"აღარ აქვს მნიშვნელობა, შვილს როგორ გაზრდი, შეიძლება ბოლოს მისი გვამი, არაგვში აღმოაჩინონ"
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი
"აღარ აქვს მნიშვნელობა, შვილს როგორ გაზრდი, შეიძლება ბოლოს მისი გვამი, არაგვში აღმოაჩინონ"

"გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიას აქვს ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც მას (ამ ტრაგედიას) განსაკუთრებულს ხდის.

ეს არის გიორგის ხასიათი, ანუ ის, რაზეც ყველა საუბრობს: ის იყო უკონფლიქტო, ზრდილობიანი, თავაზიანი, მხიარული ადამიანი, რომელიც ჯერ პირველ ჩხუბს გაერიდა, მერე იმ აგარაკიდან საერთოდ წავიდა, მერე მაინც დაეწიენ მანქანით და გაიქცა, მერე გაეკიდნენ და ეს ყველაფერი დასრულდა უბედურებით (კონკრეტულად როგორ, ამას გამოძიება დაადგენს, მინდა მჯეროდეს).

ანუ, წარმოიდგინეთ, რომ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, შენს შვილს როგორ გაზრდი, როგორ სკოლაში ატარებ, როგორ იზრუნებ იმაზე, რომ ზრდილობიანი, მშვიდობისმოყვარე, თავაზიანი, უკონფლიქტო იყოს და ასეთივე წრეში იზრდებოდეს. ბოლოს მაინც შეიძლება გადაეყაროს ვიღაც უსულგულო პირუტყვებს, რომელთა წყალობით (ან პირდაპირი მონაწილეობით) მის გვამს არაგვში აღმოაჩენენ.

სწორედ ამ მახასიათებლიდან გამომდინარე, გამოძიების სწორად წარმართვა, სიმართლის დადგენა და დამნაშავეების სათანადოდ დასჯა ვერ იქნება მხოლოდ შაქარაშვილების ოჯახის ინტერესში. ის ყველა ჩვენგანის ინტერესშია, ვისაც ოჯახებში შვილები ან უბრალოდ ნათესავები გვყავს მაგ ასაკის.

სწორედ ამიტომ არის არასწორი იმაზე საუბარი, რომ ტელევიზიებმა შეკითხვები არ უნდა დასვან და რომ მხოლოდ ჭირისუფლების გადასაწყვეტია, გამოძიება როგორ წარიმართება.

მესმის, რომ შეიძლება არ მოგწონდეს „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და ა.შ., მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ „იმედიც“ ბევრს არ უყვარდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ გირგვლიანის ტრაგედიის შესახებ ჩაეტარებინათ ჟურნალისტური გამოძიება და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვათ.

და საერთოდ, ჩემი აზრით, ტელევიზიებზე ისრების გადატანა არასწორია და სულ სხვა თემაზე უნდა ვსაუბრობდეთ. კერძოდ, რატომ გახშირდა საქართველოში კუნთმაგარი სპორტსმენების მონაწილეობა მსგავს გარჩევებში.

2013 წლის 17 მაისის ამბები გავატარეთ, იმიტომ რომ „საპატრიარქოს ეწყინებოდა და ღმერთი დაგვსჯიდა“ და საერთოდ „პიდარასტების დედაც მოვ****“.

კორცხელის ინციდენტი გავატარეთ, იმიტომ რომ „ნაცები ღირსები არიან“.

გიგი უგულავა მოჭიდავეს აცემინეს და მერე თვითონ უგულავა დაიჭირეს. ესეც გავატარეთ, იმიტომ რომ „უგულავა ნაცია და ღირსია“.

ჰოდა, მოვედით. „პრიეხალი“, როგორც ოკუპანტები იტყვიან: დაიღუპა ჩვეულებრივი, რიგითი 19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ქვეყანაზე საერთოდ არაფერი აინტერესებდა ფეხბურთის თამაშის და პირადი და ოჯახის ბედნიერების გარდა.

რაღაცა უნდა შევცვალოთ ამ ქვეყანაში. ასე არ შეიძლება." 

რამაზ ხატიაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'