ვინ არის 15 წლის ოზურგეთელი ცხოველთა უფლებების დამცველი ბიჭი, რომელიც წლებია მიუსაფარ ძაღლებს პატრონობს
ავტორი: გურიის მოამბე
ვინ არის 15 წლის ოზურგეთელი ცხოველთა უფლებების დამცველი ბიჭი, რომელიც წლებია მიუსაფარ ძაღლებს პატრონობს

 

ოზურგეთი, მიუსაფარი ცხოველების ქალაქად იქცა, მათი რიცხვი 250-300 შეადგენს. 

ამ ქალაქში ცხოვრობს 15 წლის ბიჭი, რომელიც წლებია მიუსაფარ ცხოველებს უვლის. 8 წლის იქნებოდა როდესაც პირველი უსახლკარო ძაღლი ბაქსა მიიკედლა და ამის შემდეგ ცხოველებზე ზრუნვა, ყოველდღიურ საქმიანობად აქცია.

ნიკოლოზ რუსიეშვილს ქალაქში ყველა იცნობს, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ყავს რამოდენიმე მიკედლებული ცხოველი და როგორც შეუძლია ცდილობს ქალაქის ტერიტორიაზე მყოფ ძაღლებს დაეხმაროს: “მათ ჩვენგან სითბო და სიყვარული სჭირდებათ, ისინი ხომ მიატოვეს და ყველაფერი აკლიათ. ვოცნებობ რომ ყველა ცხოველი ჯანმრთელად და ბედნიერად ცხოვრობდეს“- ამბობს „გურიის მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, პატარა ცხოველთა დამცველი.

 -დავიწყოთ სულ თავიდან, რამდენი წლის იყავი, რაც მიუსაფარი ცხოველების ბედით დაინტერესდი და და რა ერქვა პირველ ძაღლს რომელზეც პასუხისმგებლობა აიღე?

- პატარაობიდან ძალიან მიყვარდა ცხოველები, სახლში არ გვყავდა, მაგრამ ვგიჟდებოდი მათზე.  8-9 წლის ვიქნებოდი როდესაც შევიკედლე პირველი ძაღლი. რომელსაც ერქვა ბაქსა. თავიდან ერთი ძაღლი მყავდა, მერე მეორეც და ნელნელა ძალიან მომეწონა ეს საქმე. ფაქტიურად თამარ მდინარაძემ ამიყოლია, ყველა იცნობს მას, მსახიობია და ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს უვლის. როცა ვუყურებდი, რომ თითქმის მარტო უწევდა ამ ძაღლების მოვლა და თითოოროლა ადამიანი ეხმარებოდა, მეც დავინტერესდი და ამ სფეროში გადავეშვი.

-საკმაოდ პატარა ასაკში გაბედე ამხელა პასუხისმგებლობის აღება, ძირითადად რამ დაგაგაწყვეტინა რომ მათ დახმარებოდი, გეზრუნა მიუსაფარ ცხოველებზე?

-რადგან ცხოველები ბავშვობიდან მიყვარდა მინდოდა მათზე მეზრუნა, უცხოურ არხებზე ვუყურებდი ველური ცხოველების ცხოვრებას. ძალიან მეცოდებოდნენ, ისინი მზრუნველობის და სიყვარულის გარეშე დარჩნენ ქუჩაში, პატრონის გარეშე და ეს იყო ძირითადად რამაც მათზე ზრუნვა გადამაწყვეტინა.

-როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები, შენს „უცნაურ“ გადაწყვეტილებას?

-მართალია სახლში ცხოველები არ გვყავდა, მაგრამ ჩემს მშობლებს უყვართ ცხოველები და პირიქით საკმაოდ ნორმალურად მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება. მეხმარებიან კიდეც. თუმცა თავიდან ქონდათ კითხვები და ეშინოდათ ბეწვის გამო, ან რამის მატარებლები არ იყვნენ და არაფერი დაგემართოსო. შეეგუვნენ და ახლა იციან რომ, თუ ძაღლი გასტერილებული და აცრილია, საშიშიც არაა შესაბამისად.

ვინ არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც უვლი მიუსაფარ ცხოველებს, რამდენი ხართ და რა აქტივობებს მიმართავთხოლმე?

-ჩვენ გვაქვს ფეისბუქ ჯგუფი- „ოზურგეთის მიუსაფარი ცხოველები“. ამ ჯგუფში არიან -თამარ მდინარაძე, ქრისტინე ორაგველიძე, ანა მგელაძე, სოფია კოსტავა, ნანა მდინარაძე. დაახლოებით ათამდე ადამიანი ვართ. ამ ჯგუფის გარეშეც არიან ადამიანები, რომლებსაც სოციალური ქსელები არ აქვთ, მაგრამ აჭმევენ და პატრონობენ მიუსაფარ ცხოველებს.

წინა წლებთან შედარებით არის პროგრესი, ადრე რომ ვაჭმევდით ამ ცხოველებს, ხალხს გიჟები ვეგონეთ, ახლა ცოტა უკეთესობისკენ შეიცვალა დამოკიდებულებები. ხშირად გამიგია ხალხს უთქვამს ასეთ ადამიანებზე, გააბდლებულაო. მაგრამ უკვე საქართველოს მაშტაბით, უამრავი ადამინი ზრუნავს და სულ სხვა კუთხით უყურებენ ამ პასუხისმგებლობას.

ოზურგეთშიც ნელ-ნელა საზოგადოება მიეჩვია და მიხვდა, რომ მათ სიყვარული და ზრუნვა სჭირდებათ. რამოდენიმე რესტორანი და მაღაზიაა რომლებსაც ყავთ მიკედლებული ცხოველები, უვლიან, აჭმევენ. ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა და ფეხი მოიდგეს ამ სფეროში. თუმცა, მაინც არიან ქალაქში ისეთებიც, ვისაც არ სიამოვნებთ ქუჩის ცხოველები.მაგრამ საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხვდებიან. რომ არ გადმოაგდებენ ხომ აღარ გამრავლდება. რა ქნან ამ ცხოველებმა, უკვე არსებობენ და ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ.

შენს სამომავლო გეგმებზე რას მეტყვი? ცხოველებისადმი შენი სიყვარული და დამოკიდებულება პროფესიის არჩევაზე  ხომ არ მოახდენს გავლენას?

-მე არ მინდა მქონდეს ერთი პროფესია. ერთ-ერთ პროფესიად არ გამოვრიცხავ ვეტერინარიას, თუმცა ჯერ მინდა ბიზნესი და მეცნიერებები ვისწავლო. ორი, ან სამი პროფესია მინდა მქონდეს. ანუ ჩემმა ძირითადმა პროფესიამ უნდა მომცეს შესაძლებლობა, მერე უკეთ მივხედო მიუსაფარ ცხოველებს. თავშესაფრის წინააღმდეგი ვარ, ვოლიერებში ცხოველები არუნდა ცხოვრობდნენ. იყვნენ ქუჩაში და უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა გვქონდეს, რომ მათ მზრუნველობა და სიყვარული არ მოვაკლოთ.უნდა ჩაუტარდეთ მასიური სტერილიზაცია-კასტრაცია, ამაზე დაწყებულია უკვე ადგილობრივ უწყებებში საუბარი და ეს ძალიან კარგი იქნება. ძალინ მნიშვნელოვანია მათი პოპულაციის მართვა. ამ ეტაპზე გადართული ვარ სწავლაზე, კარგად ვსწავლობ და ესაა ჩემი მთავარი პრიორიტეტი.

 მთავარი ოცნება, რომელიც რადიკალურად შეცვლიდა შენს ცხოვრებას?

 

-ჯერჯერობით რაც მიუღწეველი ოცნება მაქვს არის ის, რომ ეს ცხოველები იყვნენ ჯანმრთელები, დაცულები, ბედნიერები... ალბათ ეს ვერ მოხერხდება სრულყოფილად.

 

ვინ არის ნიკოლოზ რუსიეშვილი?

-ძალიან ჩვეულებრივი ბიჭი ვარ...მეგობრები ამბობენ რომ პასუხისმგებლიანი ვარ, მეგობრული და სანდო...ძალიან უბრალო ბიჭი ვარ მინდა ვისწავლო და მერე დავეხმარო მიუსაფარ ცხოველებს. 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'