ჯუმათელი სოციალურად დაუცველი ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს
ავტორი: გურიის მოამბე
ჯუმათელი სოციალურად დაუცველი ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯუმათის მკვიდრ, გოჩა სარიშვილის ოთხსულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ოჯახმა „გურიის მოამბის“ რედაქციას თხოვნით მოგვმართა, იქნებ მათი ხმა ადგილობრივ ხელისუფლებას მივაწვდინოთ.

მოგეხსენებათ, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა მუნიციპალიტეტში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირველადი მოხმარების პროდუქტებით ეხმარება."გურიის მოამბე" ხშირად აშუქებს, მერის, ან სოფლების გამგებლების ვიზიტებს გაჭირვებულ ოჯახებში, როგორ საზეიმოდ გადასცემენ მათ პროდუქტებს. თუმცა ამ კონკრეტულ ოჯახს, როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, არავითარი დახმარება არ მიუღიათ. გარდა ამისა ოჯახს სხვა პრობლემაც აქვს, მათი სახლი ერთ წელზე მეტია ნელ-ნელა იშლება, მიწა ცოცავს და ყოველ გაწვიმებაზე, ოჯახს საშიშროებას უქმნის სახლი რომ არ ჩამოიშალოს.

„ერთ წელზე მეტია რაც ასეთ დღეში ვართ, მეწყერსაშიში ზონაა, სახლი იბზარება და სკდება, სახურავიც შესაცვლელი გვაქვს, ჩამოდის წვიმა და უფროდაუფრო აფუჭებს სახლის კედლებს.ერთი წლის წინ ჩვენი სოფლის გამგებელი მოვიყვანეთ ოთარ მექვაბიშვილი, სურათები გადაიღეს და გავაგზავნით და პასუხს გაგაგებინებთო. ამდენი ხანია არანაირი პასუხი და არანაირი რეაგირება არაა.ქალაქის მერთანაც ვიყავით, ბატონ კოტესთან, იქიდანაც არაფერი ისმის. ძალიან გაუსაძლისი და საშიშია უკვე აქ ცხოვრება, დედაჩემი დიაბეტიანია, ბევრს ნერვიულობს ამ ამბავზე.ძალიან გვინდა რაც შეიძლება დროულად მოგვაქციონ ყურადღება.ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ.ახლა ამ პანდემიის პირობებში, კი ეხმარებიან გაჭირვებულ ოჯახებს,მაგრამ ჩვენთან არავინ მოსულა, არც პროდუქტი და არც არანაირი დახმარება არ მიგვიღია.ეს უსამართლობაა.“- გვიყვება ერთერთი ოჯახის წევრი.

„გურიის მოამბე“ დაუკავშირდება მეორე მხარესაც და უახლოეს ხანებში შემოგთავაზებთ მათ პოზიციას.

'.$TEXT['print'].'