ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის საქმე #220
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის საქმე #220
რუსულმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა ათი ათასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, მიუხედავად ამისა, მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და მისი დასაყრდენი ხდებოდნენ ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში. ასეთი ადამიანებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია კაცი, რომლის სახელსაც ატარებდა გურიის დედაქალაქი 55 წლის განმავლობაში. ადამიანი, რომლის გვართანაც ასოცირდება პირველი ქართული რესპუბლიკის განადგურება და ბოლშევიზმის დამკვიდრება საქართველოში.
რა უნდოდა? რას გვერჩოდა? რამ გააბოროტა ასე?
 "გურიის მოამბემ" თხოვნით მიმართა ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს, მოეწოდებინათ ყველა ის მასალა, რაც მათთან ინახება ცნობილ ოზურგეთელ ბოლშევიკზე, ფილიპე მახარაძეზე, დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ მუზეუმის ხელმძღვანელობასა და ფონდების მცველ მანანა ლომაძეს, რომლებმაც ოპერატიულად მოგვაწოდეს ეს მასალა 

ფილიპე ესეს ძე მახარაძე დაიბადა 1868 წლის 9 მარტს, ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში - გონების კარში (უბანი), მღვდლის ოჯახში. 
1877 წელს შეიყვანეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში (დღევანდელი პირველი საჯარო სკოლა). ამ დროს, ამავე სასწავლებელში სწავლობდნენ ეგნატე ნინოშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და სხვები.
1884 წელს დაამთავრა აღნიშნული სასწავლებელი და იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
სემინარიის თვითგანვითარების წრეებში ფილიპემ შეისწავლა დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის, ბელინსკის, პისარევის და სხვათა თხზულებანი. სემინარიის ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა არ მიეცათ მოსწავლეებისთვის საშუალება აკრძალული წიგნების კითხვისა და წრეების მოწყობისა, მაგრამ სემინარიის ადმინისტრაციის რეჟიმს საწინააღმდეგო შედეგები მოჰქონდა - დაიწყო მოსწავლეთა მღელვარება.
1886 წლის 24 მაისს, მოსწავლე იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა რექტორი ჩუდეცკი. ამ აქტს მოჰყვა მოსწავლეთა მასიური გარიცხვა, რომელთა სიაში იყო ფილიპე მახარაძეც, მაგრამ ინსპექტორის თავდებობით იგი დატოვეს სემინარიაში.
1889 წელს ფილიპე მახარაძე სემინარიის უკანასკნელ, მეექვსე კლასში გადავიდა. ამ დროს იგი სათავეში ჩაუდგა სემინარიის მოსწავლეთა მოძრაობას, რომელიც მიმართული იყო ახლადდანიშნული რექტორის მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ. ფილიპე მახარაძეს და გაფიცვის სხვა ხელმძღვანელებს ყოფაქცევაში დაუწერეს ნიშანი “4” და დაუხშეს გზა შემდგომი სწავლის განგრძობისა.
ფილიპე მახარაძემ, ს. მიქაძემ, ვლ. დარჩიაშვილმა და სხვებმა, რომლებსაც ყოფაქცევაში “4” ჰქონდათ დაწერილი, ატესტატი და ცნობა გაგზავნეს ვარშავის (პოლონეთი) ვეტერინარიულ ინსტიტუტში, საიდანაც მიიღეს დადებითი პასუხი ჩარიცხვის შესახებ. 1891 წლის აგვისტოში, გემით “პუშკინი”, რომელიც ოდესისაკენ მიდიოდა, ვარშავისაკენ გაემგზავრნენ. ფილიპე ვარშავაში ეცნობა “შრომის განთავისუფლების ჯგუფის” მუშაობას და მონაწილეობს მის საქმიანობაში. მან ვარშავაში დაიწყო პროპაგანდისტული მუშაობა მუშებს შორის. მის მიერ 1892-93 წლებში ვარშავაში დაწერილი –“წერილები ჩვენი ცხოვრების შესახებ”, “მწარე ფიქრები”, “უთავბოლოობის ნაყოფი” და სხვა პირადი წერილები ხელს უწყობდა საქართველოში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დაარსებას და საქართველოსა და ამიერკავკასიაში მარქსისტული იდეების გავრცელებას.
1893 წელს ჟანდარმერიამ გაანადგურა ვარშავის არალეგალური წრე. ფილიპე მახარაძე არალეგალური ლიტერატურის მიღების დროს დააპატიმრეს. ორი წლის პატიმრობის შემდეგ იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ დააბრუნეს სამშობლოში. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ეცნობა ქართული მარქსისტული ორგანიზაციის - “მესამე დასის” მუშაობას.
1896-1897 წლებში პოლიციის ნებართვით ცხოვრობს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში, ამასთან არალეგალურად იმყოფება თბილისშიც.
1897-1900 წლებში ახლო კავშირი დაამყარა სტალინთან, წულუკიძესთან, კეცხოველთან და სხვა მუშა-რევოლუციონერებთან: ზ. ჩოდრიშვილთან, მ. ბოჭორიშვილთან და სხვებთან.
1901 წელს ფილიპე მახარაძე, ბათუმში მყოფ ალექსანდრე წულუკიძესთან ერთად, პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწევა ბათუმის მუშებთან.
1902 წელს, ისევ პოლიციიის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობს ქუთაისში და წულუკიძესთან ერთად მუშაობას ეწევა იმერეთ-სამეგრელოსა და გურიის კომიტეტებში.
1903 წელს მონაწილეობას ღებულობს კავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების I ყრილობაში.
1905 წელს დააპატიმრეს და მოათავსეს მეტეხის ციხეში.
1906 წლის მაისში გაათავისუფლეს და ამავე წელს წავიდა საზღვარგარეთ, გერმანიაში, ცხოვრობდა ბერლინში.
1907 წელს დაბრუნდა ემიგრაციიდან. 1908 წლის იანვარში კვლავ იქნა დაპატიმრებული და გადაასახლეს, ამჯერად ასტრახანის გუბერნიაში, სადაც დაჰყო 1911 წლამდე. გადასახლებაში ფილიპე მახარაძეს არ შეუწყვეტია რევოლუციური მუშაობა.
იგი 1911-13 წლეებში მუშაობას ეწევა დონბასის პარტიული ორგანიზაციების მშენებლობის საქმეში.
1913-14 წლებში ბაქოშია და რედაქტორობს ჟურნალს “ჩვენი წყარო”.
1914 წელს დააპატიმრეს და ისევ გადაასახლეს, მაგრამ გამოიქცა გადასახლებიდან და 1915 წლიდან არალეგალურად ცხოვრობს თბილისსა და ქუთაისში.
1917 წლის თებერვლის ე.წ. "ბურჟუაზიულ-დემოკრატიული" რევოლუციის დროს ფილიპე მახარაძე თბილისში მუშათა დეპუტატების საბჭოების ორგანიზატორია. ამ დროს საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციები გადავიდნენ არალეგალურ მდგომარეობაში. 
1917 წლის 11 მარტს, თბილისში გამოვიდა ყოველდღიური ბოლშევიკური გაზეთი “კავკაზსკი რაბოჩი”, რომლის პირველი რედაქტორი ფილიპე მახარაძე იყო.
1917 წლის ოქტომბერში მონაწილეობს კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების სამხარეო ყრილობის მუშაობაში, არჩეული იქნა პარტიის სამხარეო კომიტეტის შემადგენლობაში.
1917 წლის `7 ნოემბრის~ რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, საქართველოში "მენშევიკების ბატონობის" გამო, იგი 1918 წლიდან არალეგალურ მდგომარეობაშია.
1918 წლის მაისში გადადის ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც გადატანილი იყო რსდმპ კავკასიის სამხარეო კომიტეტის მთელი მუშაობა. ამ დროს ფილიპე მახარაძე იყო თერგის ოლქის ფინანსთა კომისარი, აგრეთვე ის ასრულებდა სხვა პასუხსაგებ დავალებებს.
1919 წელს იგი საქართველოში "შეიარაღებული აჯანყების" მზადების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხდება.
1921 წლის 25 თებერვლიდან, საბჭოთა ოკუპაციის დღიდან, ფილიპე მახარაძე თბილისშია. 1921 წლის მარტიდან ივნისამდე იყო საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარი.
შემდგომ თანმიმდევრობით მუშაობდა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ) თავმჯდომარედ, საქართველოს სახალხო კომისარიატთა საბჭოს თავმჯდომარედ. იყო საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი. 1938 წელს არჩეულ იქნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ.
ფილიპე მახარაძე პარტიულ, სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მუშაობასთან ერთად, ეწეოდა დიდ ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მუშაობას. გარდაიცვალა 1941 წლის 10 დეკემბერს.
1934 წელს, ფილიპე მახარაძის საპატივცემულოდ, ქალაქ ოზურგეთს ეწოდა მახარაძე (ქალაქს ძველი სახელი დაუბრუნდა 1989 წელს).
წლების მანძილზე მშობლიურ სოფელ შემოქმედში ფუნქციონირებდა ფილიპეს სახლ-მუზეუმი (დირექტორი მიხეილ ჟღენტი).
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებში (საქმე #220) დაცულია მასალები ფილიპე ესეს ძე მახარაძის შესახებ - ფოტოსურათები, დოკუმენტები, საგაზეთო სტატიები, პუბლიკაციები. ფოტოდოკუმენტებში აღსანიშნავია ფოტო - "ფილიპე მახარაძე 1923 წელს, ნატანები-ოზურგეთის რკინიგზის გახსნის დროს". აგრეთვე დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ ფილიპე მახარაძის უშუალო მონაწილეობას მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსებაში. 


'.$TEXT['print'].'