"ოცნების" მადა - ბიუჯეტის ფლანგვის ახალი რეკორდი და 2 თვეში დახარჯული 600 ათასი
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნების" მადა - ბიუჯეტის ფლანგვის ახალი რეკორდი და 2 თვეში დახარჯული 600 ათასი

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მმართველ პარტიას საახალწლო წვეულებები ათი ათასობით ლარი დაუჯდა. მენიუც საგანგებოდ შეარჩიეს და ყველა რესტორანს ყველაზე ძვირიანი შეუკვეთეს, განსაკუთრებული კერძებითა და სასმელით.

"ფლანგვის დეტექტორმა" რესტორნებსა და სასტუმროებში დახარჯული საბიუჯეტო თანხის გარდა, დაითვალა სამივლინებო ხარჯები. ციფრები აქაც შთამბეჭდავია. საერთო ჯამში დეპუტატების ვოიაჟი სახელმწიფო ბიუჯეტს 600 ათასი ლარი დაუჯდა, კოლოსალური თანხა პირველი კვარტალის მივლინებებს ეხება, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებით, პირველი სამი თვის ნაცვლად ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა 2 თვეში მოასწრეს. 

მივლინებული დეპუტატების სიას ფავორიტებიც ყავს. მხოლოდ აშშ-ში არჩილ თალაკვაძის სამივლინებო ხარჯი 14, 911 ლარია;

პარლამენტის თავმჯდომარეს მცირედით ჩამორჩება სოფიო კილაძის სამივლინებო თანხა და 13 ათას ლარს აჭარბებს;

საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ამავე დელეგაციაში კი 10, 420 ლარი დაჯდა.

წარმომადგენლობით დელეგაციაში ისეთი დეპუტატებიც იყვნენ, რომელთა ხმა წლიდან წლამდე არავის ესმის და მხოლოდ მაშინ აქტიურობენ როცა პარტიას მათი მანდატი სჭირდება კენჭისყრის დროს.

საბიუჯეტო დანახარჯები მივლინებებსა და რესტორნებში რომ გარდაუვალი იქნება იციან ოპოზიციაშიც, თუმცა საკუთარი შენიშვნები აქვს საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, რომან გოცირიძე იმ წვეულებებს იხსენებს, როდესაც უცხოური დელეგაციის წევრების რაოდენობაზე ორმაგად მეტი იყო მასპინძლები, რაც დანახარჯებს კიდევ უფრო ზრდის.

"ფლანგვის დეტექტორის" მონაცემები პირველი კვარტლის მხოლოდ იანვარ-თებერვალს ეხება. მოულოდნელმა პანდემიამ როგორც ჩანს დეპუტატების სამივლინებო და სარესტორნო ხარჯები შეამცირა, თუმცა კვარტლის ბოლომდე 600 ათასი ლარი საკმარისი არ იქნებოდა, მით უფრო მაშინ როდესაც მარტის წვეულებებიც იყო ჩანიშნული.  

'.$TEXT['print'].'