწეროს, როგორ ახერხებენ თვეში 57 000–იანი შემოსავლით მინიმუმ ნახევარ მილიონიანი ხარჯების გაწევას, რამდენი თანამშრომელი მუშაობს, რა პირობებით მუშაობენ, თუ ამდენი ხალხი უხელფასოდ მუშაობს, ესეიგი ადგილი აქვს მონური შრომის გამოყენებას და ტრეფიკინგს.

ჩემს ძვირფას “პირსისხლიან“ კოლეგებს კი კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ღირსები ვართ, ჩვენი ბრალია ამდენს რომ გვიბედავს კრიმინალი კალაძე" -წერს ჯანგირაშვილი.

'.$TEXT['print'].'