რატომ მიგვატოვა ყველამ - ორმეთი დახმარებას ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
რატომ მიგვატოვა ყველამ - ორმეთი დახმარებას ითხოვს

 

სოფელი სადაც ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ გარე სამყაროს მოწყდნენ

ხმაური იყო დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის თემის სოფელ ორმეთში.

30-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი სოფლის 43 - ე ქუჩაზე შეიკრიბა და მედიის წარმომადგენლებს შველა გვთხოვა.

ადგილობრივები ნიიჩნევენ, რომ სოფელი მთავრობამ მიატოვა და დღეს მხოლოდ ჟურნალისტების იმედი აქვთ.

მოსახლეობამ მთავრობა სოფლის წყლისა და გზის გარეშე დატოვების გააკრიტიკა და ხელისუფლება დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტებთან საუბარში თითქმის ყველა ერთხმად ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებას ორმეთი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება ხმებისათვის, ამის შემდეგ კი მათ წარმომადგენლებს მხოლოდ შემდეგი არჩევნების წინ ხედავენ, ისიც ისევ ხმებისათვის.

პირველ რიგში ორმეთელები ხელისუფლებისაგან რაიონულ ცენტრთან, ოზურგეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის შეკეთებას ითხოვენ, რომლის მწყობრიდან გამოსვლამაც სოფელი მძიმე მდგომარეობაში ცააგდო. რიგით მეორე კი წყლის პრობლემაა.

ორმეთელები ამტკიცებენ, რომ ბოლო 8 წელიწადში სოფელში მხოლოდ ერთი ხიდი გაკეთდა - ისიც უკუღმა - მასზე მანქანით ვერ გადახვალ:

ვალერიან კვაჭანტირაძე, სოფლის მკვიდრი - გაგვიხარდა  სტუმრად მანქანა  რომ მოვიდა. არ დადის აქ  არაფერი. გზა არაა,  კვალი არა, პატრონი არაა. განათება გააკეთეს ქუჩაში. ხუთი დღის გაკეთებულია და სამი დღე რთავდნენ.  აგერ ამ ხიდს აკეთებენ ჩვენი ბიჭები, მარა ამას დაფინანსება თუ არ ექნა მთავრობიდან, გამგეობიდან, რას იზამს მარტო ბიჭები.  მაგენი არიან მარტო  ფოსტალიონები, გადეიტანენ და გადმეიტანენ ხმებს. რა ვქნათ ჩვენ გვეხვეწებიენ აქეთ  გვერდში დგომას  და მე რანაირად დოუდგე მაგათ გვერდში. რას ვითხოვთ და ყველაფერს, ინფრასტრუქტურას, ყურადღებას, განათებას, გზას, იმიტომ რომ გვეკუთვნის.  ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ. ხანდახან კი მოდიან  აქ, დაასხამენ ბეტონს და  მერე დაგვაყვედრიან, ხომ გაგიკეთეთ  ესო, თითქოს არ იყავით ღირსიო, მაგრამ  მაინც გაგიკეთეთო.  აგერ სახლი დაიწვა და მანქანა ვერ გამოგვიყვანია, ვზიდავთ  მსუქუბუქი მანქანით „ფორდით“ 100 ცალ  ბლოკს რომ, რაღაცა  გავაკეთოთ. აქ არც ტრაქტორი დადის არც არაფერი. თქვენი იმედი მაქვს, რომ ეს გააშუქოთ  და მივიდეს ცენტრალურ ხელისუფლებამდე, რომ ჩვენ მათი მოქალაქეები, ვითხოვთ შველას  და დახმარებას. სადაც არ უნდა იკითხოთ აქ, ორმეთში    განუკითხაობაა. ავტობუსის მოსაცდელი, ელემენტარული,  ისიც  წელიწადში  ერთხელ დადის და  მოსაცდელი გაკეთებულია 5 კილომეტრში.  ერთი ცალი. ამბულატორია   წვალებით რაცხას მუშაობს,  „სკორს“  რომ გამეიძეხებ ოზურგეთიდან სანამ ჩამოვა, კაცი თითქმის მკვდარია.   რაღაცამ ხომ უნდა იფუნქციონიროს ამხელა სოფელში.

ნუგზარი აბაშიძე სოფლის მკვიდრი - თავიდან გაკეთდა აი ხიდი შეცდომით, ვერცერთი სატვირთო ვერ გადმოდის გადადიოდა მსუბუქი მანქანები მხოლოდ. აგერ გზა გვაქ, ნახავთ ალბათ,  დაათვალიერებთ, მანქანა საერთოდ ვერ ადის და გაჭირვებაში ვართ ასე, ადგილობრივი გამგეობა რომ გვყავს მადლობელი ვართ გადმოდის ხშირად ცენტრალური არ ეხმარება და რა უნდა გააკეთოს, კოტე ხომერიკია გვაქცევს ყურადღებას.  ორი წელია განცხადება გვიდევს და არაფერი არ გაკეთებულა ათი წლის მანძილზე ერთი გაკეთდა გზა და იმასაც გვამადლიან.

ვახტანგი აბაშიძე სოფლის მკვიდრი - ვითხოვთ პატარა  გზა გვქონდეს ნორმალური, რაიონულ ხელმძღვანელობიდან შეპირებები კია, კი პატარ პატარა რაღაცაებს კი აკეთებენ, ჩამოასხენ გზები ეხლა ჩახერგილი იყო ხომ ნახეთ ეხლა კონჭკათიდან წამოხვიდოდით ეხლა და ვარგა ეგ გზა? ბოთლში წყალი, რომ ჩაასხა და გახეთქილი იყოს და თავი არ ქონდეს ბოთლს ქვევიდან წყალი დადგება შიგნით?  ესეა გაკეთებული, ასევეა სუფსიდანაც. ახალი მთავრობა მოვაო და კი ვართ ასე დაპირებებით შეკეთდება და არაფერი შედეგი არაა და არავინ არაფრის მაქნისი არაა.

ქეთინო კვაჭაძე, ორმეთის მკვიდრი - მეზობელს ხანძარი გაუჩნდა. სასწრაფო და სახანძრო მანქანა ჩემს ჭიშკართან გაჩერდა, რადგან  გადათხრილი იყო  მთელი ქუჩა და მთელი წყალი ჩემს  სახლთან დაცალეს ჭიშკრის ბოლოში. დანიშნულების ადგილას ვერ მივიდნენ. გზა არ იყო და კვალი არ იყო. ამიტომ   დაიწვა  სახლი.  ზევით უარესი მდგომარეობაა. სასწრაფოც ვერ მოდის. მესამე, მეოთხე მეზობელთან  უნდა ასულიყო და ჩემთან გაჩერდა, „ვალინკები“  ვათხოვე, რომ ასულიყო დამწვარ ოჯახში. ეს 19 ოჯახის პრობლემაა. ჩვენ  პირველყოფილი ადამიანებივით ვცხოვრობთ. წყალი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს, სანიაღვრეები არაა, რაც ყველაზე მთავარია.  რომ ჩამოვდივარ აქ,  სახლიდან გახედვა მეშინია. ჩახერგილია  ერთი  გზა, მეორე  გზა,  რომელიც საცალფეხო გზა იყო.   კოტე შარაშენიძე რომ მოვიდა, შეგვპირდა, აგერ მიჭირავს  საბუთი,  რომ ეს ხიდი აღსდგება და  გზა   და კვალი გექნებათო, ასევე   სანიაღვრეებიცო, რასაც  პირველ რიგში ვითხოვთ.  მაგრამ,  გადის  წლები და  ჩვენ კი დავბერდით ამასობაში.

 

 

 

'.$TEXT['print'].'